McLaren P1 is sold out
14 ნოემბერი
წელს სუპერ ავტომობილების ბაზარზე ერთბაშად სამი
შედვრი გამოჩნდა. მაგრამ მყიდველთათვის არჩევანი უკვე ერთამდე შემცირდა - „ფერარიმ“
თავისი „ლაფერარი“ პრემიერამდე გაჰყიდა, ახლახანს გამოცემა „ტოპ გიარმა“ გამოაცხადა,
რომ „მაკლარენსაც“ 375-ვე P1-ზე, რომლების გამოშვებასაც აპირებს, შეკვეთები უკვე
მიღებული აქვს. ამგვარად, ბაზარზე მხოლოდ „პორშე 918 სპაიდერი“ რჩება.
როგორც ირკვევა, ბრიტანული კომპანია ძალიან გააოცა
ამ ფაქტმა. ყოველ შემთხვევაში, „ტოპ გიართან“ საუბრისას, უოკინგელთა წარმომადგენელმა
შემდეგი განაცხადა: „ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ყველა ავტომობილი მათი მიწოდების
დაწყებიდან ერთ წელიწადში გაგვეყიდა. მიწოდება სექტემბერში დავიწყეთ, როცა ჩვენს
კომპანიას დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. ჟენევის შოუდან მოყოლებული, ავტომობილზე
დიდი მოთხოვნა იყო. მაგრამ ის უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც „ტოპ გიარმა“ თავისი
ტესტის რეპორტაჟი გამოაქვეყნა და მომხმარებლებისგანაც პირველი გამოხმაურებების
მიღება დავიწყეთ. საბოლოოდ კი მიზანს გაცილებით ადრე მივაღწიეთ, ვიდრე ვგეგმავდით“,
- ამბობს „მაკლარენის“ წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენ P1“ 1.0 მილიონი ევრო
ღირს. ბრიტანულ კომპანიას მხოლოდ 12 ცალი P1 აქვს დამზადებული და ყველა ევროპელი
შემკვეთებისთვისაა განკუთვნილი. სხვა ბაზრებიდან შეკვეთილი ავტომობილების წარმოება
ჯერ არ დაწყებულა. სხვათა შორის, „მაკლარენს“ შეკვეთების მიღება ჯერ დასრულებული
მაინც არ აქვს. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე თავის შეკვეთას გააუქმებს. ამგვარად
გამოდის, რომ P1-ზე რიგი იმ ეგზემპლარებზეც დგას, რომლების წარმოება არც კი
იგეგმება.
„მაკლარენ P1“ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი,
რომლის ჯამური სიმძლავრეც 916 ცხენის ძალას აღწევს. სისტემაში მთავარი
3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავია, რომელთან ტანდემშიც ელექტრო ძრავი
მუშაობს. შიდაწვის ძრავთან 7-საფეხურიანი ორქუროიანი რობოტიზებული კოლოფია
დაკავშირებული, ელექტრულ ძრავს კი ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ
აგრეგატებით, ავტომობილს ადგილიდან 100-ის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, 200-ს 7.5 წამში
აღწევს, 300-ს კი - 17 წამში. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.
მოკლედ,
დიდი სამეულიდან ასარჩევი მხოლოდ „პორშეს“ ასევე ჰიბრიდული სუპერი რჩება, რომელსაც
გერმანული კომპანია მხოლოდ 918 ცალს დაამზადებს.
No comments:
Post a Comment