Renault A-110 revival also planned in... Mexico?
8 აპრილი
60 და 70-იან წლებში, ლეგენდარულ სპორტულ ავტომობილ
„ალპინ A110-ს“, საფრანგეთის გარდა, კიდევ სამ ქვეყანაში - ბულგარეთში (ბულგარალპინის
სახელით), ბრაზილიასა (ინტერლაგუშის სახელით) და მექსიკაში (დინალპინის სახელით) აწარმოებდნენ.
შვედმა მრბოლმა ოვე ანდერსონმა ამ ავტომობილით 1971
წელს რალი მონტე კარლო მოიგო, ორი წლის შემდეგ კი, მისი წარმატება ფრანგმა
ჟან-კლოდ ანდრუემ გაიმეორა, ფრანგული ბრენდი კი, რომელიც იმ დროს უკვე „რენოს“
საკუთრებაში იყო, რალიში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა. თუმცა მალე „ალპინი“
ლეგენდარულმა „ლანჩა სტრატოსმა“ დაჩრდილა, რომელიც სპეციალურად რალის რბოლებისთვის
იყო შექმნილი. „რენომ“ კი რალიდან ფორმულა ერთში გადაინაცვლა.
გავიდა დრო და „ალპინი“ ისტორიის კუთვნილება გახდა.
მალე ფრანგული კომპანია მას აღადგენს. მსგავსი გეგმები აქვთ მექსიკაშიც, სადაც ლეგენდის
გაცოცხლება დამოუკიდებლად, „რენოს“ გარეშე გადაუწყვეტიათ. ენთუზიასტებმა, მიგელ
ხიმენესის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს პროექტი სახელწოდებით „პროჯექტ 77“,
რომელიც მსუბუქი, სხარტი, სწრაფი ავტომობილის (ფოტოზე) მცირესერიულ წარმოებას
ითვალისწინებს.
ავტომობილის შასი კომპანია „მექსიკან ავტო დიზაინმა“
შეიმუშავა, რომელიც იმავე ქალაქ საჰაგუნ სიტიშია (მექსიკა) ბაზირებული, სადაც ერთ
დროს „დინალპინი“ ორიგინალურ „ალპინებს“ უშვებდა. ახალი ავტომობილის დიზაინი მექსიკელმა
დიზაინერმა ალეხანდრო კასტანიედამ შეიმუშავა. ჯერჯერობით უცნობია, რა აგრეგატებით
აღიჭურვება მექსიკური „ალპინი“ და როდის დაიწყებენ მის წარმოებას.
No comments:
Post a Comment