დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 11, 2013

„მერსედესმა“ ფ1-ის ახალი ტურბო ძრავი წარმოადგინა

Mercedes reveals 2014 Formula 1 engine
11 იანვარი

„მერსედს-ბენცმა“ ფორმულა 1-ის ახალი, 2014 წლის სეზონის ტურბო ძრავი წარმოიდგინა, რომელიც კომპანიის განცხადებით, „ძრავს მოტორსპორტში დააბრუნებს“. ახალი აგრეგატი 1.6-ლიტრიანია, V6 არქიტექტურით. ის უკვე გადის ტესტებს დინამომეტრიულ სტენდზე. გერმანული კომპანიის განცხადებით, სასტენდო ტესტები აჩვენებს, რომ ძრავს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს.

„მერსედეს-ბენცის“ სპორტული ძრავების შტოს მმართველი დირექტორი ენდი კოუელი უარყოფს გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ახალი ტიპის ძრავებს არ ექნება ისეთი ეფექტური ხმა, როგორიც ახლანდელ ატმოსფერულ V8 აგრეგატებს აქვს, რაც ფანებს ყველაზე მეტად იზიდავს.
„ახალი ძრავები ხმაურიანები იქნება, რაც მაყურებელს აუცილებლად მოეწონება. ტურბოდამჭირხნის ბრუნვის სიხშირე წუთში 125 000-ს მიაღწევს, რაც თავისებურ, რიხიან ხმას გამოსცემს. როდესაც სტენდის სიახლოვეს ვდგავართ, ყურებს ყოველთვის ვიცავთ ხმაურისგან. სიახლე რბოლების ხასიათსაც შეცვლის. მრბოლებს ასპარეზობისას იმაზე ფიქრიც მოუწევთ, როგორ გამოიყენონ მაქსიმალური ეფექტით ის ენერგია, რომელიც მათს განკარგულებაშია. ძრავებს გაცილებით მეტი მაბრუნი მომენტიც ექნება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი მოსახვევიდან გამოსვლისას იქნება. როდესაც მანქანას ჩაჭიდებაზე გაცილებით ჭარბი ძალა აქვს, რბოლები უფრო საინტერესო ხდება. თანაც, ახალი ძრავების მეშვეობით, ფ1 ახალი ტექნოლოგიების პოლიგონის სტატუსს შეინარჩუნებს“, - ამბობს კოუელი.
ცოტა ხნის წინ, „რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ განაცხადა, რომ ტურბო ძრავების დაბრუნების შემდეგ, ფ1-ში ძრავებს ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. კოუელი კი ასეთი დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობს და თვლის, რომ ამაზე მსჯელობა ჯერჯერობით ნაადრევია. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ძრავის სწორად შერჩევას უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე ახლა, როდესაც სამი კომპანია (მერსედესი, ფერარი, რენო) პრაქტიკულად თანაბარი შესაძლებლობების აგრეგატებს აწარმოებს.
„ჩვენ ძრავს მოტორსპორტში ვაბრუნებთ. მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც ეს ძრავები ამუშავდება“, - ამბობს კოუელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტურბო ძრავების სიმძლავრე დაახლოებით 750 ცხენის ძალა იქნება, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც ახლანდელ ძრავებს აქვს. სამაგიეროდ, მანქანებს უფრო მძლავრი კერს-ები მოემსახურება. თუ ახლანდლი კერს-ის სიმძლავრე 80 ცხენის ძალაა და მათი გამოყენება წრეზე მხოლოდ 6.7 წამის განმავლობაშია შესაძლებელი, ახალი კერს-ის სიმძლავრე 161 ცხენის ძალა იქნება და მათ წრეზე 33.3 წამის განმავლობაში გამოიყენებენ.
კოიელი დასძენს: „ამჟამად კერს-ის გარეშე ძნელია, იყო სწრაფი, მაგრამ 2014 წლის სეზონიდან კერს-ის გარეშე რბოლებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება“.

No comments:

Post a Comment