Motor racing-Magnussen replaces Perez at McLaren
for 2014
14 ნოემბერი
მას შემდეგ, რაც სერხიო პერესმა „მაკლარენთან“
დაშორების შესახებ ტვიტერით გამოაცხადა და ეს ინფორმაცია უოკინგელთა შეფმა მარტინ
უიტმარშმაც არაოფიციალურად დაადასტურა, უკვე ფორმალობა იყო გუნდის მიერ პერესის
შემცვლელად კევინ მაგნუსენის დასახელება. და ოფიციალურმა ინფორმაციამაც არ დააყოვნა
- „მაკლარენმა“ მოკლე რელიზი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებს, რომ მომავალ სეზონში
ჯენსონ ბატონს თანაგუნდელად დანიელი მრბოლი ეყოლება.
„სიხარულით გაუწყებთ, რომ კევინი „მაკლარენის“
წევრი გახდა და ჯენსონთან ერთად იასპარეზებს“, - განაცხადა უიტმარშმა. ამგვარად, 2007
წლის სეზონში ლუის ჰამილტონის შემდეგ, მაგნუსენი პირველ ახალბედაა, რომელსაც „მაკლარენი“
საპრიზო პილოტის როლში იწვევს. შეგახსენებთ, რომ კევინი „მაკლარენის“ და „იაგუარის“
ყოფილი პილოტის, იან მაგნუსენის შვილია.
ჰამილტონის მსგავსად, 21 წლის მაგნუსენიც „მაკლარენის“
პროტეჟეა - ბრიტანული საჯინიბო მას პატარაობიდან მფარველობს. ამ სეზონში დანიელმა მრბოლმა
ფორმულა რენო 3.5-ის სერია მოიგო, რის შემდეგაც, GP2-ში გადასვლას გეგმავდა, თუმცა
მოულოდნელად „მაკლარენმა“ საპრიზო პილოტის ადგილი შესთავაზა. რა თქმა უნდა, ამ
გამოწვევას ახალგაზრდა მრბოლი მაშინვე დათანხმდა.
„ბავშვობიდან „მაკლარენის“ მანქანის მართვაზე ვოცნებობდი.
და ალბათ გადაჭარბებაში არ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების თითქმის
ყოველი დღე ამ ოცნების ასრულებას მივუძღვენი. დღეს, როცა უკვე „მაკლარენის“ წევრი
ვარ, ვიტყვი - ბიჭებო, მე თქვენ იმედებს არ გაგიცრუებთ“, - ამბობს მაგნუსენი და
დასძენს, რომ ბატონის სახით, მას „აბსოლუტურად იდეალური თანაგუნდელი ჰყავს“.
„ის ძალიან სწრაფი პილოტია და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,
უზარმაზარი გამოცდილებაც აქვს და ტექნიკური თვალსაზრისით შეუდარებელია. ის ფორმულა
ერთის მსოფლიო ჩემპიონია და იმედი მაქვს, რომ მალე ჩემპიონი მეც გავხდები. მანამდე
კი მისგან ბევრი რამის სწავლის იმედი მაქვს“, - დასძენს მაგნუსენი.
თავის ახალი პილოტს ძალიან აქებს უიტმარში: „როცა
ის ჩვენი მანქანით ტესტებზე გამოდიოდა, ყოველთვის გვაოცებდა თავისი სისწრაფით და
მეთოდურობით. გუნდის ინჟინრებთან მისი ურთიერთობა კი პირველი კლასისაა“.
No comments:
Post a Comment