დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 2, 2013

„ფორდი“ იაფფასიანი სუბკომპაქტის გამოშვებას აპირებს

Ford mulls low-cost subcompact, Mulally say
2 მარტი

„ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ (ფოტოზე) განაცხადა, რომ მისი კომპანია, „ფიესტას“ ბაზაზე სუბკომპაქტური საბიუჯეტო ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს. ასეთი ავტომობილი მთელს მსოფლიოში უნდა გაიყიდოს, მაგრამ მას ცალკე ბრენდით არ გამოუშვებენ, როგორც ამას „რენო“ აკეთებს „დაჩიასთან“ მიმართებაში.

„ჩვენ გვინდა ისეთი ავტომობილის წარმოების დაწყება, რომელსაც მთელს მსოფლიოში შევთავაზებთ და რომელიც „ფიესტაზე“ იაფი ეღირება“, - ინტერნეტ გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა მიულალიმ. მანვე დააზუსტა, რომ ეგრეთ წოდებული „B ფასეულობის“ მოდელი „ფიესტას“ ზომისა იქნება. ოღონდ, მას არ დაუკონკრეტებია, თუ სად გამოუშვებენ ახალ ავტომობილს, თუ მისი წარმოება გადაწყდა.
სხვათა შორის, ევროპაში „ფორდი“ უკვე ჰყიდის ავტომობილს, რომელიც „ფიესტაზე“ იაფი ღირს. ესაა მინიავტომობილი „კა“, რომელსაც ამერიკული კომპანიისთვის, „ფიატი“ თავის პოლონურ ქარხანაში აწარმოებს. ცნობისათვის, „კა“ იტალიური კომპანიის ბესტსელერ „ჩინკვეჩენტოს“ პლატფორმაზეა ბაზირებული. მაგრამ ასეთი მინიავტომობილები, როგორც წესი, არ განხილება გლობალურ მოდელებად, რადგან ყველა ბაზრის მყიდველთა გემოვნებას ისინი ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა მიულალი თვლის, რომ „ფორდის“ მინი ავტომობილები შეიძლება მთელს მსოფლიოში იყიდებოდეს.
„ამ ეტაპზე, ჩამოყალიბებული გეგმა არ გაგვაჩნია. თუმცა ასეთი გეგმის შემუშავებისას, მთავარი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რომ ასეთი ავტომობილი ყველა დიდი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს“, - დასძენს მიულალი, ვისაც მერმისს 60 წელი შეუსრულდება. მისი თქმით, საბიუჯეტო ავტომობილის დაბალი ფასის შესანარჩუნებლად, აუცილებლად გამოიყენებენ გლობალურ პლატფორმას და მაქსიმალურად ისეთ მაკომპლექტებლებს, რომლებსაც სხვადასხვა მოდელებზე იყენებენ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც საბიუჯეტო ავტომობილს უკავშირდება, მისი ბრენდია. ამ მხრივ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ასეთ ავტომობილს ცისფერი ოვალის ლოგო დაამშვენებს. არადა, „რენოს“ გარდა, საბიუჯეტო ბრენდებს სხვა კომპანიებიც აყალიბებენ. მაგალითად, იმავე „რენოს“ თანაალიანსელი „ნისანი“ მივიწყებულ „დაცუნს“ აღადგენს, „ფოლკსვაგენი“ კი რეინკარნაციას „ტრაბანტს“ უპირებს. სამაგიეროდ, „პეჟო“ საბიუჯეტო ავტოს ახალი ბრენდის გარეშე გამოუშვებს.
რაც შეეხება „დაჩიას“, ეს რუმინული კომპანიაა, რომელიც ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის. თავიდან ის მხოლოდ ერთ მოდელს - სედან „ლოგანს“ უშვებდა. დროთა განმავლობაში კი მის ბაზაზე ჰეჩბეკი, უნივერსალი, მინივენი და უგზოობის ავტომობილიც კი გამოუშვა. სხვათა შორის, „დაჩიას“ გარდა, „რენო“ საბიუჯეტო ავტომობილებს საკუთარი ლოგოთიც უშვებს. შარშან ფრანგულმა კომპანიამ 813 000 საბიუჯეტო ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი გაყიდვების მილიონამდე გაზრდა იგეგმება. საინტერესოა ისიც, რომ დაბალი ფასის მიუხედავად, ასეთ ავტომობილებს „რენო“ მაღალი, 9-პროცენტიანი მარჟით ჰყიდის, რაც პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების შესაფერისია.

No comments:

Post a Comment