New Renault Twin’Z is an All-Electric RWD Concept
that Previews Next Twingo
8 აპრილი
ამ კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინიც
საინტერესოა, მისი შესრულების ტექნიკაც და აღჭურვილობაც. რაც მთავარია, მისი
სახით, ჩვენ მესამე თაობის „ტვინგოს“ ვხედავთ, რომელიც ბაზარზე წელიწადნახევარში
გამოვა. ის იმითაცაა საინტერესო, რომ მის გაფორმებაში მონაწილეობა, ბრიტანელმა არქიტექტორმა
და შენობათა ინტერიერის დიზაინერმა როს ლავგროვმაც მიიღო. „ტვინZ-ის“ დახურული
ჩვენება მილანში ჩატარდა.
„რენოს“ ცნობით, „ტვინZ-ის“ შემქმნელებმა
შთაგონების წყაროდ პირველი თაობის „ტვინგო“ და ლეგენდარული „რენო 5“ გამოიყენეს
(ამ უკანასკნელს ხშირად გალურ ჩინკვეჩენტოდაც მოიხსენიებდნენ). ახლავე შეიძლება
ითქვას, რომ კონცეპტუალური ავტომობილის ფორმა კონვეიერამდე ბევრით არ შეიცვლება.
თუმცა, რა თქმა უნდა, მისი გაფორმება სულ სხვანაირი, თავშეკავებული და
გაწონასწორებული იქნება.
სერიულ ავტომობილს არ ექნება კონცეპტუალურის
მსგავსი უკანა კარები, რომლებიც წინების საპირისპიროდ იღება. სალონში კი ასეთ
ფუტურისტულ სისადავეს ვერ ნახავთ. ისე კი, სიტყვა სისადავე, „ტვინZ-ის“ სალონს
ნაკლებად შეესაბამება. ფოტოზე რასაც ხედავთ, შესაძლოა კომპიუტერულ გრაფიკად
აღიქვათ, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურია. თანაც, იქ არც მაჩვენებლების დაფაა, არც
ცენტრალური კონსოლი. ალბათ არც უსაფრთხოების ბალიშები. ერთი საჭე, ორი წინა
სავარძელი, რომლებსაც ერთი საყრდენი აქვთ და რომლებიც უცნაურადაა გამოწყობილი, ორი
პედლის მსგავსი წარმონაქმნი, ორიც ტაბლეტი, ერთი საჭე და უკანა სავარძლის მსგავსი
წარმონაქმნი - სულ ესაა, რასაც სალონში ნახავთ. ეს ყველაფერი ძალიან ორიგინალურია
და ეფექტური.
არანაკლებ უცნაურად და ეფექტურად გამოიყურება 18-დუიმიანი
ბორბლები, რომლებიც „მიშლენის“ მიერ შექმნილი, ასევე სპეციალური საბურავებითაა
შემოსილი. ბორბლების ფოსფორის ფერადაა შეღებილი და მათ ურთულესი ფორმა აქვს.
მაგრამ წარმოიდგინეთ, ასეთი ტექნიკური ხელოვნების ნიმუში ცუდ ამინდში რა დღეში
ჩავარდება, მისი გაწმენდა კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება... თუმცა, ეს ხომ მხოლოდ
კონცეპტუალური ნამუშევარია...
„ტვინZ-ის“ პლატფორმის აგებულება უკანაამძრავიანია.
ის „დაიმლერის“ დივიზიონ „სმარტის“ სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა. ეს
არცაა გასაკვირი - ამავე პლატფორმაზე მომდევნო თაობის „სმარტ ფორთუ“ და „სმარტ
ფორფორი“ უნდა გამოვიდეს. და შესაძლოა, გერმანულმა კომპანიამ ამავე პლატფორმის მოდიფიცირებულ
ვერსიაზე, კიდევ ერთი ავტომობილი გამოუშვას, რომელიც ამ ეტაპზე, X-კლასად
მოიხსენიება.
„ტვინZ-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 3 627 მილიმეტრი, სიგანე
1 705 მილიმეტრი, სიმაღლე 1 506 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 2 495
მილიმეტრია. ამგვარად, ის ოდნავ გრძელია ახლანდელ „ტვინგოზე“, თუმცა მათს ბაზებს
შორის განსხვავება გაცილებით მეტია. კონცეპტუალური ავტომობილი მსუბუქი მასალებისგანაა
დამზადებული და მიუხედავად იმისა, რომ ის ელექტრომობილია და ამიტომ ელემენტების
ბლოკითაა აღჭურვილი, მაინც მხოლოდ 980 კილოგრამს იწონის, ანუ ახლანდელ „ტვინგოზე“ ნაკლებს.
დაბოლოს,
ავტომობილის აღჭურვილობა: მას მამოძრავებელ ძალას ერთი ელექტროძღავი აწვდის,
რომელიც უკანაა განლაგებული. მისი სიმძლავრე 68 ცხენის ძალაა (50 კილოვატი),
მაბრუნი მომენტი კი - 226 ნიუტონმეტრი. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ოთხი
ბლოკი ამარაგებს, რომლებიც ავტომობილის ძირზეა მოთავსებული. მამოძრავებელი ძალა
ერთსაფეხურიანი ტრანსმისიის გავლით, უკანა ბორბლებს მიეწოდება.
No comments:
Post a Comment