Citroën to Enter FIA WTCC from 2014 with Sébastien
Loeb
25 ივნისი
ამ სეზონში, სებასტიან ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატზე
თავის სახელოვან კარიერას დაასრულებს, რომლის განმავლობაშიც, ცხრა ტიტულს მოუყარა
თავი. მაგრამ ჩაფხუტის ლურსმანზე ჩამოკიდებას მაინც არ აპირებს. მალე პაიკს „პეჟოს“
სარბოლი ავტომობილით გაუსინჯავს კბილს, შემდეგ კი, „სიტროენთან“ ერთად, მომავალი
სეზონიდან, ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC - უორლდ ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ)
კამპანიაში ჩაერთვება. სწორედ ლოებია ის პირველი პილოტი, რომელთანაც ფრანგულმა კომპანიამ
კონტრაქტი გააფორმა.
სატრეკო რბოლებში ჩართვა, ორმაგი შევრონისთვის და ლოებისთვის (WRC-ზე მათ ყველა ტიტული ერთად მოიპოვეს) ახალი გამოწვევაა. „სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი ფრედრიკ ბანზე ამბობს, რომ მისმა კომპანიამ ახალ პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. განიხილება პროექტის პერსპექტივები და მისი განხორციელების გზები.
მაინც, რატომ ირჩევს „სიტროენი“ WTCC-ს? მთავარი
ფაქტორი ისაა, რომ ამ სერიას ევროპული და მსოფლიო მედია ფართოდ აშუქებს. ამასთან,
რეგლამენტი ისეა შედგენილი, რომ ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს. და რაც ასევე
მნიშვნელოვანია, მის კალენდარში შემავალი ეტაპები, თითქმის ყველა კონტინენტზე ტარდება.
ბანზეს თქმით, ყველა ეს ფაქტორი საკმარისი იყო იმისათვის, რომ არჩევანი WTCC-ზე
შეჩერებულიყო. თანაც, ფრანგულ კომპანიას ისეთი თვითნაბადი ოქრო ჰყავს, როგორიც
ლოებია. სხვათა შორის, ლეგენდარული მრბოლი რალიშიც პირველ რიგში, ასფალტიანი
გზების სპეციალისტად ითვლება. და ამ მონცემების დემონსტრირებას მალე პაიკს პიკის
სრულად მოასფალტებულ გზაზე ეცდება.
სხვათა შორის, მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთის მსგავსად,
WTCC-შიც ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. მანქანები უფრო მიმზიდველი და მძლავრი იქნება.
ფრანგული კომპანია ახალი პროგრამისთვის DS3 WRC-ს 1.6-ლიტრიან ტურბო ძრავს
გამოიყენებს, რომელიც უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. ოღონდ, ჯერ დაზუსტებული
არ არის, რომელ პლატფორმაზე აიგება სარბოლი ავტომობილი.
„მოუთმნენლად ველი მომენტს, როცა ახალი მანქანით
ტრეკზე პირველად გავალ. მიმდინარე გარდამავალ სეზონს, განსხვავებული ტიპის
რბოლებში მონაწილეობისთვის ვიყენებ, რათა ტრეკზე რბოლისთვის საჭირო თვისებები
გამოვიმუშავო. რა თქმა უნდა, თავიდანვე გამარჯვებისთვის ბრძოლის იმედი არ მაქვს.
თუმცა, არც სულ მდევრის როლში ყოფნა მაინტერესებს. დადგება მომენტი, როცა
გამარჯვებასაც შევძლებ“, ამბობს ლოები.
მის გარდა, „სიტროენის“ სატესტო პროგრამაში მონაწილეობას
რობერტ კუბიცაც მიიღებს. ეს ინფორმაცია თავად „სიტროენ სპორტის“ შეფმა ივ მატონმა გაამხილა.
მან არც ის გამორიცხა, რომ პოლონელი პილოტი შესაძლოა ლოების თანაგუნდელიც კი გახდეს.
მატონის თქმით, კუბიცა მზადაა, ტესტებში მიიღოს მონაწილეობა. უფრო შორეულ
პერსპექტივებზე მათ არ უსაუბრიათ. თუმცა, მატონი ამბობს, რომ ტესტებში მონაწილეობა
ჯერ არაა იმის გარანტია, რომ კუბიცა მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებს.
მატონი ამბობს, რომ თუ ჩემპიონატზე მხოლოდ ორი
მანქანის გამოყვანა გადაწყდა, პოლონელ პილოტს მეორე პილოტად არ აიყვანენ. ამის
მიზეზი ისაა, რომ გუნდს ისეთი პილოტი სჭირდება, ვისაც WTCC-ში გამოსვლის გამოცდილება
აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლოები პირველი პილოტი იქნება, კუბიცასთვის ადგილი
არ დარჩება. სამი მანქანის შემთხვევაში კი პოლონელს მეტი შანსი ექნება.
მატონმა
ასევე განაცხადა, რომ ახალი წამოწყების მიუხედავად, „სიტროენი“ არ აპირებს WRC-დან
წამოსვლას. უფრო მეტიც, სარბოლი ავტომობილების მწარმოებელ ფაბრიკაში, არც ახალი
პერსონალის აყვანა იგეგმება. ამისათვის, კომპანიამ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე
საკლიენტო პროგრამა დახურეს და ახლა მანქანებს მხოლოდ საკუთარი საჯინიბოსთვის ქმნიან.
ამასთან, ჯერჯერობით არც ტურინგში აპირებენ მსგავსი პროგრამის ამოქმედებას. მატონი
არ მალავს, რომ მისი კომპანიის მთავარი მიზანი WTCC-ში მარკებს შორის ტიტულის
მოპოვებაა. სწორედ ამ მიზნის შესაბამისად მუშავდება პროგრამა და მანქანების რაოდენობასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც ამ პროგრამიდან გამომდინარე მიიღებენ. მატონის
თქმით, ორმაგი შევრონის გუნდი მინიმუმ ორი მანქანით იასპარეზებს.
No comments:
Post a Comment