FIA president Jean Todt 'sorry' for 2016 Formula
1/Le Mans clash
7 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა
ჟან ტოდტმა ავტოსპორტის მოყვარულებს მოუბოდიშა იმის გამო, რომ ფორმულა ერთის ბაქოს
ეტაპი, რომელიც პირველად ჩატარდება, ლე მანის 24-საათიან რბოლას ემთხვევა. FIA-მ
უკვე დაასრულა იმ სერიების კალენდრების შედგენა, რომლებიც მისი ეგიდით ტარდება.
სამწუხაროდ, ახალ ვერსიებში ფ1-ის და ლე მანის რბოლის თარიღები გადაიკვეთა.
კერძოდ, ლე მანის ლეგენდარული რბოლა 18-19 ივნისს
არის დანიშნული, ბაქოში კი ევროპის დიდი პრიზის რბოლა 19 ივნისს გაიმართება. არადა,
კალენდრის იმ ვერსიაში, რომელიც ბერნი ეკლსტოუნს ჰქონდა შემუშავებული, ბაქოს რბოლა
17 ივლისს იყო დანიშნული. მაგრამ კალენდარი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფ1-ის გუნდებმა,
აგვისტოში ოთხკვირიანი არდადეგები მოითხოვეს.
კალენდარა მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა და
სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა აზერბაიჯანული ეტაპი ლე მანის თარიღზე. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ ნიკო ჰულკენბერგს არ მიეცემა „პორშესთან“ ერთად, წლევანდელ რბოლაში მოპოვებული
ტიტულის დაცვის საშუალება. ერთადერთი კომპენსაცია, რაც ტოდტს შეუძლია შესთავაზოს
ავტოსპორტის მოყვარულებს ისაა, რომ ორივე რბოლა სხვადასხვა დროს დამთავრდება. ეს
კი ტოდტის კი არა, ბაქოსა და ლე მანს შორის არსებული დროის სხვაობით იქნება განპირობებული.
„კალენდრის შედგენა ძალიან რთული საქმეა, რადგან ჩვენ
უნდა გავანაწილოთ ფ1-ის 21 რბოლა, ფორმულა E-ს 10 რბოლა, გამძლეობაზე რბოლების
მსოფლიო ჩემპიონატის 10 რბოლა და რალის მსოფლიო ჩემპიონატის 14 რბოლა. რომელიმე კალენდრის
ისე შედგენა, რომ სხვასთან არ გადაიკვეთოს, ძალიან რთულია. შესაძლოა, ერთ ან ორ
მრბოლს არ მიეცეს ლე მანზე გამოსვლის საშუალება. სამწუხაროდ, უკეთესის შედგენა ვერ
შევძელით“, - ამბობს ტოდტი.
თუმცა, კალენდრები ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა.
FIA საბოლოო ვერსიებს, მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს ბოლო (ამ სეზონის ბოლო) სხდომის
შემდეგ გამოაქვეყნებს. შესაბამისად, „პორშე“ აცხადებს, რომ თავისი ეკიპაჟების
საბოლოო შემადგენლობას სწორედ ამის შემდეგ გამოაქვეყნებს. თუ ლე მანის და ბაქოს
ეტაპის თარიღები მაინც გადაიკვეთა, გერმანულ გუნდს ჰულკენბერგის შეცვლა მოუწევს.
ამისთვის კი ცუფენჰაუზენელები უკვე ემზადებიან - ბაჰრეინში, ამ სეზონის ბოლო
რბოლის შემდეგ, ისინი ტესტებს ჩაატარებენ, რომელშიც მონაწილეობას ხუან პაბლო
მონტოია მიიღებს...
No comments:
Post a Comment