დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 10, 2013

„მუსტანგს“ ოთხცილინდრიანი ძრავით ამერიკელებსაც შესთავაზებენ


Four-Cylinder Ford Mustang Coming to US After All
10 მარტი
ახალი „მუსტანგი“, რომლის წარმოებასაც „ფორდი“ 2015 წელს დაიწყებს, დღესვე ნამდვილი ჰიტია. მის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ინტერნეტ გამოცემებში. ასე შევიტყვეთ, რომ ახალ ავტომობილს, მის წინამორბედებთან საერთო მხოლოდ სახელი ექნება. რაც შეეხება სტილს და ტექნოლოგიებს, ამ მხრივ, ტოტალურ განახლებასთან გვექნება საქმე. უფრო მეტიც, უკვე ვიცით, რომ დიზაინიც ძირეულად შეიცვლება და რეტრო სტილს დაემშვიდობება.

ახალი „მუსტანგი“ იმითაც იქნება საინტერესო, რომ მნიშვნელოვნად მოიკლებს წონაში და ისეთი პატარა ძრავებით აღიჭურვება, როგორებსაც ადრე ამ პონიქარის მყიდველი ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ ნახავდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მანქანას ცხენის ძალები და ტემპერამენტი მოაკლდება.
რაც მთავარია, „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა შემქმნელებმა მთელი მსოფლიოს მყიდველთა მოთხოვნები და გემოვნება უნდა გაითვალისწინონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ავტომობილის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობაზე ზრუნვა მოუწევთ. და, მივედით მთავარ ამბამდე - ახალი „მუსტანგის“ ძრავების გამაში, ოთხცილინდრიანი აგრეგატი შევა!
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი ძრავით აღჭურვილი „მუსტანგი“ ამერიკაში არ გაიყიდებოდა, მაგრამ გამოცემა „როუდ & ტრეკის“ მიერ გავრცელებული ცნობა გვაუწყებს, რომ ასეთი ავტომობილის შეძენის საშუალება ამერიკელებსაც მიეცემათ.
ლაპარაკია სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიან აგრეგატზე, რომელიც 2.0-ლიტრიანი ეკობუსტის ბაზაზე შეიქმნა. ამ უკანასკნელს ცისფერი ოვალი „ფოკუს ST-ზე“ იყენებს. ეს ძრავი ევროპაში გასაყიდ „მუსტანგზე“ სტანდარტულ ეკიპირებაში შევა, ამერიკაში კი მყიდველს მას დამატებით შესთავაზებენ. ლიტრაჟის ზრდასთან ერთად, ძრავის სიმძლავრეც გაიზრდება (დაახლოებით 50 ცხენის ძალით) და 300 ცხენის ძალას ასცდება. ამავე ძრავს „ფორდი“ ახალ „ფოკუს RS-ზეც“ გამოიყენებს. ამგვარად, „მუსტანგი“ შეინარჩუნებს მაღალ სიმძლავრეს და იმავდროულად (ამაში წონაში დაკლებაც დაეხმარება) ეკონომიურიც გახდება. ამასთან, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც მნიშვნელოვნად შემცირდება.

No comments:

Post a Comment