დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 10, 2013

ოჟიემ მექსიკის რალი მოიგო

Ogier wins in Mexico to extend championship lead
10 მარტი
სებასტიან ოჟიე ასპარეზობისას
ფრანგი სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპი - მექსიკის რალი. ამ მოგებით, „ფოლკსვაგენის“ მრბოლმა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. სამი ეტაპის შემდეგ, რომელთაგანაც ზედიზედ მეორე მოიგო (პირველი გამარჯვება შვედეთში მოიპოვა), უახლოეს მდევარს 31 ქულას უგებს.
ფრანგმა მრბოლმა რალის 23 სპეცმონაკვეთიდან 16 მოიგო, თუმცა ბოლო დღის პირველი სპეცმონაკვეთის შემდეგ, მის მანქანაზე ტექნიკური პრობლემა წარმოიქმნა, რის გამოსწორებასაც ოც წუთზე მეტი დასჭირდა. და მაინც, ოჟიემ მაინც სამ წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ მიკო ჰირვონენს.
სებასტიან ოჟიე
„მანქანამ მთელი რბოლის განმავლობაში თითქმის იდეალურად იმუშავა. დღეს სენსორმა გაგვაწვალა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. ჩემპიონატში სულ სამი რბოლის შემდეგ, სოლიდურ ლიდერობას მივაღწიეთ. მართალია, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად დავიწყეთ“, - განაცხადა ოჟიემ, ვინც პირველი ეტაპი, მონტე კარლოს რალი, მხოლოდ თავის ლეგენდარულ თანამემამულე სებასტიან ლოებთან წააგო. სამაგიეროდ, მას შვედურ რალიზე აჯობა.
მე-18 სპეცმონაკვეთზე მოულოდნელობა მოხდა - ტრასის მომსახურე კლერკს ტრასაზე არსებული ერთ-ერთი გასასვლელი ჩაკეტილი დარჩა. ამიტომ, ოჟიეს გაჩერება და ამ გასასვლელის გაღება მოუხდა. სპეცმონაკვეთის შემდეგ, ეს ინციდენტი მსაჯებმა გაითვალისწინეს და ფრანგს დაკარგული დრო აუნაზღაურეს.
სამი ეტაპის შემდეგ, ლოებს კლასიფიკაციაში მეორე ადგილი უკავია, თუმცა ის მხოლოდ რამდნიმე ეტაპზე გამოსვლას გეგმავს და ამდენად, ოჟიეს რეალური მეტოქე არაა. ამის გათვალისწინებით, ოჟიე უახლოეს კონკურენტ ჰირვონენს 44 ქულას უგებს.
„სებასტიანი იმდენად სწრაფი იყო, რომ ვერანაირად ვერ ავყევი მის ტემპს. მოკლედ, მასთან კონკურენციისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს. მაგრამ რბოლის შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც იქნა, კვარცხლბეკზე ასვლა შევძელი“, - განაცხადა ფინელმა მრბოლმა, ვინც თითქმის წუთით აჯობა მესამეზე გასულ ბელგიელ ტიერი ნოივილს.


მექსიკის რალის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           4:30:27.000
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                       +03:28.900
3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                            04:23.800
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                    06:06.700
5. ნასერ ალ-ატია (კატარი, ფორდი)                                08:34.500
6. კრის ატკინსონი (ავსტრალია, სიტროენი)                 11:28.000
7. კენ ბლოკი (აშშ, ფორდი)                                                11:48.300
8. ბენიტო გერა (მექსიკა, სიტროენი)                               12:49.800
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            14:29.000
10. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        17:15.300

პილოტთა კლასიფიკაცია 3 ეტაპის შემდეგ
1. სებასტიან ოჟიე - 74 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 43; 3. მიკო ჰირვონენი - 30; 4. დანიელ სორდო - 27; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 26; 6. ტიერი ნოივილი - 25; 7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 15; 8. მარტინ პროკოპი - 14; 9. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, სიტროენი) - 10; 10. ნასერ ალ-ატია - 10...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალი - 87 ქულა; 2. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 81; 3. კატარ M-სპორტი - 37; 4. კატარ WRT - 35; 5. აბუ დაბი სიტროენ - 23; 6. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 14; 7. ლოტოს WRC ტიმ - 12...

No comments:

Post a Comment