22 დეკემბერი
ლუკა დი მონტეძემოლო ამბობს, რომ თუ ფერნანდო
ალონსო წასვლას გადაწყვეტს მის ადგილზე, პირველ ნომრად სებასტიან ფეტელს მიიწვევს.
თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი სულაც არაა აქტუალური, რადგან ალონსოს და ფეტელს
შესაბამისად, „ფერარისა“ და „რედ ბულთან“ მრავალწლიანი კონტრაქტები აკავშირებთ.
„ხვალ თუ ფერნანდო რაიმე მიზეზით წასვლას
გადაწყვეტს, ვთქვათ, თავის მეგობარ გოგოსთან ჰავაიზე გაემგზავრება, მაშინ მის
ადგილზე ფეტელის მიწვევას ვისურვებდი“, - გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ
შპორტთან“ საუბრისას ამბობს „ფერარის“ შეფი და დასძენს: „მისით ძალიან კმაყოფილი
ვარ. ის ჩვეულებრივ მრბოლზე გაცილებით მეტია“.
დი მონტეძემოლო ასევე ამბობს, რომ ალონსოში ხედავს „ფერარის“
ორი გამორჩეული მრბოლის - ნიკი ლაუდასა და მიხაელ შუმახერის თვისებებს. ამასთან,
ფეტელის ქებასაც არ იშურებს. მართალია, გერმანელი „რედ ბულშია“ და ჯერ იქიდან
წასვლას არ აპირებს, მაგრამ პადოკში არაერთხელ აგორებულა ჭორი მარანელოში მისი შესაძლო
გადაბარგების შესახებ.
„ის ახალგაზრდა, ძალიან გაწონასწორებული პილოტია და
რაც მთავარია, გამარჯვებისკენ დაუოკებელი სწრაფვით გამოირჩევა. შუმახერმა მასზე
რამდენიმე წლის წინ მითხრა. ჯერ კიდევ კარტინგიდან იცოდა მისი ნიჭის შესახებ.
მინდა ვთქვა, რომ მიხაელი მართალი ყოფილა“, - ამბობს დი მონტეძემოლო და დასძენს,
რომ ფეტელს უფრო სასურველ პილოტად მიიჩნევს, ვიდრე ლუის ჰამილტონს.
პირველ რიგში, ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ
ფეტელი უფრო ახალგაზრდაა. მეორეც, ჰამილტონი უკვე თავის მეორე გუნდშია. ლუკა კი
თვლის, რომ როდესაც პილოტი მესამე გუნდში გადავა, ის თავისი კარიერის მეორე ნახევარს
იწყებს. თუმცა, მას ალბათ არ ახსოვს ის ფაქტი, რომ „რედ ბულამდე“ ფეტელი „ტორო
როსოში“ და „ბეემვეში“ იყო, კიმი რაიკონენს კი, სანამ ფერარიში მიიწვევდნენ, უკვე
მოვლილი ჰქონდა „ზაუბერი“ და „მაკლარენი“, ალონსომ კი „ფერარიმდე“ „მინარდის“ და „რენოს“
ავტომობილებით იასპარეზა...
დი მონტეძემოლო არც იმის გახსენებას აპირებს, რომ
ფეტელმა „ფერარიზე“ თქვა, ბინძურ ილეთებს იყენებენ ჩემს წინააღმდეგო. ლუკას თქმით,
როდესაც ბრძოლით ხარ გახურებული, შეიძლება ემოციების მოთოკვა გაგიჭირდესო.
დი მონტეძემოლოს არც ის უნდა, რომ ერთდროულად გუნდში
ალონსოც ჰყავდეს და ფეტელიც. ახლა, როდესაც მეორე პილოტად მასა დაიტოვა, ლუკა
თვლის, რომ დროა, ახალი თაობის პილოტებიდან აარჩიოს მისი შემცვლელი. მან აღიარა,
რომ მხედველობის არეში ეყოლება სერხიო პერესი, ნიკო ჰულკენბერგი და რომენ გროჟანი.
„ძალიან მაინტერესებს, როგორ ივლის ჰულკენბერგი „ზაუბერში“
ჩვენი ძრავით. კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი მაინტერესებს, რომელიც გასულ სეზონში, რამდენჯერმე
პირველ წრეზე მეტისმეტად სწრაფი იყო. რა თქმა უნდ, მაინტერესებს, როგორი იქნება „მაკლარენში“
პერესი“, - ამბობს დი მონტეძემოლო, ვინც, ალბათ მიხვდით, ვისაც გულისხმობს „ერთ
ახალგაზრდა ბიჭში“ - გროჟანს.
No comments:
Post a Comment