დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 15, 2013

რაიკონენს წინა ფრთის შეცვლა სურდა


15 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ მას ჩინური რბოლის დროს, მანქანის დაზიანებული წინა ფრთის და ცხვირის შეცვლა სურდა, თუმცა ფინიშამდე ასეთი მანქანით ასპარეზობა მოუწია. ფინელმა პილოტმა თავისი მანქანა რბოლის დასაწყისშივე დააზიანა, როდესაც სერხიო პერესის გასწრების მცდელობისას მის „მაკლარენს“ უკნიდან შეეჯახა. ამ დროს, ფრთის რამდენიმე მომცრო ელემენტი და ცხვირის ნაწილი დაიმტვრა.

ნარბოლევს რაიკონენი გაოცებული იყო იმით, რომ გუნდმა მანქანას დაზიანებული ნაწილი არ შეუცვალა. არადა, როგორც თავად ამბობს, თავის ინჟინრებს რადიოთი აუწყა, რომ ფრთის გამოცვლა აუცილებელი იყო. „ამის შეცვლა მინდოდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მანქანა არც ისე ძნელად სამართავი იყო. რემონტზე კი დრო დაიკარგებოდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დაზიანების გამო, დრო ისედაც მეკარგებოდა“, - ამბობს რაიკონენი.
მომხდარში ის პერესს ადანაშაულებს, რომელზეც რბოლის დროსვე გაბრაზებულმა რადიოში თავისიანებს გასძახა - „რა ჯანდაბას აკეთებსო“. ის ამბობს, რომ გასწრების მომენტში, პერესს გვერდში ამოუდგა, თუმცა მოსახვევიდან გამოსვლისას, მექსიკელმა ბორდიურისკენ გარიყა.
„შეჯახებისგან თავის არიდება ვცადე და მანქანა ბალახებზე გადავიყვანე, მაგრამ მაინც დავეჯახე, რამაც მანქანის წინა ნაწილი დამიზიანა. ამის შემდეგ, მანქანას არასაკმარისი მოხვევადობისკენ მიდრეკილება დაეწყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე ადგილისთვის ბრძოლა მაინც შევძელი. ეს დაზიანება რომ არა, გაცილებით სწრაფი ვიქნებოდი“, - დასძენს რაიკონენი, ვინც სტარტზე გვიან დაიძრა და წამში ორივე „ფერარის“ უკან აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment