დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 11, 2013

ნიკოლოზ სურგულაძე ფ1-ის გზის დასაწყისში

11 მარტი
ფორმულა ერთი ავტოსპორტის ელიტაა. იქ მოხვედრა ძალიან ნიჭიერსა და სწრაფ პილოტებსაც უჭირთ. იქ მოსახვედრად, კარგი მენეჯერი, ფინანსურად ძლიერი სპონსორები და იღბალია საჭირო. შეიძლება იყო სწრაფი და ბრძოლისუნარიანი მრბოლი, მაგრამ არ გყავდეს გამოცდილი მენეჯერი, ან სპონსორი და მაშინ მწვერვალებზე არც უნდა იოცნებო. მაგრამ შეიძლება გქონდეს იღბალი და შენი კარიერით ისეთი სახელოვანი და წარმატებული მენეჯერი დაინტერესდეს, როგორიც სტივ რობერტსონია. ადამიანი, ვინც ფ1-ის ორი ჩემპიონის, კიმი რაიკონენის და ჯენსონ ბატონის საქმეებს უძღვება და რომლებიც ფ1-მდე მიიყვანა. ეს უკვე წარმატების მესამედია და მისი არგამოყენება ნამდვილი მფლანგველობა იქნება.
სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ ქართველ მრბოლ ნიკოლოზ სურგულაძეს შეუძლია თქვას, რომ წარმატების მესამედი მის ხელთაა - 2011 წელს ის სწორედ სტივ რობერტსონმა მიიწვია ტესტებზე, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა და რომელზეც სხვებთან ერთად, 18 წლამდე ასაკში კარტინგში მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი მეტიუ გრეჰემიც იყო მიწვეული. ქართველმა მასზე უკეთესი შედეგები აჩვენა და ბუნებრივია, რობერტსონიც დააინტერესა, რომელმაც სურგულაძე მრბოლთა შეფასების და შერჩევის პროგრამაში მიიწვია.
ფორმულა ფორდი, 2009
შარშანვე ნიკომ კარტინგში მსოფლიო ჩემპიონატის ბაჰრეინის ეტაპზე, წრის საუკეთესო დრო დააფიქსირა. ამ ფაქტმა, რობერტსონს საბოლოოდ გადააწყვეტინა, რომ სურგულაძის მენეჯერობა ეკისრა და მალე მას სპეციალური პროგრამაც კი შეუმუშავა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს ფორმულა 1-ში ქართველი მრბოლის დებიუტი შედგება!
ფორმულა ფორდი, 2009
„ჩვენ ძლიან  კრიტიკულად და ზედმიწევნით ვარჩევთ პილოტებს, რომლებთანაც ვაპირებთ მუშაობას და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყოველი მომდევნო  ახალი მრბოლი იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მისი წინამორბედი. ჩვენ არ გვჭირდება პილოტი, რომელიც  მხოლოდ მოხვდება ფორმულა 1-ში, ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა პილოტი, რომელსაც გააჩნია პოტენციალი გახდეს მსოფლიო ჩემპიონი“, - ამ პრინციპით მუშაობენ სტივ რობერტსონი და მამამისი, დეივ რობერტსონი, რომლებიც თავიანთი ზუსტი ალღოთიც გამოირჩევიან.
საქართველოს ჩემპიონატი, რუსთავის მოტორპარკი, 2012
სტივ რობერტსონი მრბოლს ფორმულა ერთისთვის 4-5 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ამზადებს, აწარმოებს მოლაპარაკებას წამყვან გუნდებთან და პოტენციურ სპონსორებთან. საკუთარ მოგებაზე კი მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც თავის შეგირდს გუნდთან კონტრაქტს გაუფორმებს. ზუსტად ამავე პრინციპითაა შედგენილი ნიკო სურგულაძის განვითარების პროგრამა, რომლის მიზანიც ფ1-ია.
კვარცხლბეკი საქართველოს ჩემპიონატში, რუსთავის მოტორპარკი, 2012
სურგულაძისთვის შედგენილი პროგრამა, ფორმულა „რენო 2.0-ის“ ევროპულ სერიებში მონაწილეობას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რა დონის ასპარეზობაა ამ სერიის ევროპის თასი, გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს, მისი ჩემპიონები იყვნენ ბრაზილიელი ფელიპე მასა (2000 წელს), ესპანელი პედრო დე ლა როსა (1992), იაპონელი კამუი კობაიაშ (2005) და ვალტერი ბოტასი, რომელსაც მალე „უილიამსის“ ბოლიდით ექნება სადებიუტო რბოლა.
ფორმულა აბარტი, ტესტები ვალენსიაში, 2011
ფორმულა „რენო 2.0-ის“ სერიაში წარმატების შემთხვევაში, სურგულაძეს ფორმულა „რენო 3.5-ში“ (ამ სერიის 2005 წლის ჩემპიონია პოლონელი რობერტ კუბიცა) გადასვლის საშუალება მიეცემა. ან გადავა ფორმულა 3-ის ბრიტანულ ჩემპიონატში, რომელიც ფ1-ის მომავალ ჩემპიონთა სამჭედლოდაა მიჩნეული. ამის შემდეგ მოდის სერია გრანპრი2, რომელსაც ფ1-ის ქვედა ლიგადაც მოიხსენიებენ. დაბოლოს, ფორმულა 1!
6 წლის ნიკო მოტოქროსში
მაგრამ ამ გზის დასაწყისში, აუცილებელია იმ კომპონენტის მოპოვება, რომელზეც დასაწყისში გვქონდა საუბარი - ნიკოს სპონსორი სჭირდება...
წარმოიდგინეთ, 2017 წელი, მელბურნის ალბერტ პარკი. ერთ-ერთი გუნდის ბოლიდის საჭესთან ნიკოლოზ სურგულაძე ზის... რატომაც არა? კარგი ჯარისკაცები ხომ გენერლობაზე ოცნებობენ?..
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი (ყველამ ერთად)?..

ნიკოლოზ სურგულაძის ფ1-ის პროგრამა


2013 წელი
ნიკოლოზი გადადის სამხრეთ აფრიკიდან ინგლისში, რათა იქ  ივარჯიშოს და იმუშაოს მისი გუნდის ინჟინრებთან ერთად;

2013 და 2014
ზამთრის ტესტ პროგრამა
ფორმულა რენო 2.0 ევროპის თასი (მე 2 წელი - ბრძოლა ტიტულისთვის);
ფორმულა რენო 2.0 ჩრდლოეთ ევროპის თასი;

2015
ზამთრის ტესტ პროგრამა
ბრიტანეთის პირველობა ფ3-ში;
ფორმულა რენო 2.0-ში, ნიკოლოზის გამარჯვების შემთხვევაში ის მიიღებს 500 000 ევროს, რათა გადავიდეს ფორმულა რენო 3.5-ში. წარმატების შემთხვევაში, შემთხვევაში ის გააგრძელებს ფორმულა რენოში ასპარეზობას, ნაცვლად ფორმულა 3-ის ბრიტანეთის პირველობისა;

2016
ზამთრის ტესტ პროგრამა;
სერია GP2-ის პირველობა

2017
დებიუტი Formula 1-ში
პროგრამის ფარგლებში, მრბოლელის განვითარებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპორტულ ფსიქოლოგთან და პირად ფიტნეს მწვრთნელთან მუშაობას.

No comments:

Post a Comment