Ford Mustang 1 Concept Brings its Tiny V4 Engine
to Detroit
15 იანვარი
ახლახანს „ფორდმა“ თავის პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“
მეექვსე თაობა გაგვაცნო. პრემიერა ამ ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 50 წლის
იუბილეს დაემთხვა და ამ მოვლენის აღსანიშნავად, ცისფერი ოვალი არაერთ საზეიმო ღონისძიებას
გეგმავს. რა თქმა უნდა, მათი მთავარი პერსონაჟი „მუსტანგი“ იქნება.
დეკემბერში, მსოფლიოს ექვს ქალაქში ჩატარებული პრეზენტაციის
შემდეგ, „მუსტანგის“ ჩვენებათა სერია ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკისა (სადაც
შოუს ოფიციალური ავტომობილი იყო) და დეტროიტის მოტორ შოუზე გაგრძელდა. ამასთან, დეტროიტში
მოულოდნელად ავტომობილის ღია ვერსიაც გამოჩნდა. იქვე ამერიკული კომპანიის სტენდზე პირველი
კონცეპტუალური მუსტანგის ხილვაც შეიძლება, ავტომობილისა, რომელსაც „მუსტანგ 1“
ჰქვია.
„მუსტანგის“ ისტორია სწორედ ამ ავტომობილით
(ფოტოზე) დაიწყო, რომელიც დირბორნელებმა 1962 წელს, ლეგენდარული ლი იაკოკას
ხელმძღვანელობით შექმნეს. ეს იყო ორადგილიანი ავტომობილი, რომელსაც კონკურენცია „ჯენერალ
მოტორსის“ კუპე „კორვერ მონცასთვის“ უნდა გაეწია და რომელიც არ უნდა ყოფილიყო
ძვირი.
იმ დროს „ფორდის“ მთავარმა დიზაინერმა და
აღმასრულებელმა სტილისტმა ჯონ ნაიარ ფერზელიმ (ლიბანური წარმოშობის) არჩევანი
ძრავის (1.5-ლიტრიანი V4) შუა პოზიციაზე შეაჩერა, რომლის გაგრილებასაც მანქანის გვერდებზე
განლაგებული ორი რადიატორი ემსახურებოდა. მანვე კონცეპტის სახელად „მუსტანგი“ შეარჩია
- ფერზელი ავიაციის ენთუზიასტი იყო და განსაკუთრებით ლეგენდარულ საბრძოლო
თვითმფრინავ „P-51 მუსტანგს“ ეთაყვანებოდა.
ამ ავტომობილის პირველი ჩვენება 1962 წლის
ოქტომბერში, უოტკინს გლენის (ნიუ იორკი) დიდი პრიზის (ფორმულა ერთის რბოლის) წინ
შედგა. ავტომობილი ტრეკზე ფ1-ის მრბოლმა დენ გარნიმ გამოიყვანა. მართალია,
გამოსვლა საჩვენებელი იყო, მაგრამ გარნის დრო ოდნავ ჩამორჩებოდა ფ1-ის ბოლიდების
დროს. ამის შემდეგ, ავტომობილი არაერთ შოუზე წარადგინეს, რომლებზეც გაირკვა, რომ
ამ სახით მას ბევრი მყიდველი არ ეყოლებოდა. ამიტომ, მეორე „მუსტანგის“ შემუშავება
გადაწყდა.
დიზაინერთა ჯგუფმა (კოდური სახელწოდებით ალეგრო),
რომელსაც იუჯინ ბორდინატი ხელმძღვანელობდა, მალე მეორე, რადიკალურად განსხვავებული
„მუსტანგი“ შეიმუშავა. სულ კი მისმა ჯგუფმა 13 ცალი კონცეპტუალური „მუსტანგი“
შექმნა. „მუსტანგ 2“ სერიულ „ფორდ ფალკონის“ ბაზაზე შეიქმნა და ეს ოთხადგილიანი ავტომობილი
იყო, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
პირველმა
კონცეპტუალურმა „მუსტანგმა“ კი „ფორდს“ გარაჟში გადაინაცვლა და ხანდახან მას
მუზეუმებს ათხოვებდნენ ხოლმე. 1982 წლიდან კი ჰენრი ფორდის სახელობის მუზეუმის
მუდმივი ბინადარი გახდა.
No comments:
Post a Comment