11 იანვარი
„ბენტლის“ მსგავსად, მას შემდეგ, რაც გერმანული
კომპანიის ხელში გადავიდა, როლს როისიც“ მუდმივად ზრდის გაყიდვებს. პირველი „ფოლკსვაგენის“
დიდი ოჯახის წევრია, მეორე კი „ბეემვეს“ ჯგუფში შედის. და მართალია, „ბენტლიზე“
თითქმის ორჯერ ძვირ ავტომობილებს ჰყიდის, მაინც მისი ბიზნესიც სულ უფრო ვითარდება.
გასული წელი კი „როლსისთვის“ რეკორდული გამოდგა -
გუდვუდელებმა მათი კომპანიის 108-წლიანი ისტორიის მანძილზე რეკორდულად ბევრი, 3 575
ავტომობილი გაჰყიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. ამასთან, ზედიზედ
მესამე წელია, კომპანია გაყიდვების რეკორდს ამყარებს.
„წლის დასაწყისშივე, მორიგი რეკორდი დავისახეთ
მიზნად. და მიხარია, რომ ამ მიზანსაც მივაღწიეთ. თუ ჩვენს წინაშე არსებულ
გამოწვევებსაც გავითვალისწინებთ, მართლა შესანიშნავი წელი გვქონდა. ვამაყობთ, რომ „როლს
როისი“ ულტრა ლუქსის სეგმენტს სოლიდური უპირატესობით ლიდერობს“, - ამბობს
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი.
„როლს როისის“ გაყიდვები ბევრ რეგიონშია გაზრდილი.
ყველაზე მკვეთრი ზრდა საუდის არაბეთში დაფიქსირდა, სადაც გაყიდვებმა 63 პროცენტით
მოიმატა. ახლო აღმოსავლეთში ზრდა 26 პროცენტია, ევროპაში (ბრიტანეთის გარეშე) 21
პროცენტი, აზიასა და წყნარ ოკეანეთში 18 პროცენტი, გერმანიაში 15 პროცენტი.
გაყიდვების მთლიანი მოცულობის მხრივ კი პირველ
ადგილზე ამერიკა და ჩინეთი იმყოფებიან. ოღონდ, ამ ბაზრებზე გაყიდული ავტომობილების
რაოდენობა „როლს როისს“ ჯერ არ გამოუქვეყნებია.
No comments:
Post a Comment