8 მაისი
ეს ავტომობილი რეალურად ჯერ არავის უნახავს (ისინი
არ ითვლებიან, ვინც მას ქმნიდა). მალე გამოჩნდება - „ფოლკსვაგენი“ მას ავსტრიის
ვორთერზეეში, GTI-ს რანდვუზე წარადგენს, რომელსაც, როგორც ამბობენ, გერმანული
კომპანიის 150 000 ფანი მოინახულებს. როგორც ვოლფსბურგელები ამბობენ, ეს იქნება „გოლფის“
ბაზაზე შექმნილი ყველაზე რადიკალური კონცეპტუალური ავტომობილი 2007 წლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მაშინ „ფოლკსვაგენმა“ კონცეპტუალური „გოლფ GTI W12“ გვიჩვენა,
რომელიც W12 ძრავით იყო აღჭურვილი.
ახალი
კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „დიზაინ ვიჟნ GTI“, „ფოლკსვაგენის“ ბრენდის დიზაინის
შეფ კლაუს ბიშოფის ხელმძღვანელობით, მეშვიდ თაობის „გოლფის“ ბაზაზე შეიქმნა.
ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6
ძრავით, რომელმაც „გოლფ GTI-ს“
სტანდარტული 2.0-ლიტრიანი ძრავი შეცვალა. ამ უკანასკნელის ძრავი 217 ცხენის ძალაა,
ახალი ძრავი კი 496 ცხენის ძალას და 560 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. და ამ
მახასიათებლებს ძრავის 4000-6000 ბრუნის დიაპაზონში ავითარებს.წინაამძრავიანი GTI-სგან განსხვავებით, კონცეპტუალური „დიზაინ ვიჟნ GTI“ სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავს ორქურიანი გადაბმით უკავშირდება. „ფოლკსვაგენის“ ინფორმაციით, ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 299 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა კი 3.9 წამში შეუძლია. ასეთი მაჩვენებლების მიღწევაში, ავტომობილს 20-დუიმიანი ბორბლები ეხმარება, რომელთაგან წინები 235/35, უკანები კი 275/30 ზომის რეზინითაა შემოსილი. ავტომობილის დამუხრუჭებას კერამიკული მუხრუჭები ემსახურება. წინა ბორბლებზე 380-მილიმეტრიანი, უკანებზე კი 356-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკოები დგას.
შეცვლილია გაბარიტებიც. კონცეპტუალური ავტომობილის
სიგრძე 4 253 მილიმეტრია, სიგან 1 870 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1385 მილიმეტრი.
ამგვარად, ის სტანდარტულ „გოლფ GTI-ზე“ 15 მილიმეტრით მოკლე, 71 მილიმეტრით
განიერი და 57 მილიმეტრით დაბალია.
გარდა
ამისა, კონცეპტუალურ ავტომობილს უფრო აგრესიულ სტილში შესრულებული ძარა აქვს.
მასზე ახალია ბამპერები, გამოჩნდა ახალი ჰაერის ამღებები, უკანა დიფუზორი. რადიკალურადაა
შეცვლილი ინტერიერი, რომელშიც რა თქმა უნდა, შეცვლილია სავარძლები, ასევე მაჩვენებლების
დაფა და სხვა ელემენტები.
No comments:
Post a Comment