Kia Guns for BMW with New Cross GT Concept at
Chicago Auto Show
9 თებერვალი
იმ დროს, როდესაც გერმანელი პრემიუმ ავტომწარმოებლები
პატარა მანქანების სეგმენტებში დამკვიდრებას ცდილობენ, კორეული კომპანიები „ჰიუნდაი“ და მისი შვილობილი „კია“, სულ უფრო
ინტენსიურად ეფლირტებიან პრემიუმ და პრემიუმის მახლობელ სეგმენტებს და მყიდველს საშუალო
და სრულგაბარიტიან ავტომობილებსაც კი სთავაზობენ.
ამ ტენდნციის ნიმუში ახლახანს „კიამ“ ჩიკაგოს მოტორ
შოუზე წარადგინა, კონცეპტუალური „ქროს GT-ს“ სახით. კორეული კომპანიის
განმარტებით, ამ ავტომობილში შეზავებულია გრან ტურიზმო სედანისა და ლუქსის დონის
ქროსოვერის თვისებები. პირველში კონცეპტუალური სედანი GT იგულისხმება, რომელიც
„კიამ“ ორი წლის წინ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. სწორედ ამ სედანის
უკანაამძრავიან შასიზეა ბაზირებული „ქროს GT“.
კორეული კომპანია ხაზს უსვამს, რომ „ქროს GT-ს“
სერიულ მოდელთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა მისი მეშვეობით მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთ
ბაზარზე, ახლანდელ „სორენტოზე“ დიდი ზომის უგზოობის ავტომობილის შეტანას აპირებს.
ოღონდ, რომელ ბაზრებზე, ეს არ დაუკონკრეტებია. თუმცა, ძნელი მისახვედრი არ უნდა
იყოს, რომ პირველ რიგში, ამერიკული ბაზარი იგულისხმება - ასე რომ არ იყოს, ჩიკაგოს
შოუზე ამ კონცეპციას არ გაიტანდა. სხვათა შორის, „კიას“ არც ამ ავტომობილის სავარაუდო
კონკურენტებზე დასცდენია სიტყვა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ორიენტირად „ბეემვეს“ X5-სა
და X6-ს,
ასევე მათს კონკურენტებს ვარაუდობს.
„ქროს GT-ს“ გაბარიტებია: სიგრძე 4 897 მილიმეტრი,
სიგანე 2 009 მილიმეტრი, სიმაღლე 1 659 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 3 099 მილიმეტრი.
ამგვარად, ის „სორენტოზე“ გრძელი, განიერი და დაბალია და მისი ბაზაც უფრო გრძელია.
ავტომობილი „კიას“ კალიფორნიულ დიზაინ ცენტრშია (ქალაქი ირვინი) შემუშავებული.
„ქროს GT-სთვის“ მამოძრავებელი ძალის მიმნიჭებლად, „კიამ“
ჰიბრიდული აგრეგატი შეარჩია. მასში შედის 3.8-ლიტრიანი V6
ძრავი, რომელთანაც 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია არის დაკავშირებული. მაბრუნი
მომენტის გამანაწილებლის გავლით, ამძრავი ძალა ყველა ბორბალს მიეწოდება. სისტემაში
შედის ელექტროძრავიც, რომელიც შიდაწვის აგრეგატსა და ტრანსმისიას შორისაა
მოთავსებული. ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის,
რომ ავტომობილმა მარტო ელექტროძრავით 32 კილომეტრი გაიაროს. ჯამში ჰიბრიდული
აგრეგატი 400 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რაც სრულიად
საკმარისია იმისათვის, რომ პრემიუმ კლასში ამ ავტომობილს ირიბად არ შეხედონ.
„2011 წელს GT-ს დებიუტით, „კიამ“ ახალი ეპოქა დაიწყო როგორც დიზაინის,
ასევე ბიზნესის პერსპექტივით. ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ ეს ბრენდი მზადაა
იმისათვის, რომ ოდესმე სრულგაბარიტიანი, სრულ და უკანაამძრავიანი ლუქსის კლასის
ავტომობილების წარმოება დაიწყოს. „ქროს GT“, თავისი მაღალი კლირენსით და დიდი ზომის საბარგულით,
საშუალებას გვაძლევს, სრულგაბარიტიანი ლუქს ქროსოვერად წარმოვადგინოთ GT
მოდელი“, - ამბობს „კიას“ ახლახანს არჩეული პრეზიდენტი და მთავარი დიზაინერი პეტერ
შრაიერი.
No comments:
Post a Comment