18 იანვარი
მალე „როლს როისის“ გამაში სრულიად ახალი
ავტომობილი გამოჩნდება, სახელად „ვრეიტ“ (სახელებში მოჩვენებების თემა გრძელდება),
რომელიც კომპანიის განცხადებით, მის 108-წლიან ისტორიაში, „ყველაზე დინამიური და
მძლავრი“ ავტომობილი იქნება. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე
შედგება, გაყიდვები კი მეოთხე მეოთხედში დაიწყება.
„ახალი „როლს როის ვრეიტის“ მთავარი ღირსება
უმაღლესი ხარისხი იქნება. ერთი შეხედვით ვერ შეატყობთ, მაგრამ მის შიგნით დიდი
ძალა იმალება, რაღაც იშვიათი, მოქნილი და მძლავრი სული, რაც უფრო არაამქვეყნიურია.
„ვრეიტი“ ამ ყველაფრისთვის საუკეთესო სახელია“, - ამბობს ინგლისური კომპანიის
მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ორვოსი.
„როლს როისის“ ამჟამინდელ გამაში ორი ავტომობილი
შედის - უზარმაზარი „ფანტომი“ და შედარებით პატარა „გოსტი“. მისი მთავარი
კონკურენტი, ყოფილი ნათესავი „ბენტლია“, რომელიც ორჯერ მეტ ავტომობილს ჰყიდის, რაც
სპორტული ყაიდის „კონტინენტალ GT-ს“ დამსახურებაა.
ანალიტიკურ კომპანია „IHS ავტომოტივის“ გათვლებით, ბაზრის
ის სეგმენტი, რომლის შესაფერისი ავტომობილების ფასიც 100 000 ევროზე მეტია, წელს 35
პროცენტით (540 000-მდე) გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2007 წლის რეკორდულ
მაჩვენებელს აჯობებს. ამ ზრდას ამერიკასა და ჩინეთში, ასეთ ავტომობილებზე სწრაფად
მზარდი მოთხოვნა (შესაბამისად, 52 და 34 პროცენტით) განაპირობებს.
რაც შეეხება სახელს, „ვრეიტი“ „როლს როისის“ იმ ავტომობილს
ერქვა, რომელსაც ბრიტანული კომპანია დერბის ქარხანაში 1938 წელს აწარმოებდა.
No comments:
Post a Comment