16 მაისი
„ჰონდა“ ფორმულა ერთში 2015 წლის სეზონიდან
დაბრუნდება, ოღონდ როგორც ძრავების მწარმოებელი და თავისი აგრეგატებით „მაკლარენს“
მოამარაგებს. ამგვარად, განახლდება ორი კომპანიის პარტნიორობა, რომელიც ფ1-ის
ისტორიაში, „ფერარის“ შემდეგ, გამარჯვებათა რაოდენობით და პილოტების ტიტულებით, ყველაზე
წარმატებულია.„მაკლარენ-ჰონდას“ სახელი იმ დიდ მიღწევებთან ასოცირდება, რომლებსაც ამ გუნდის პილოტებს - აირტონ სენას და ალენ პროსტს 1988-1992 წლებში ჰქონდათ. „მაკლარენი“ ამჟამად ძრავებს „მერსედესისგან“ ღებულობს, რომელსაც საკუთარი გუნდიც ჰყავს და ძრავებს კიდევ ერთ გუნდს - „ფორს ინდიას“ აწვდის. რაც შეეხება „ჰონდას“, თავისი საჯინიბო მასაც ჰყავდა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო, 2008 წელს ფორმულა ერთის პროგრამა გააჩერა. სხვათა შორის, ერთი სეზონის შემდეგ, მისი ყოფილი საჯინიბოს ბაზაზე, სამქიმიანებმა თავიანთი გუნდი შექმნეს.
იაპონური კომპანია აცხადებს, რომ მის მიერ ამ
ნაბიჯის გადადგმა, ფ1-ში ძრავების ახალი რეგლამენტის შემოღებამ განაპირობა,
რომელიც ფ1-ში გამოყენებული ტექნოლოგიების სერიული ავტომობილების წარმოებაში
დანერგვის საშუალებას იძლევა. როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან გუნდები
1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების გამოყენებას დაიწყებენ.
„ჰონდა მოტორის“ თანა-მთავარი აღმასრულებელი ტაკანობუ
იტო ამბობს, რომ ფ1-ში უკვე არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც საგზაო
ავტომობილებისთვის მისაღებია. ესაა ტურბინიდან ენერგიის რეგენერაცია. ასეთი
სისტემა ამცირებს ტურბინის როტორის ბრუნთა რიცხვებს და ამის ხარჯზე, ელექტრო
ენერგიას გამოიმუშავებს. ამგვარად, მცირდება ტურბინის ზომა და იზრდება მისი
ეფექტურობა.
„ჰონდამ“ ფორმულა ერთში პირველი ნაბიჯები 1960-იან
წლებში გადადგა. საკუთარი გუნდი 1964 წელს გამოიყვანა, შემდგომ სეზონში კი პირველი
რბოლა მოიგო (მექსიკის დიდი პრიზი, მოიგო ამერიკელმა რიჩი გინტერმა). მაგრამ ორი
სეზონის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკი დატოვა. 1983 წელს „ჰონდა“ დაბრუნდა, ოღონდ
როგორც ძრავების მწარმოებელი. მაშინაც დაბრუნება ტურბო ერას დაემთხვა. კომპანიამ
10 სეზონი გაატარა ფ1-ში და „უილიამსთან“, „ლოტუსთან“ და „მაკლარენთან“ ერთად,
დაუმარცხებელ ძალად იქცა. 1988 წლის სეზონში, სენამ და პროსტმა 16-დან 15 რბოლა
მოიგეს.
2000
წელს „ჰონდა“ ისევ დაბრუნდა. ამჯერად, როგორც გუნდ „ბრიტიშ ამერიკენ რეისინგის“
პარტნიორი და ძრავების მიმწოდებელი. ხუთი სეზონის შემდეგ კი ამ გუნდის ბაზაზე
საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა. 2006 წელს ჯენსონ ბატონმა ამ გუნდს ერთადერთი გამარჯვება
უნგრეთში მოუპოვა. სწორედ ბატონმა შეძლო „ჰონდას“ დანატოვარი „ბრაუნით“ მსოფლიო
ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (2009 წელს).
No comments:
Post a Comment