დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 25, 2013

კონცეპტუალური „ნანუკი“ – „პარკური“ ოთხი რგოლით

Audi Nanuk Concept likes Parcour, puts four rings on it
25 სექტემბერი
შესაძლოა, ამ ავტომობილის გარეგნობა ბევრს თვალში არ მოუვიდეს და ამის გამო დაიწუნოს კიდეც, მაგრამ ძალიან შეცდება, რადგან სწორედ გარეგნობა ახასიათებს მას ზუსტად ისეთად, როგორიც აგებულება და ბუნება აქვს. ეს არის ერთდროულად სპორტული სუპერ ავტომობილიც და ყველგანმავალიც, რომელსაც არც ქვიშის შეეშინდება, არც თოვლის და ყინულის, არც ქვა-ღორღის. ასფალტზე ხომ ისე გრძნობს თავს (ტესტები უკვე ჩაუტარდა, ოღონდ როგორც ლამბორგინი პარკურს), როგორც სპეციალური სატრეკო ავტომობილი.
„აუდის“ სტენდზე კონცეპტუალური „ნანუკის“ გამოჩენა ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. მართალია, გერმანულმა კომპანიამ შოუს გახსნამდე, ის ინტერნეტით გაგვაცნო, მაგრამ ამის მიუხედავად, ოთხი რგოლის მომავალ ჰიტად, კონცეპტუალური „სპორტ კვატრო“ იყო მიჩნეული. „ნანუკმა“ კი, ამ ლეგენდარული სახელის მქონე ავტომობილი თავის ჩრდილში მოაქცია.
შეგახსენებთ, რომ ეს შედევრი „იტალდიზაინ ჯუჯაროს“ სპეციალისტების მიერაა შექმნილი. ოღონდ, პირველად მათ ის „ლამბორგინის“ ემბლემით, ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენს, სადაც სახელად „პარკური“ ერქვა. გარეგნულად, ალბათ „პარკური“ უფრო დახვეწილად გამოიყურება და რაღაცით ლეგენდარულ „ლანჩა სტრატოსსაც“ მოგვაგონებს. ძნელი სათქმელია რატომ, მაგრამ იგივე პროექტი რატომღაც „აუდის“ სახელითაც შესრულდა.
როგორც ჩანს, „ფოლკსვაგენში“ გადაწყვიტეს (აუდიც, ლამბორგინიც და ჯუჯაროც სწორედ ვოლფსბურგულ ჯგუფში შედის), რომ „ლამბოსთვის“ უგზოობის „ურუსიც“ საკმარისია და უმჯობესი იქნება, თუ ამ ავტომობილს, რომელიც საავტომობილო ბაზარზე ალბათ ახალ, ექსკლუზიურ სეგმენტს გახსნის, „აუდი“ გამოუშვებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ საბოლოოდ ბაზარზე „პარკურიც“ ვიხილოთ და „ნანუკიც“.
„პარკურის“ მსგავსად, „ნანუკიც“ V10 ძრავითაა აღჭურვილი. ოღონდ, თუ პირველ შემთხვევაში, მანქანას მამოძრავებელ ძალას „ლამბოს“ ბენზინის 5.2-ლიტრიანი ძრავი ანიჭებს, მეორე შემთხვევაში, ბაზაში „აუდის“ 5.0-ლიტრიანი დიზელია მოთავსებული, რომელსაც ორი ტურბო კომპრესორი ემსახურება. ეს მონსტრი 544 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალურ მომენტს უკვე 1500 ბრ/წთ-ზე იძლევა. ძრავთან, სპეციალურად მოდიფიცირებული 7-საფეხურიანი რობოტიზებული S-ტრონიკია დაკავშირებული, საიდანაც მაბრუნი მომენტი, ასევე სპეციალურად შემუშავებულ სრულამძრავიან ტრანსმისიას მიეწოდება.
ასეთი ძრავის წყალობით, მიუხედავად იმისა, რომ „აუდი ნანუკი“ 1900 კილოგრამს იწონის, მას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.8 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევს. ძრავს ემსახურება სპეციალურად მისთვის შემუშავებული თერმორეგულაციის სისტემა, რომელიც რამდენიმე მარყუჟს მოიცავს. ეს სისტემა დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 7.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
„აუდი ნანუკის“ მზიდი სტრუქტურა ალუმინისგანაა დამზადებული, ძარა კი - კარბონის კომპოზიტისგან. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4541 მილიმეტრი, სიგანე 1990 მილიმეტრი, სიმაღლე 1337 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2710 მილიმეტრი. ის 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებსაც მზიდ სტრუქტურასთან ადაპტირებადი პნევმოსაკიდარი (პარკურისგან განსხვავებით) აკავშირებს. ამ საკიდარის მთავარი ღირსება ისაა, რომ მოძრაობის დროს, მისი კლირენსის რეგულირებაა შესაძლებელი. ამასთან, კლირენსი ავტომატურ რეჟიმშიც შეიძლება შეიცვალოს - საკიდარი ავტომობილის ძირითად კომპიუტერთანაა დაკავშირებული, რომელიც სიჩქარისა და გზის საფარის ხარისხის შესაბამისად არეგულირებს ავტომობილის სიმაღლეს.
ეს მანქანა იმითაცაა საინტერესო, რომ მას ოთხივე ბორბალი მართვადი აქვს. დაბალ სიჩქარეზე უკანა ბორბლები, წინების საპირისპირო მიმართულებით ტრიალდება, რისი წყალობითაც, მობრუნების რადიუსი მხოლოდ 10 მეტრია. მაღალ სიჩქარეზე კი უკანა ბორბლები წინების მიმართულებით, ოღონდ მხოლოდ 2.5 გრადუსით ტრიალდება, რითაც მოსახვევში ავტომობილის მდგრადობას უზრუნველყოფს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საჭეს ელექტრონიკა აკონტროლებს, რაც მოსახვევის გავლისას შეცდომის დაშვების ალბათობას ამცირებს.

ფრანკფურტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „აუდიმ“ კონცეპტუალური „ნანუკი“ ექსკლუზიური შეკვეთებით გამოუშვას, თუმცა ამას გერმანული კომპანიისგან ოფიციალური გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია.

No comments:

Post a Comment