New BMW 3-Series Gran Turismo
მე-3 სერიის GT, ამავე სერიის უნივერსალზე 200
მილიმეტრით გრძელია, 110 მილიმეტრით გრძელი ბაზა აქვს და არის 81 მილიმეტრით
მაღალი. გარდა იმისა, რომ მგზავრებისთვის გამოყოფილი სივრცე გაიზარდა, ასევე მომატებულია
საბარგულის მოცულობაც, რომელმაც 520 ლიტრს მიაღწია, რაც უნივერსალის შესაბამის მაჩვენებელზე
25 ლიტრით მეტია.
9 თებერვალი
ბავარიულმა კომპანიამ სამი წლის წინ, მე-5 სერიის გრან
ტურიზმოს გაყიდვა დაიწყო, თუმცა ეს ავტომობილი, მისი მწარმოებლისთვის სასურველი
მოთხოვნით ვერ სარგებლობს. და მაინც, ყოველივეს მიუხედავად, „ბეემვემ“ მე-3 სერიის
სედანის ბაზაზეც შექმნა GT ვერსია, რომელიც ორი დღის წინ, ინტერნეტით გაგვაცნო.
კომპანიის განმარტებით, „ამ ავტომობილში სედანის სპორტულ-დინამიური გენები, ტურინგის
უნივერსალურობასა და პრაქტიკულობასთანაა შერწყმული, რაც სალონში სივრცეს ზრდის და
კომფორტს აუმჯობესებს“.
რაც შეეხება გარეგნობას, მე-3 სერიის GT, ამავე
სერიის სედანისგან და უნივრსალისგან განსხვავებულია. წინ უფრო გამოიკვეთა რადიატორის
ორი „თირკმელი“, მანქანის უკანა ნაწილი და სახურავი ჰეჩბეკის სტილშია შესრულებული,
კარების ფანჯრებს კი კუპეს სტილში, ჩარჩო არ გააჩნია.
რაც შეეხება ძრავების გამას, ეს იმ რეგიონებზეა
დამოკიდებული, სადაც ეს ავტომობილი გაიყიდება. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის
ბაზარზე მე-3 სერიის GT-ს მხოლოდ ორი მოდიფიკაცია გაიყიდება - 328i, რომელიც ოთხცილინდრიანი
2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი (240 ცხენის ძალით) და 335i, რომელიც ექვსცილინდრიანი
(ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) 3.0-ლიტრიანი (300 ცხ.ძ) ტურბო ძრავითაა აღჭურვილი.
ორივე შემთხვევაში, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა შეწყვილებული.
ევროპელებისთვის ბენზინის სამი და დიზელის ორი
აგრეგატია შერჩეული. 320i აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 184 ცხენის
ძალას ავითარებს, 328i აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 245
ცხენის ძალაა და 335i აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით)
ტურბო აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 306 ცხენის ძალაა. დიზელის ორივე აგრეგატები
ოთხცილინდრიანია. 318d-ს შემთხვევაში, ძრავის სიმძლავრე 143 ცხენის ძალაა, 320d-ს
შემთხვევაში - 184 ცხენის ძალა. სტანდარტულ ეკიპირებაში, ძრავებს 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფი უწყვილდება, შეკვეთის შემთხვევაში კი მას 8-საფეხურიანი ავტომატური
კოლოფი ცვლის. ავტომობილი უკანაამძრავიანია, თუმცა მოგვიანებით, ასევე სრულამძრავიანი
ტრანსმისიის შეკვეთაც იქნება შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment