19 იანვარი
გასული წლის ერთ-ერთი გამორჩეული დებიუტი „ტოიოტასა“
და „სუბარუს“ ერთობლივ სპორტულ ავტომობილს ჰქონდა, რომელსაც ხშირად ერთი სახელით -
„ტოიობარუდ“ მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის (ტოიოტა GT86
და სუბარუ BRZ) პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად აფასებდა, ასე
მაინც არ მოხდა. პირიქით, პარტნიორი კომპანიები უკვე წარმოების გაზრდაზე და სხვა ერთობლივ
პროექტებზეც ფიქრობენ.
ბუნებრივია, ასეთი წარმატება უყურადღებოდ არც
კონკურენტებს, მათ შორის, „ჯენერალ მოტორსს“ დარჩენიათ. ახლახანს, გენერლების ჩრდილოამერიკული
ოპერაციების პრეზიდენტ მარკ რეუსის თქმით, მის კომპანიას, „ტოიობარუს“ მსგავსი ავტომობილი
სჭირდება.
ასეთი ავტომობილის წარმოების გადაწყვეტილება ჯერ
მიღებული არაა. ამერიკული კომპანია სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. მაგალითად, „კამაროზე“
იაფი სპორტული ავტომობილის წარმოების შესაძლებლობას. რეუსი კი ამბობს, რომ მცირეგაბარიტიანი
სპორტული ავტომობილისთვის მისწრება იქნება უკანაამძრავიანი პლატფორმა „ალფა“,
რომელსაც „ჯენერალ მოტორსი“ უახლეს „კადილაკ ATS-ზე“
იყენებს.
უნდა ითქვას, რომ „ტოიობარუს“ შესატყვისი
ავტომობილის თემაზე, „ჯენერალ მოტორსმა“ რამდენიმე კონცეპტუალური პროექტი შექმნა.
მაგალითად, დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა კონცეპტუალური „შევროლე კოდ
130R“, რომელიც შესაძლოა თავისი გარეგნობით არ გხიბლავთ, თუმცა რეუსს ის მოსწონს
და ამბობს, რომ ავტომობილი ამერიკელი ახალგაზრდა მყიდველის გემოვნების შესაბამისად
შეიქმნა. ამასთან, ჩატარდა სპეციალური გამოკითხვა, რომლის დროსაც, ასეთი ავტომობილის
პოტენციური მყიდველი, კომპანიის მარკეტოლოგებს საკუთარ მოსაზრებებს აცნობდა.
ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ გამოკითხვის დროს გამოვლინდა ისაა, რომ
პატარა სპორტქარი 20 000 დოლარის ფარგლებში უნდა ღირდეს.
კონცეპტუალური სპორტული კუპე აღჭურვილია ბენზინის 1.4-ლიტრიანი
ტურბო ძრავით, რომელიც 150 ცხენის ძალას ავითარებს. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ
ავტომობილის წარმოების დაწყების შემთხვევაში, ძრავი იგივე დარჩება.
No comments:
Post a Comment