Ross Brawn to leave Mercedes at the end of the current
F1 season
29 ოქტომბერი
ფორმულა ერთში კვამლი უცეცხლოდ რომ არ არსებობს,
კიდევ ერთხელ დასტურდება - ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ სეზონის
ბოლოს, „მერსედესს“ მისი შეფი როს ბრაუნი დატოვებს. ეს ვარაუდი ჯერ კიდევ მაშინ
გამოითქვა, როცა სამქიმიანებში „მაკლარენიდან“ პადი ლოუ გადავიდა, „უილიამსიდან“
ტოტო ვოლფი მივიდა და ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლი ნიკი ლაუდას ჩაბარდა. ეს კაცი
ამჟამად გუნდის ტექნიკურ შტაბს უძღვება და ამ საქმეში, ნაწილობრივ სწორედ ბრაუნის
მოვალეობას ასრულებს.
ბრაუნის დამსახურებაა ის, რომ „მერსედესის“ გუნდის
ინფრასტრუქტურა, თანამედროვე დონეზე ჩამოყალიბდა. მან სამქიმიანებში არაერთი
ძლიერი სპეციალისტი მიიყვანა შტუტგარტული კომპანია კი დაარწმუნა, რომ
მნიშვნელოვანი გაფართოების გარეშე, უმაღლესი მიზნების მიღწევა შეუძლებელია.
ბიბისის ინფორმაციით, გერმანულ კომპანიასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ,
ბრაუნმა წასვლა გადაწყვიტა.
„მერსედესს“ ბრაუნის შენარჩუნება სურდა, მაგრამ მის
როლს გუნდის მართვაში ამცირებდა. ბრაუნმა თავისი ფუნქციების სრულად შენარჩუნება
მოითხოვა, მაგრამ უარი მიღო, რაზეც ის არ დათანხმდა. საით წავა გამოცდილი მენეჯერი
და ინჟინერი, რომელსაც ფ1-ში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს (25 წელზე
მეტია, აქ მუშაობს), ეს ჯერ ალბათ თავადაც არ გადაუწყვეტია.
ერთი პირობა იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ერთი წლით
დაისვენებს. ამბობდნენ იმასაც, რომ „ჰონდას“ ძრავების პროექტის ხელმძღვანელის როლს
გადაიბარებს. მაგრამ იმავე ბიბისის ინფორმაციით, ბრაუნს ასეთი პერსპექტივა არ
ეპიტნავება, რადგან თავის დროზე, როცა „ჰონდას“ გუნდს ხელმძღვანელობდა, იაპონიაში
ხშირი ვოიაჟი უწევდა, რაც ძალიან არ მოსწონდა. კიდევ ერთი ვერსიით, ბრაუნი „მაკლარენში“
გადავა. დაბოლოს, დიდი შანსია იმისა, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა მუშაობა FIA-ში
დაიწყოს. ბრაუნი წლების განმავლობაში, FIA-ს პრეზიდენტ
ჟან ტოდტთან ერთად, „ფერარიში“მუშაობდა. ეს ის წლები იყო, როცა მიხაელ შუმახერმა სისხლისფერი
კვიცებით ზედიზედ ხუთი ტიტული მოიპოვა.
რაც
შეეხება „მერსედსს“, ბრაუნის ნცვლად მას ალბათ ორი შეფი ეყოლება - ტოტო ვოლფი სამქიმიანების
ფინანსებს და პოლიტიკურ საქმიანობას უხელმძღვანელებს (შესაბამისი შტოს აღმასრულებელი
დირექტორის პოსტს დაიკავებს), პადი ლოუ გუნდის ტექნიკური დეპარტამენტის აღმასრულებელი
დირექტორი გახდება.
No comments:
Post a Comment