Toyota FT-1 Concept previews a future we want to
live in
14 იანვარი
ეს ყველაფერი ასე უნდა გავიგოთ - „ტოიოტა“ ძველი დიდების
საფუძველზე, მორიგ ტრიუმფულ სვლას გეგმავს, რომლის დასაწყისიც, ახალი „სუპრას“
გამოშვება შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ბაზარი ამ ავტომობილს მოუთმენლად
ელის და კონცეპტუალური FT-1 შესაძლოა „სუპრას“ პირველი მახარობელიც კი იყოს.
აბრევიატურაც ხომ ასე იშიფრება - „მომავლის ტოიოტა-1“, ანუ მას ალბათ მეორეც
მოჰყვება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ კონცეპტის სახით, იაპონური კომპანიის
მომავალს ვხედავთ.
„ტოიოტა FT-1-ის“ პრემიერა დეტროიტში გახსნილ
საერთაშორისო მოტორ შოუზე შედგა. ეს ავტომობილი იაპონური კომპანიის კალიფორნიულ
ტექნიკურ ცენტრ „ქელტის“ დიზაინის კვლევის გუნდმა შეიმუშავა. ავტომობილის გარეგნობაში,
ცოტა არ იყოს, უცნაურად მოჩანს მისი ცხვირი, რომელიც რადიატორს ორ ნაწილად ჰყოფს.
ის შეიძლება „ტოიოტას“ პრემიუმ ბრენდ „ლექსუსის“ კონცეპტ LF-LC-საც შევადაროთ.
მაგრამ მთლიანობაში, ავტომობილის სტილში, ძველი „სუპრას“ და მისი წინამორბედების -
„ტოიოტა სპორტს 800-ის“ და „ტოიოტა 2000 GT-ს“ გავლენაც იგრძნობა.
ისევ „სუპრა“... თუმცა გასაკვირი აღარაფერი
დაგვრჩება, როდესაც „ქელტის“ სტუდიის მთავარ დიზაინერ ალექს შენის კომენტარს
წავიკითხავთ: „ჩვენმა გუნდმა „ტოიოტას“ სპორტული ავტომობილების წარსულის გავლენის ქვეშ
იმუშავა. კერძოდ, ვგუისხმობ „სელიკას“ და „სუპრას“. ვფიქრობ, ჩვენს პროდუქტში
წარსულის მცირე ნაწილს აღმოაჩენთ. ეს არის აგრესიული, ტრეკზე ფოკუსირებული სპორტული
ავტომობილის კონცეპცია, რომელმაც მნახველზე წარუშლელი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს“.
შესაძლოა, FT-1 მოგწონდეთ, ან პირიქით, მაგრამ
ფაქტია, რომ ის სხვა ავტომობილებში არ აგერევათ. და თუ „ტოიოტას“ ძველ სპორტსმენებზე
მცირე არმოდგენაც გაქვთ, მაშინ ამ კონცეპტში იმ სიძველესთან ნთესაობასაც
აღმოაჩენთ. ეს კი ნიშნავს, რომ „ქელტის“ სტუდიის სპეციალისტებმა კარგად იმუშავეს.
სხვათა შორის, მათ საშუალება ჰქონდათ, ტრეკზე გამოეცადათ ისეთი სუპერ
ავტომობილები, როგორებიცაა „ფერარი 458 იტალია“, „პორშე 911“ და „ლამბორგინი
გალარდო“. ეს ყოველი შემთხვევისთვის, წარმოდგენა რომ ჰქონდათ, რა ტიპის
ავტომობილის შექმნა დაევალათ...
საინტერესოა, რომ დეტროიტში წარმოდგენილი
ავტომობილი აგრეგატის გარეშეა. იაპონური კომპანია ამის მიზეზს არ განმარტავს.
როგორც ჩანს, მის მიზანს მხოლოდ სტილის ჩვენება წარმოადგენდა. სამაგიეროდ, ცნობილი
გახდა, რომ კონცეპტი თავიდან შეიქმნა, როგორც „სონი პლეისტეიშნის“ პოპულარულ თამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ პერსონაჟი.
ავტომობილის ციფრული ვერსიის შემუშავებაში მონაწილეობა, კომპანია „პოლიფონი დიჯიტალის“
სპეციალისტებმაც მიიღეს.
No comments:
Post a Comment