Ford's Lighter and More Efficient All-New 2015
F-150 Officially Revealed
14 იანვარი
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტომობილი, „ფორდის“
ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისია. მასზე არაერთი ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება,
რომელთა წყალობითაც, პიკაპმა F-150-მა უნდა განიმტკიცოს არამხოლოდ პიკაპების
სეგმენტის, არამედ მთლიანად, ამერიკული ბაზრის უპირობო ლიდრის პოზიცია, რომელსაც
უკვე 30 წელიწადზე მეტია, არავის უთმობს.
ახალი, მე-13 თაობის „ფორდ F-150-ის“ მსოფლიო
პრემიერა დეტროიტში გახსნილ საერთაშორისო მოტორ შოუზე შედგა. ცისფერი ოვალი
სიამაყით გვამცნობს, რომ ამ ავტომობილზე 11 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეა დანერგილი,
რომელთაგან ყველაზე მთავარი ორი - ალუმინისგან დამზადებული ძარა და სერია
ეკობუსტის ძრავია. „ყველა დროის ყველაზე მტკიცე, საზრიანი და მრავლისშემძლე F-150“,
- ასე მონათლეს ამერიკული კომპანიის მარკეტოლოგებმა თავიანთი ახალი ბესტ სელერი,
რომელიც ბაზარზე წლის ბოლოს გამოვა.
ახალი პიკაპი, სრულიად ახალ, ზემტკიცე ფოლადისგან
შეკრულ ლონჟერონულ ჩარჩოზეა აგებული, რომლის გრეხვისადმი მედეგობის ზღვარი 70 000
პასკალს აღწევს. ძარა კი, როგორც უკვე ითქვა, ალუმინისაა, რისი წყალობითაც, დებიუტანტმა
წინამორბედთან შედარებით, წონაში თითქმის 320 კილოგრამი დაიკლო. და მაინც,
ავტომობილი 2.3 ტონას იწონის (3.5-ლიტრიანი V6-ით აღჭურვილი ვერსია).
ძრავების გამაში ეკობუსტის ორი აგრეგატი შედს,
რომელთაგან 2.7-ლიტრიანი ტურბო V6 სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიმუშავეს.
სხვათა შორის, ძრავს ისეთ მძიმე პირობებში ჩაუტარდა ტესტირება, როგორიც უგზოობის მარათონული
რბოლა ბახა 1000-ია, რომელიც კალიფორნიის ნახევარკუნძულის მექსიკის ნაწილში ტარდება.
„ფორდს“ ამ ძრავის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია - ამას გაყიდვების დაწყებამდე
მოასწრებს. ჯერჯერობით მხოლოდ ის გვაუწყა, რომ მომცრო ეკობუსტის სიმძლავრე V8 ძრავების
დონეზეა, საწვავს კი იმდენსავეს მოიხმარს, რამდენსაც უფრო პატარა ოთხცილინდრიანი
ძრავები.
ეკობუსტის ორი ძრავის გარდა, გამაში ასევე 3.5-ლიტრიანი
ატმოსფერული V6 და 5.0-ლიტრიანი V8 შედის. 2.7-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილი
ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შედის ავტომატური სისტემა სტოპ-სტარტი, რომელიც
საწვავის ხარჯს კიდევ უფრო ამცირებს. ტურბო ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების რადიატორები
აქტიური ჟალუზებით არის აღჭურვილი, რაც საჭიროების შემთხვევაში, გაგრილებას
აძლიერებს, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კი იკეტება და აეროდინამიკას აუმჯობესებს.
ძრავებთან ასევე უახლესი, 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც
„ფორდის“ და „ჯენერალ მოტორსის“ სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს.
გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია 360-გრადუსიანი
ვიდეოკამერით, საბარგულის სპეციალური სამაგრებით, შუქდიოდური წინა ფარებით, გარე
სარკეების გამნათებლები და სხვა. შეიცვალა სალონის გაფორმებაც, სადაც ცენტრალურ
კონსოლზე 8-დუიმიანი, მრავალფუნქციური მონიტორი მოთავსდა. აქვე არის სისტემები: SYNC,
მასთან ინტეგრირებული სისტემით „მაიფორდ ტაჩ“, აღმართში დაძვრის დამხმარე სისტემა,
„მაიკეი“, უკან ხედვის კამერა და სხვა.
უმაღლეს
დონეზეა უსაფრთხოებაც, რომელშიც არაერთი დამხმარე სისტემა შედის. სიახლეთა შორისაა
მეორე რიგის სავარძლების დასაბერი უსაფრთხოების ღვედები, მოსახვევის კონტროლი, რაც
მაღალი სიჩქარით მოსახვევის გავლისას დაგეხმარებათ, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი,
რომელსაც რადარი უძღვება, ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა და სხვა.
No comments:
Post a Comment