One Of The Most Legendary Ferraris Ever Made Is
Looking For An Owner
8 ნოემბერი
მალე „RM სოთბისის“ აუქციონზე „ფერარის“ წარმოების
ისეთი ავტომობილი გამოვა, რომელიც მარანელოელთა სარბოლო წარსულის ერთ-ერთ
გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს. ის ასევე ლეგენდარული არგენტინელის, ხუან მანუელ
ფანხიოს სახელს და ლეგენდარულ რბოლა მილე მილიას უკავშირდება. ლაპარაკია „ფერარი 290
MM-ზე“, რომელიც იტალიურმა კომპანიამ სპეციალურად ფანხიოსთვის, მილე მილიაზე
საასპარეზოდ დაამზადა.
„ფერარიმ“ მხოლოდ ოთხი ცალი 290 MM გამოუშვა. ამ
ავტომობილს „სკალიეტის“ მიერ შემუშავებული ძარა აქვს. ოთხივე ეგზემპლარი კოლექციონერთათვის
ოცნების საგანია. როგორც „RM სოთბისის“ ავტომობილების სპეციალისტი პიტერ უოლმანი
ამბობს, რომ თანამედროვე სუპერ ავტომობილები არანორმალურად ძვირად ფასობს, მაგრამ
ისინი ახლოსაც ვერ მივლენ 290 MM-ს მსგავს ავტომობილებთან, რომლებსაც გამორჩეული
ისტორია აქვთ და მათს უზარმაზარ ფასს სწორედ ეს განაპირობებს.
„ძნელი სათქმელია, რით უნდა დავიწყო ამ ავტომობილის
ისტორიის მოყოლა. ის რბოლების ისტორიაში შესაძლოა საუკეთესო პილოტისთვის დამზადდა
და 1950-იან წლებში, მას არაერთი შესანიშნავი პილოტი მართავდა. ამ ავტომობილის
შექმნაში თვით ენცო ფერარი იყო ჩართული. და ეს „ფერარის“ ფოლკლორის ფუნდამენტური ნაწილია.
ორიგინალობის გარდა, მას უჩვეულო წარმომავლობა და ისტორია აქვს, რაც იმ აზრამდე
ადვილად მიგიყვანთ, რომ თქვენს წინიშეა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და ფასეული
ავტომობილი მათ შორის, რომლებიც შეიძლება ღია ბაზარზე ოდესმე მოხვდეს“, - ამბობს უოლმანი.
აუქციონზე გამოსატანად გამზადებული ეგზემპლარის
შასის ნომერია 0626. ის ფანხიოსთვის სპეციალურად დამზადდა, რათა მას მილე მილიას 1956
წლის რბოლაში მიეღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ არგენტინელს ფორმულა
ერთში მსოფლიო ჩემპიონის ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული. ის აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი
V12
ძრავით, რომელიც 7200 ბრ/წთ-ზე 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი დახმარებით,
ავტომობილს მაქსიმუმ 280 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა შეუძლია.
მართალია, ფანხიომ იმ ათასმილიან რბოლაში მეოთხე
ადგილი დაიკავა, მაგრამ რბოლა მაინც 290 MM-მა მოიგო. ოღონდ, მას იტალიელი ეუჯენიო
კასტელოტი მართავდა. ამის შემდგ, ამ ავტომობილმა არაერთი რბოლის მოგება შეძლო, მათ
შორის, 1957 წელს ბუენოს აირესის 1000-კილომეტრიანი რბოლა.
No comments:
Post a Comment