Suzuki Authentics sedan will be made in China
3 დეკემბერი
სედანს სახელად „აუთენტიკსს“, რომელიც „სუზუკიმ“ კონცეპტუალური
სახით შანჰაის მოტორ შოუზე წარადგინა, იაპონური კომპანია ჩინეთში, თავის ერთობლივ
საწარმო „ჩანგან-სუზუკის“ ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ქალაქ ჩუნცინში მდებარეობს.
„აუთენტიკსი“ C სეგმენტის სედანია, რომელიც სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის შეიქმნა.
ცისქვეშეთში ის კონკურენციას „შევროლე კრუზს“, „ოპელ ასტრას“ და „შკოდა ოქტავიას“
გაუწევს.
გამოცემა „ჩაინა ნიუსის“ ინფორმაციით, სედანი „სუზუკი
S-ქროსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ამ ქროსოვერის ჩინეთში გაყიდვებს იაპონური
კომპანია ახალი წლიდან დაიწყებს. პლატფორმის გარდა, სედანი ქროსოვერისგან
ძრავებსაც გაიზიარებს. ესენია 1.6 და 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატები.
პირველი 122 ცხენის ძალას და 158 ნიუტონმეტრს ავითარებს. მეორის მონაცემები
ჯერჯერობით უცნობია. ორივე ძრავის შემთხვევაში, მასთან 5-საფეხურიანი მექანიკური
კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი წყვილდება.
სედან „აუთენტიკსის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 300
მილიმეტრი, სიგანე 1 765 მილიმეტრი და სიმაღლე 1 585 მილიმეტრი. ბორბლებს
შორის ბაზის სიგრძე 2 600 მილიმეტრს შეადგენს. ეს არის „სუზუკის“ პირველი მოზრდილი
სედანი, რომელსაც ჩინური ბაზრისთვის ჩინეთშივე გამოუშვებენ. ამ სეგმენტში იაპონური
კომპანია ამჟამად ცისქვეშეთში სედან „კიზაშის“ ჰყიდის, რომელიც იქ უცხოეთიდან
შეაქვთ. თუმცა, ეს ავტომობილი იქ იმდენად უცნობი და ძვირია, რომ ცუდად იყიდება. „აუთენტიკსმა“
კი, რომლისთვისაც სპეციალური სამარკეტინგო კამპანიაც იგეგმება, სიტუაცია რადიკალურად
უნდა შეცვალოს.
„სუზუკი“
სედან „აუთენტიკსის“ წარმოებას 2014 წელს დაიწყებს.
No comments:
Post a Comment