დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 26, 2013

კარლოს ტავარესი „პეჟოს“ უხელმძღვანელებს

Carlos Tavares, Ex-Renault COO, to Become Peugeot CEO
26 ნოემბერი
„პეჟოს“ მალე ახალი მთავარი აღმასრულებელი ეყოლება, რომლის სახელიცაა კარლოს ტავარესი (ფოტოზე). ეს კაცი ახლახანს „რენომ“ მთავარი საოპერაციო მოხელის პოსტიდან დაითხოვა, რაც ნომენკლატურულად, კომპანიის მეორე უმაღლესი თანამდებობაა. შეგახსენებთ, რომ დათხოვნის მიზეზი ტავარესის განცხადება გახდა, რომელშიც მან რომელიმე დიდი საავტომობილო კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა.
ტავარესი „PSA პეჟო სიტროენის“ დირექტორთა საბჭოს წევრი 1 იანვრიდან გახდება, მოგვიანებით კი „პეჟოს“ მთავარი აღმასრულებლის პოსტს ჩაიბარებს, რომელზეც ამჟამად ფილიპ ვარენი მუშაობს. ვარენი ტავარესთან ერთად მანამ იმუშავებს, სანამ ტავარესი კომპანიის საქმეებში სრულად გაერკვევა. ფრანგული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, რაც წაგებაზე მუშაობს და უზარმაზარ თანხას კარგავს. კრიზისის დასაძლევად, „პეჟო“ სამუშაო ადგილებს ამცირებს და საწარმოებს ხურავს, მაგრამ ამით საქმის გამოსწორება ვერ ხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლომები მოლაპარაკებას აწარმოებენ ჩინურ კომპანია „დონფენთან“, რომელსაც „პეჟოს“ აქციების სოლიდური პაკეტის შეძენა სურს. სამაგიეროდ, ფრანგული კომპანია საბრუნავი თანხის მიღებას იმედოვნებს. არსებობს მოსაზრება, რომ მთავარი აღმასრულებლის შეცვლის მიზანს, სწორედ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკების წარმატებულად დასრულება წარმოადგენს. ვარენი პეჟოს ოჯახის ახლობელია, მაგრამ ტავარესზე არჩევანი, მისი გამოცდილების გამო შეჩერდა.
თუ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, „დონფენი“ „პეჟოს“ თანამფლობელი გახდება. სხვათა შორის, ტავარესი ჩინური საავტომობილო კომპანიისთვის ნაცნობი სახეა - თავის დროზე, სწორედ ის იყო „დონფენსა“ და „რენოს“ შორის ღრმა პარტნიორული ურთიერთობის დაწყების მოთავე.

No comments:

Post a Comment