Bahrain WEC: Webber crowned world champion as
Porsche prevails
21 ნოემბერი
მარცხნიდან: ჰარტლი, ვებერი და ბერნჰარდი |
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ
ვებერი და „პორშეს“ ეკიპაჟის (N17) კიდევ ორი წევრი - გერმანელი ტიმო ბერნჰარდი და
ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი, გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატის
გამარჯვებულები გახდნენ. სეზონის ბოლო ეტაპი (ბაჰრეინის 6 საათი), რომელიც
ბაჰრეინში დღეს გაიმართა, მათ მეხუთე ადგილი დაიკავეს, თუმცა ესეც საკმარისი
აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემპიონები გამხდარიყვნენ.
რბოლა პორშეს მეორე ეკიპაჟმა (N18) მოიგო, რომელსაც
შვეიცარიელი ნილ იანი, გერმანელი მარკ ლიბი და ფრანგი რომენ დუმასი მართავდნენ.
N17 ეკიპაჟმა სულ 5 ქულით აჯობა მეორეზე გასულ „აუდის“ N7 ეკიპაჟს, რომელსაც
გერმანელი ანდრე ლოტერერი, შვეიცარიელი მარსელ ფასლერი და ფრანგი ბენუა ტრელუიე
მართავდნენ. ოთხი რგოლის რჩეულმა გუნდმა ბაჰრეინის რბოლა მეორეზე დაასრულა, არადა
კარგა ხანს ლიდერი იყო და მოწინავე პოზიცია რომ შეენარჩუნებინა, ჩემპიონიც
გახდებოდა. „პორშეს“ N18 ეკიპაჟმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.
რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. „პორშე“ N17
სტარტზე პოულზე იდგა, თუმცა ტექნიკური პრობლემის (ძრავი) გამო, ორი დაუგეგმავი და
ხანგრძლივი პიტსტოპის შესრულებამ მოუწია, რის გამოც მდევრის როლში აღმოჩნდა.
პირველი პიტსტოპი რბოლის დაწყებიდან ნახევარ საათში გახდა საჭირო და მასზე 8 წუთი
და 35 წამი დაიკარგა. შედეგად, ავტომობილი პელოტონის კუდში აღმოჩნდა. თუმცა,
ბერნჰარდს ბევრი დრო არ დასჭირვებია იმისათვის, რომ მე-6 ადგილამდე ამოსულიყო.
ამასობაში კი მარცხენა უკანა მუხრუჭი „აუფეთქდა“ N8
„აუდის“, რის რემონტსაც ბევრი დრო დასჭირდა და ეკიპაჟმა რვა წრე დაკარგა. ამის
წყალობით, „პორშეს“ ეკიპაჟი მე-5 ადგილამდე დააწინაურა. არადა, ამ შემთხვევამდე,
„აუდის“ ორი ეკიპაჟი (N7 და N8) რბოლას ლიდერობდა, რაშიც ხელი პიტსტოპების
აგრესიულმა სტრატეგიამ შეუწყო. შუა
რბოლაში, N7 „აუდის“ უპირატესობამ N18 „პორშესთან“ 20 წამს მიაღწია, მაგრამ ამ
დროს ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და ეს უპირატესობაც გაქრა.
აქედან მოყოლებული, ორ ეკიპაჟს შორის ძალიან
დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ტრელუიემ (აუდი) და ლიბმა (პორშე) რამდენჯერმე „გაცვალეს“
ლიდერის პოზიცია და საბოლოოდ, ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებას ლიბმა მიაღწია. რბოლის
დასრულებამდ საათზე მეტი რჩებოდა, როცა N17 „პორშეს“ ვებერს, იმავე პრობლემის
გამო, კიდევ ერთი ზედმეტი პიტსტოპის შესრულებამ მოუწია, თუმცა ამჯერად მექანიკოსებმა
საქმე სწრაფად გააკეთეს და მართალია, ბოქსებში ორი წრე დაკარგა, ვებერს პოზიცია
აღარ დაუკარგავს. რბოლა მე-3 და მე-4 ადგილებზე „ტოიოტას“ ეკიპაჟებმა დაასრულეს.
No comments:
Post a Comment