დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 14, 2013

ჯერჯერობით, შარშანდელი სცენარით

Red is the colour as Alonso wins in China
14 აპრილი
შეგვიძლია, გამარჯვებულთა ათვლა ახლავე დავიწყოთ, რადგან ჯერჯერობით, ეს სეზoნიც ისევე დაიწყო, როგორც შარშანდელი - პირველ სამ ეტაპზე, სამი გამარჯვებული ჰყავს. თანაც, სამივე სხვადასხვა გუნდიდანაა. ამჯერად კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფერნანდო ალონსომ დაიკავა, ვინც დანარჩენებს შორის აშკარად გამორჩეული იყო და დამსახურებულადაც მოიპოვა გამარჯვება.

რბოლაში, რომელიც მეტწილად ტაქტიკური პაექრობით გამოირჩეოდა, გასწრებაც საკმაოდ ბევრი შესრულდა. საბოლოოდ, სისწრაფისა და სწორი სტრატეგიის საუკეთესო კომბინაცია ალონსოს აღმოაჩნდა, რომელმაც ამ სეზონში „ფერარის“ პირველი გამარჯვება მოუპოვა. მან ათი წამით ჩამოიტოვა კიმი რაიკონენი, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ლუის ჰამილტონი დადგა, რომელმაც სულ რაღაც 0.203 წამით აჯობა სებასტიან ფეტელს.
„გუნდმა მანქანა შესანიშნავად მოამზადა. დასაწყისიდანვე ფანტასტიური რბოლა იყო. პრობლემები თითქმის არ გვქონია და რეზინიც უფრო გვიან გაცვდა, ვიდრე ველოდით. იმ ორ რბოლაში, რომლებიც დავამთავრე, ერთი მეორე ადგილი და ერთი გამარჯვება მაქვს. ასე რომ, ჩემთვის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო“, - განაცხადა ალონსომ, ვინც პილოტების კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ესპანელი მრბოლისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 31-ე გამარჯვებაა. ამგვარად, ის ნაიჯელ მენსელს გაუტოლდა. ამასთან ჩინეთში, სადაც წითელი ფერი კარგი იღბალის სიმბოლოა, მან მეორედ მოიგო რბოლა. აქამდე ერთადერთი, ვისაც შანჰაის ტრეკზე ერთზე მეტი გამარჯვება აქვს, ჰამილტონი იყო. დაკიდევ, გასული სეზონის გერმანული ეტაპის შემდეგ, ალონსომ პირველად გაიმარჯვა.
რთული რბოლა ჰქონდა რაიკონენს. მან ჯერ სტარტი ჩააგდო, მერე კი სერხიო პერესს დაეჯახა და მანქანის ცხვირი დააზიანა. მაგრამ ამის მიუხედავად, ბოქსებში გატეხილი ელემენტი არ გამოუცვალეს და ფინელმაც დისტანციის დიდი ნაწილი დაზიანებული მანქანით გაიარა. და იმდენი მოახერხა, რომ ფინიშის ხაზი მეორეს გადაეკვეთა.
რბოლის მიწურულს ყველაზე სწრაფი ფეტელი იყო და ეს მის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ განაპირობა. საქმე ისაა, რომ სტარტზე მის წინ მყოფთაგან განსხვავებით, გერმანელმა რბოლა მედიუმ რეზინით დაიწყო და სოფტებზე რბოლის მიწურულსღა გადავიდა. ამიტომ, ბოლო წრეებზე ის ყველაზე სწრაფი იყო და ჰამილტონსაც მალე დაეწია. საბოლოოდ, ბრიტანელმა მისი შეტევების მოგერიება შეძლო და ზედიზედ მეორე რბოლაში ავიდა კვარცხლბეკზე.
ინციდენტი შეემთხვა მარკ ვებერს, რომელმაც სტარტი პიტლეინიდან აიღო და ბოქსებს მეორე წრეზევე მიაკითხა. ამის მიუხედავად, ავსტრალიელმა მალე გაიკაფა გზა, თუმცა მე-18 წრეზე მისთვის რბოლა დასრულდა. ის ჯერ ჟან-ერიკ ვერნს დაეჯახა და მანქანა დაუზიანდა. მერე კი პიტსტოპზე მარჯვენა უკანა ბორბალი ცუდად დაუმაგრეს, რის გამოც, ის მოსძვრა და ვებერისთვის რბოლაც იქვე დასრულდა. ნარბოლევს, სტიუარდებმა ავარიაში სწორედ ვებერი დაადანაშაულეს, რაც ბაჰრეინის რბოლის სტარტზე, სამი ადგილით დაქვეითებად დაუჯდება. საბურავის ინციდენტის გამო კი „რედ ბულს“ 5000 ევროს გადახდა მოუწევს.
აღნიშვნას იმსახურებს ჯენსონ ბატონის და ნიკო ჰულკენბერგის კარგი ასპარეზობა. ბატონმა პირველი პიტსტოპი ერთ-ერთმა ბოლომ შეასრულა და ამის წყალობით, ერთხანს რბოლასაც ლიდერობდა. საბოლოოდ კი, მიუხედავად იმისა, რომ ბოქსში მხოლოდ ორჯერ შევიდა, გამარჯვებულს მაინც 35 წამით ჩამორჩა და მეხუთე ადგილი დაიკავა. მასზე დიდხანს ლიდერი ჰულკენბერგი იყო, მაგრამ პიტსტოპის შემდეგ, „ზაუბერის“ პილოტი პელოტონში „ჩაიძირა“ და ფინიშს მეათემღა მიაღწია.



ჩინეთის დიდი პრიზი
შანჰაი, დისტანცია 305.066 კმ (5.451 კმ, 56 წრე)
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:36:26.945
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                           +00:10.168
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           00:12.322
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               00:12.525
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:35.285
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              00:40.827
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       00:42.691
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              00:51.084
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   00:53.423
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                00:56.598
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       01:03.860
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             01:12.604
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  01:33.861
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     01:35.453
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1 წრე
16. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1 წრე
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     35 წრე
გ. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      41 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               51 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                   52 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:36.808, 53-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 52 ქულა; 2. კიმი რაიკონენი - 49; 3. ფერნანდო ალონსო - 43; 4. ლუის ჰამილტონი - 40; 5. ფელიპე მასა - 30; 6. მარკ ვებერი - 26; 7. ნიკო როსბერგი - 12; 8. ჯენსონ ბატონი - 12; 9. რომენ გროჟანი - 11; 10. პოლ დი რესტა - 8; 11. დანიელ რიკიარდო - 6; 12. ადრიან სუტილი - 6; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 5; 14. სერხიო პერესი - 2; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 78 ქულა; 2. ფერარი - 73; 3. ლოტუს-რენო - 60; 4. მერსედესი - 52; 5. მაკლარენ-მერსედესი - 14; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 14; 7. ტორო როსო-ფერარი - 7; 8. ზაუბერ-ფერარი - 5

No comments:

Post a Comment