Motor racing -Hulkenberg joins Force India for
2014
3 დეკემბერი
ნიკო ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ დაბრუნდა და მისი
ავტომობილით, ფორმულა ერთის მომავალ სეზონში იასპარეზებს. ეს ინფორმაცია
სილვერსტოუნზე ბაზირებულმა გუნდმა დღეს გაავრცელა. 26 წლის ჰულკენბერგმა ვიჯეი
მალიას გუნდში 2012 წლის სეზონი გაატარა, მანამდე ერთი სეზონის განმავლობაში კი
მისივე ტესტ პილოტი იყო.
„მიხარია, რომ „საჰარა ფორს ინდიას“ ვუბრუნდები.
გუნდს მომავალი სეზონისთვის მაღალი მიზნები აქვს დასახული და იმედი მაქვს, რომ ის
გამოცდილება, რომელიც მე წინა წლებში დავაგროვე, ამ მიზნების მიღწევაში
დამეხმარება“, - ამბობს ჰულკენბერგი, რომელმაც გასული ჩემპიონატი „ზაუბერში“
გაატარა და მეათე ადგილზე დაასრულა.
ოპტიმისტურადაა განწყობილი „ფორს ინდიას“
დამაარსებელი და მმართველი დირექტორი ვიჯეი მალია, ვინც ამბობს, რომ ფორმულა ერთის
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მრბოლის მოსვლით, მისი საჯინიბო, გასულ სეზონში
მოპოვებული პოზიციის (მეექვსე ადგილი კონსტრუქტორთა პირველობაზე) გამყარებას შეძლებს
და მის საფუძველზე, უფრო მეტის მისაღწევად იბრძოლებს.
„როცა მან ჩვენთან ერთად 2012 წლის სეზონი ჩაატარა,
აშკარა გახდა, რომ ნიკო გამორჩეული ნიჭის მქონე პილოტია. მას წელსაც კარგი შედეგები
ჰქონდა. ჩვენს გუნდში ნიკოს დაბრუნება სერიოზული განაცხადია და ყველას სტიმულს
აძლევს ახალი სეზონის წინ“, - განაცხადა მალიამ, ვინც არ მალავს, რომ „ფორს ინდიას“
ახალი სეზონისთვის უფრო ამბიციური მიზნები აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მისი
გუნდისთვის საუკეთესო სეზონი იქნება.
სავარაუდოდ, „ფორს ინდია“ თავის ახლანდელ ორივე
პილოტს - ბრიტანელ პოლ დი რესტას და გერმანელ ადრიან სუტილს გაუშვებს.
ჰულკენბერგის თანაგუნდელად კი მექსიკელ სერხიო პერესს აიყვანს.
No comments:
Post a Comment