Renault Details 2014 F1 1.6-Liter V6 Turbo Unit:
760 HP, 35 Percent More Fuel-Efficient
21 ივნისი
„რენომ“
თავისი ახალი ძრავი გაგვაცნო, რომლითაც ფორმულა ერთის მომავალ სეზონში, მისი
პარტნიორი გუნდები იასპარეზებენ. ეს არის 1.6-ლიტრიანი V6
არქიტექტურის ტურბო აგრეგატი, რომელიც 2.4-ლიტრიან V8 ატმოსფერულ ძრავს შეცვლის. ფრანგული კომპანია ფ1-ის
ძრავების პირველი მწარმოებელია, რომელმაც ახალის ძრავის პრეზენტაცია ჩაატარა.
ძრავს ოფიციალურად „ენერჯი F1-2014“
ეწოდა. სახელში სიტყვა „ენერჯი“ იმას ნიშნავს, რომ ძრავთან აგრეგატირებულია ენერგიის
აღდგენის სისტემა, რომელიც გამონაბოლქვსა და მუხრუჭებში, სითბოს სახით გამოყოფილ ენერგიას
აგროვებს და შემდგომში ამ ენერგიას ბორბლებს აწვდის.
ახალი აგრეგატის სიმძლავრე 760 ცხენის ძალაა, ოღონდ
ტურბო ძრავზე აქედან “მხოლოდ“ 600 ცხენის ძალა მოდის, დანარჩენი 160 ცხენის ძალა კი
ენერგიის აღდგენის (ენერჯი რექოვერი სისტემ - ERS) სისტემისგანაა. თუმცა, ფრანგული
კომპანია ირწმუნება, რომ სრულყოფის შემდეგ, ტურბო აგრეგატების მაქსიმალური სიმძლავრე,
ფ1-ის ახლანდელი V8 ძრავების სიმძლავრეზე მაღლა ავა. ასევე დაიწევს საწვავის ხარჯი.
ახალი რეგლამენტით, რბოლის განმავლობაში, ერთ მანქანას მაქსიმუმ 100 კილოგრამი (ფ1-ში
საწვავის ოდენობა სწორედ წონით განისაზღვრება) საწვავი უნდა ეყოს. ეს კი ნიშნავს,
რომ ახალი აგრეგატები, ახლანდელზე დაახლოებით 35 პროცენტით ნაკლებ საწვავს უნდა მოიხმარდეს.
ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორი ხმა ექნება ახალ ძრავს? ახლანდელი V8 აგრეგატების ძლიერი ხმა ერთ-ერთი ფაქტორია მაყურებლის მოსაზიდად (როგორც ბერნი ეკლსტოუნი ირწმუნება). „რენო“ გვპირდება, რომ ძრავის ხმა ფ1-ის შოუს მნიშვნელოვან ინგრედიენტად დარჩება.
„ძრავებს ისევ შთამბეჭდავი ხმა ექნება. ისინი მძინარეს
გამოგაღვიძებთ, ტრასის მახლობლად მცხოვრებლები, ხმაურის გამო ისევ გაგრძელებენ ჩივილს.
ამჯერად, ტურბო ძრავებისთვის დამახასიათებელი ხმაური იქნება. როდესაც პილოტი
გაზიდან ფეხს აიღებს და ძრავის სიჩქარე შემცირდება, თქვენ მხოლოდ ტურბო
კომპრესორის ხმას გაიგებთ“, - ამბობს „რენო სპორტ F1-ის“ მმართველი
დირექტორის მოადგილე (ტექნიკური) რობ უაითი და დასძენს, რომ ახალი ძრავის ხმა
მისთვის სრულიად საკმარისია.
No comments:
Post a Comment