VW won't let emissions scandal keep it from
racing
1 დეკემბერი
დიზელგეიტის სკანდალის მიუხედავად, რომელიც
მილიარდობით დოლარი დაუჯდება, რაც ბევრი პროექტის გაჩერებას გამოიწვევს, „ფოლკსვაგენის“
ჯგუფი თავისი სარბოლო აქტივობების შეკვეცას არ აპირებს. ამის შესახებ, გამოცემა
„ავტოსპორტთან“ საუბრისას, თვით ჯგუფის ახალმა მთავარმა აღმასრულებელმა, მათიას
მიულერმა განაცხადა, ვინც ამ პოსტზე დანიშვნამდე, „პორშეს“ უძღვებოდა. მიულერმა
ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი ჯგუფისთვის ავტოსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოტორსპორტის პროგრამებს საფრთხე არ ემუქრება. არც
მათი დახურვის საშიშროებაა და არც მკვეთრი შეკვეცის, რადგან მოტორსპორტი ჩვენი ჯგუფის
და ბრენდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, ეს საკითხი არც წამოჭრილა“,
- ამბობს მიულერი, ვინც დიზელგეიტის შემდეგ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის შეფის თანამდებობაზე
მარტინ ვინტერკორნი შეცვალა.
„ფოლკსვაგენის“ პრაქტიკულად ყველა ბრენდი ჩართულია
მოტორსპორტის სხვადასხვა სახეობაში. საკუთრივ „ფოლკსვაგენის“ საქარხნო გუნდი უკვე
სამი წელია, არავის უთმობს რალის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას. რალიშივე,
ოღონდ შედარებით დაბალ დონეზე, ჩართული არის „შკოდაც“. „პორშეს“ და „აუდის“ დომინანტი
გუნდები ჰყავთ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონტსა და ლეგენდარულ ლე მანის რბოლაში.
„აუდი“ ასევე მონაწილეობს DTM-ის (გერმანიის ტურინგის ჩემპიონატი) სერიაში. გარდა
ამისა, „ოთხი რგოლი“, „ლამბორგინი“, „ბენტლი“ და „პორშე“ ჩართულნი არიან GT3 და GTE
კლასის რბოლებში. ამასთან, „ლამბორგინი“, „პორშე“, „სეატი“ და „აუდი“, საკუთარ მონო
სერიებსაც ატარებენ. ერთადერთი ბრენდი, რომელიც რბოლებში არ მონაწილეობს, არის „ბუგატი“,
რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, დიდი პრიზების ცირკში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
ძალა იყო.
სხვათა შორის, „პორშე“ გამძლეობაზე რბოლების
მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის რბოლაში, GTE კლასშიც ასპარეზობდა და მსოფლიო
ჩემპიონის წოდებას, პილოტების და გუნდურ ჩათვლაშიც დაეუფლა. კომპანია აქ საქარხნო
გუნდის გამოყვანას აღარ აპირებს, მაგრამ 911-ის ახალ სარბოლო ვერსიებს, კლიენტი
გუნდებისთვის მოამზადებს.
დაბოლოს, უკვე რამდენიმე წელი, არ წყდება ლაპარაკი
იმაზე, რომ „ფოლკსვაგენი“ ფორმულა 1-ში ძრავების მიმწოდებლად შესვლას აპირებს. პოტენციურ
პარტნიორად „რედ ბული“ მოიაზრებოდა. მაგრამ დიზელგეიტის შემდეგ, მხარეებს შორის
მოლაპარაკება შეწყდა. და მაინც, ვოლფსბურგელები არ აპირებენ ფ1-ზე უარი თქმას.
ოღონდ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რომელი ბრენდით გააკეთებენ ამას. „ბუგატი“
და „აუდი“ (აუტო უნიონის სახით) დიდი პრიზების რბოლების ძველი და წარმატებული მონაწილეები
არიან. „პორშე“ კი ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდითაც მონაწილეობდა და „მაკლარენთან“
ერთად, 1980-იან წლებში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა (სამჯერ). ამ სამიდან, ამჯერად
ყველაზე რეალური შანსი „აუდის“ აქვს, რომელიც ლე მანზე და გამძლეობაზე რბოლების
მსოფლიო ჩემპიონატში, წლების განმავლობაში იყო დაუმარცხებელი ძალა. ამ სეზონში კი
პირველობა „პორშემ“ ჩამოართვა. სავარაუდოდ, სწორედ „აუდის“ ერგება ფ1-ში ძრავების
მიმწოდებლის სტატუსით ჩართვის პატივი. ინგოლშტადტელებმა მომავალი სეზონისთვის სრულიად
განხლებული LMP1 კატეგორიის სარბოლო პროტოტიპი მოამზადეს.
შესაძლოა, ფ1-ში გადასვლამდე, ისინი ლე მანზე ტრიუმფალური აკორდისთვის ემზადებიან...
No comments:
Post a Comment