Montoya plays down Le Mans rumours after Porsche
WEC test
24 ნოემბერი
ხუან პაბლო მონტოია ამბობს, რომ არ აპირებს ლე
მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს,
ბაჰრეინის ტრეკზე, „პორშეს“ სარბოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდით“ წარმატებული ტესტები
ჰქონდა. როგორც კოლუმბიელი პილოტი ამბობს, ტესტებში მონაწილეობა, ფორმულა 1-ის ორი
ყოფილი ინჟინრის მიწვევით მიიღო.
მონტოიას ფორმულა 1-ში მონაკოს დიდი პრიზი აქვს
მოგებული და ორჯერ გაიმარჯვა ინდი 500-ში. ლე მანზე გამოსვლის შემთხვევაში, მას დიდი
სამეულის მოგების რეალური შანსი ექნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „პორშე“
ლე მანის ბოლო გამარჯვებულია და მომავალ სეზონშიც მთავარი ფავორიტი იქნება. მაგრამ
„უილიამსის“ და „მაკლარენის“ ყოფილი პილოტი ამბობს, რომ მხოლოდ ინდიქარზეა ფოკუსირებული,
სადაც „პენსკეს“ გუნდის წევრია.
„ფრიც ენზინგერს და ანდრეას ზიდლს ფორმულა ერთიდან
კარგად ვიცნობ და ძალიან გამიხარდა, როცა მათ „919 ჰაიბრიდით“ ტესტებში მონაწილეობა
შემომთავაზეს. სამომავლოდ არანაირი გეგმა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ამაზე
არც კი გვილაპარაკია. ბაჰრეინში გასართობად ჩამოვედი, იმისთვის, რომ ამ საოცარი
მანქანით გამევლო და ეს მართლაც შესანიშნავი იყო“, - ამბობს მონტოია.
„ეს არის დღეისათვის ყველაზე დახვეწილი სარბოლო
ავტომობილი მსოფლიოში და საოცარი სათამაშო. ყველა ტიპის მანქანის მართვის
საშუალება მქონია, ამან კი განსაკუთრებული სიამოვნება მომანიჭა. მას დიდი
სიმძლავრე აქვს, არის ძალიან სტაბილური და ადვილად პროგნოზირებადი რომ არის, ზღვარზე
მართვისკენ გიბიძგებს. ამ მანქანაში ყველაზე მეტად სწორედ ეს მომეწონა. მანქანა
იმდენად კარგია, რომ მისი მართვისას, სიჩქარეს საერთოდ ვერ აღიქვამ. თავიდან
ძალიან გავოცდი, როცა ექსპლუატაციის 30-გვერდიანი ინსტრუქცია მომცეს. მაგრამ
ტრასაზე სირთულე საერთოდ არ მიგრძვნია“, - ყვება მონტოია.
ცნობისათვის, სამი დიდი რბოლა მხოლოდ ერთ პილოტს, ბრიტანელ
გრემ ჰილს აქვს მოგებული. ინდი 500 მან ერთხელ, 1966 წელს მოიგო, ასევე ერთხელ
(1972 წელს) აქვს მოგებული ლე მანის 24 საათი, მონაკოს დიდი პრიზი კი ხუთჯერ (1963-65,
1968 და 1969 წლებში) მოიგო, რისთვისაც მონაკოს მეფედაც კი მოიხსენიებდნენ. გარდა
ამისა, ორჯერ (1962 და 1968 წლებში) იყო ფ1-ის ჩემპიონი.
მოტორსპორტის
ისტორიაში სულ 17 პილოტია, ვისაც სამივე რბოლაში მიუღია მონაწილეობა და მათგან
ერთ-ერთი მაინც აქვს მოგებული. მონტოია ერთადერთი მოქმედი პილოტია, ვისაც ამ
სამიდან ორი აქვს მოგებული. ოღონდ, ლე მანზე (ჯერჯერობით) არასდროს გამოსულა.
No comments:
Post a Comment