Ferrari's Alonso wins Spanish Grand Prix
12 მაისი
ფერნანდო ალონსოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ფორმულა
ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი, ესპანეთის დიდი პრიზი, რითაც ტიტულისთვის
ბრძოლა ახალი ძალით განახლდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაირღვა ბარსელონას
ტრეკის 22-წლიანი ტრადიცია, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ რბოლას მხოლოდ ის
პილოტები იგებდნენ, რომლებსაც სტარტზე მოწინავე სამეულში ეკავათ ადგილი. და რა
თქმა უნდა, ამ ტრადიციის დარღვევით, ალონსომ ყველაზე მეტად ადგილობრივი ქომაგი
გაახარა.
ალონსომ სტარტი მეხუთე პოზიციიდან აიღო, მაგრამ თავიდანვე მაღალი ტემპი განავითარამესამე მოსახვევში უკვე მესამე პოზიცია ეკავა. მან ჯერ კიმი რაიკონენი ჩამოიტოვა, მერე კი ლუის ჰამილტონიც ზედ მიაყოლა. ამ დროისთვის, ბრიტანელისთვის სებასტიან ფეტელს უკვე გასწრებული ჰქონდა. ალონსომ ფეტელი პირველი პიტსტოპის წყალობით ჩამოიტოვა და მე-13 წრეზე, მას შემდეგ რაც ნიკო როსბერგსაც გაუარა, ლიდერობა იგდო ხელთ.
აღსანიშნავია, რომ „ფერარის“ პილოტებმა ოთხ პიტსტოპიანი სტრატეგია აირჩიეს და ამან კარგად იმუშავა. მართალია, ამის გამო, შუა რბოლაში, ალონსომ ლიდერობა ცოტა ხნით დაკარგა, მაგრამ მესამე პიტსტოპის შემდეგ, ახალი რეზინით რაიკონენს ისე ადვილად გაუარა, თითქოს აუტსაიდერთან ჰქონდა საქმე.
„ფანტასტიური და ემოციური რბოლა იყო. ყველგან მაყურებლის მხარდაჭერა იგრძნობოდა. ჯერ მხოლოდ ხუთი რბოლა ჩატარდა და აღმავლობაც გვქონდა და ჩავარდნაც. თუმცა არასდროს შეგვპარვია ეჭვი იმაში, რომ ეს მანქანა ლიდერებთან ბრძოლის საშუალებას გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, თუ ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შევძლებთ“, - განაცხადა ალონსომ, ვისაც გამარჯვების შემდეგ, პერსონალმა ესპანეთის დროშა მიაწოდა და შენელების წრეზე, ამ დროშით შემოუარა ტრასას.
რაიკონენი გამარჯვებულს 9 წამით ჩამორჩა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემპიონატის ლიდერ ფეტელთან ჩამორჩენა 10-დან 4 ქულამდე შეემცირებინა. ფეტელი კვარცხლბეკის გარეთ დარჩა და ეს ფელიპე მასას დამსახურებაა. სხვათა შორის, რაიკონენმა ზედიზედ 22-ე რბოლა დაასრულა ქულებით. ორიც და მიხაელ შუმახერის რეკორდს გაიმეორებს...
ცუდი რბოლა ჩაატარეს „მერსედესის“ პილოტებმა, რომლებსაც სტარტზე წინა რიგი ეკავათ. ისინი გამარჯვებას არც ელოდნენ, მაგრამ თუ ამდენი პრობლემა შეექმნებოდათ, ამას სტარტამდე ვერც წარმოიდგენდნენ. როსბერგმა დაძაბულ ბრძოლაში შეძლო მეექვსე ადგილის დაკავება. არადა ბოლო რამდენიმე წრეზე, პოლ დი რესტას შეტევების მოგერიება უწევდა. რაც შეეხება ჰამილტონს, ის საერთოდაც უქულოდ დარჩა და რბოლის შემდეგ განაცხადა, იმედია, ასეთი საშინელი რბოლა აღარ მექნებაო.
ერთ მომენტში, მან რადიოთი თავისიანებს მიაძახა, „უილიამსმაც“ კი გამასწროო... ამ „უილიამსს“ ვენესუელელი პასტორ მალდონადო მართავდა, ესპანური ეტაპის შარშანდელი გამარჯვებული. სხვათა შორის, მალდონადოს ერთხელ პიტლეინზე უქმად გავლა მოუწია - ერთ-ერთი პიტსტოპის დროს, ბოქსებში სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბა. სხვათა შორის, ეს სეზონი „უილიამსისთვის“ ძალიან წარუმატებელია - ბრიტანული საჯინიბო ხუთი ეტაპის შემდეგ უქულოდაა, რისი მიზეზიც ისაა, რომ მანქანას არაეფექტური აეროდინამიკა აღმოაჩნდა.
დაბოლოს,
რბოლის დასაწყისში, მე-11 წრეზე, პელოტონს სათავეში „ზაუბერის“ მექსიკელი ახალბედა
ესტებან გუტიერესი მოექცა. რბოლის მიწურულს კი, მან თავი იმითაც გამოიჩინა, რომ
რბოლის უსწრაფესი წრე დააფიქსირა.
ესპანეთის დიდი პრიზი
ბარსელონა, მონტმელო. დისტანცია 307.104 კმ (4.655 კმ, 66 წრე)
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39:16.596
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) +00:09.338
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:26.049
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:38.273
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:47.963
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 01:08.020
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 01:08.988
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:19.506
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 01:21.738
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1 წრე
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე
12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1 წრე
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
17. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 2 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 2 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 14 წრე
გ. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 45 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 58 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ესტებან გუტიერესი - 1:26.217, 56-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 89 ქულა; 2. კიმი რაიკონენი - 85; 3. ფერნანდო ალონსო - 72; 4. ლუის ჰამილტონი - 50; 5. ფელიპე მასა - 45; 6. მარკ ვებერი - 42; 7. რომენ გროჟანი - 26; 8. პოლ დი რესტა - 26; 9. ნიკო როსბერგი - 22; 10. ჯენსონ ბატონი - 17; 11. სერხიო პერესი - 12; 12. დანიელ რიკიარდო - 7; 13. ადრიან სუტილი - 6; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 5; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 131 ქულა; 2. ფერარი - 117; 3. ლოტუს-რენო - 111; 4. მერსედესი - 72; 5. ფორს ინდია - მერსედესი - 32; 6. მაკლარენ-მერსედესი - 29; 7. ტორო როსო - ფერარი - 8; 8. ზაუბერ - ფერარი - 5
No comments:
Post a Comment