დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 24, 2013

ფეტელი: დიდი გუნდები სიახლეებს ალღოს მალე აუღებენ

Sebastian Vettel: F1's big teams will cope best with rule changes
24 დეკემბერი
ლუის ჰამილტონისგან განსხვავებით, სებასტან ფეტელი თვლის, რომ რეგლამენტის რადიკალური ცვლა დიდ გუნდებს სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის, რადგან მათ აქვთ ყველა საშუალება და გამოცდილება იმისათვის, რომ ახალ წესებს მალე აუღონ ალღო და თავიდანვე ტიტულისთვის ბრძლაში ჩაერთონ.
ბევრი თვლის, რომ ტურბო ძრავებზე (1.6-ლიტრიან V6-ზე) გადასვლა და ახალი აეროდინამიკური რეგულაციები, პატარა გუნდებს მოწინავეების დაწევის საშუალებას მისცემს. მაგრამ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ასე არ თვლის და დარწმუნებულია, რომ დიდ გუნდებს, როგორიცაა „რედ ბული“, საკმარისი რესურსები აქვთ იმისათვის, რომ ახალ რეგლამენტთან სწრაფი ადაპტაცია შეძლონ. და მაინც, ამის მიუხედავად, მომავალ სეზონზე ის პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს.
„ძალიან ძნელი სათქმელია, რა მოლოდინი შეიძლება მომავალ სეზონთან დაკავშირებით გვქონდეს. ბევრ კითხვას ახალი ძრავი და მასთან დაკავშირებული წესები ბადებს. ახლა ვერავინ ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რა იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდ გუნდებს ისევ წინ ვნახავთ. ჯერ ძნელი სათქმელია, რა განლაგება იქნება პელოტონში და რა განსხვავება იქნება მათს დროებს შორის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ 100 კილოგრამი საწვავი იქნება და ჩვენ ამის ოპტიმალურად გამოყენებას უნდა მივეჩვიოთ“, - ამბობს ფეტელი.
გერმანელის ახალი თანაგუნდელი დანიელ რიკიარდოც ჩემპიონის მოსაზრებას იზიარებს. მას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ თუნდაც დასაწყისში „რედ ბულს“ გაუჭირდეს, სეზონის მეორე ნახევარში ის მაინც შეძლებს სიტუაციის შემობრუნებას. უფრო მეტიც, ავსტრალიელი ამბობს, რომ პირველი ოთხი-ხუთი რბოლის შემდეგ, მოწინავე გუნდები გამოიკვეთებიან.
ამასთან, მას უჭირს იმის თქმა, შეძლებენ თუ არა საშუალო საჯინიბოები ტოპების დაწევას. „ძალიან გამეხარდება, თუ ყველა შეძლებს ამას. არავის უნდა, რომ ხუთწამიანი განსხვავებები იყოს პირველ და ბოლო მანქანას შორის“, - ამბობს რიკიარდო.

No comments:

Post a Comment