12 მაისი
დაარსებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გარბენ გრანდე
ჯიროს სტარტის საზეიმო ცერემონიაზე, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ უგზოობის კონცეპტუალურ
„ურუსს“ გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კომპანიამ საზოგადოებას
ერთადგილიანი კონცეპტუალური ჰიპერ ავტომობილი „ეგოისტა“ წარუდგინა.
ეს ინფორმაცია საზოგადოებას „აუდის“ შეფმა რუპერტ
შტადლერმა გაანდო. როგორც ცნობილია, ორივე კომპანია „ფოლკსვაგენის“ კონგლომერატში
შედის, სადაც სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია ოთხი რგოლის პრემიუმ
ქვეჯგუფშია გაერთიანებული. შტადლერს „ურუსზე“ სხვა არაფერი უთქვამს, მაგრამ
გამოცემა „ავტო გაიდი“ ირწმუნება, რომ „ურუსის“ წარმოება 2017 წელს დაიწყება.
არსებობს ვარაუდი, რომ „ურუსი“ იმავე (მოდერნიზებულ)
პლატფორმაზე აიგება, რომელზეც „აუდი“ და „პორშე“ (ესეც ფოლკსვაგენის ჯგუფის
წევრია) თავიანთ შემდეგი თაობის Q7-ს და „კაიენს“ გამოუშვებენ. რაც შეეხება ძრავს,
ეს იქნება (ისევ ვარაუდით) V12 კონფიგურაციის აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 600
ცხენის ძალას მიაღწევს.
„ლამბორგინი“ წლიურად 3000 ცალი „ურუსის“
გამოშვებას გეგმავს. მათს უმეტესობას კი გაყიდვას აშშ-ში, ჩინეთში და ახლო
აღმოსავლეთში უპირებს. რაც შეეხება ფასს, ამ მხრივ, „ურუსი“ ყველაზე ხელმისაწვდომი
„ლამბო“ გახდება - მის მყიდველს 200 000 ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.
No comments:
Post a Comment