დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 15, 2015

„დრაკან სპაიდერი“ - ადრენალინის საბადო კალიფორნიიდან

2015 Sector111 Drakan Spyder
15 ნოემბერი
100 000 დოლარი - ესაა ამ როდსტერის ფასი, რომელიც კალიფორნიულ კომპანია „სექტორ 111-ის“ მიერ არის დამზადებული. მას „დრაკან სპაიდერი“ ჰქვია და თავისი მფლობელისთვის, დაუვიწყარი ემოციების მინიჭება შეუძლია. სიმსუბუქე და ზომიერი სიმძლავრე არის „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილი ინჟინრის, შინუ მეპლტონის მიერ შექმნილი „დრაკან სპაიდერის“ მთავარი კონსტრუქციული თვისებები, რომელთა წყალობითაც, ის სწრაფი და მანევრულია.
„დრაკან სპაიდერი“ ერთი-ერთზე ურთიერთობას სთავაზობს თავის პატრონს. ის არაა აღჭურვილი რთული ელექტრონული დამხმარე სისტემებით, რომლებიც მართვით მისაღები სიამოვნების ნაწილს ართმევენ ადრენალინის მოყვარულებს. მწარმოებელი გვპირდება, რომ ამ ავტომობილის მართვისას, თავს სარბოლო ავტომობილის პილოტად იგრძნობთ. შესანიშნავი დინამიკის გარდა, ამას ის ფაქტიც უზრუნველყოფს, რომ „დრაკანს“ დაბალი საქარე შუშა აქვს.
როდსტერის მზიდი ელემენტი, ქრომ-მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებული მილებითაა შეკრული. ამით უზრუნველყოფილია როგორც სტრუქტურის სიმსუბუქე, ასევე სიმტკიცე და სხვადასხვა დატვირთვებისადმი მედეგობა. ავტომობილის ტანის ელემენტები, შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან მზადდება, ცალკეულ ელემენტებში კი ფიჭისებრი სტრუქტურაა გამოყენებული, რაც სიმსუბუქეს და სიმტკიცეს განაპირობებს. ცნობისათვის, ასეთი სტრუქტურა ფორმულა 1-ის ბოლიდების მონოკოკური შასის წარმოების დროსაც გამოიყენება.
„დრაკანი“ სულ რაღაც 907 კილოგრამს იწონის, რაც ამ ტიპის ავტომობილისთვის ცოტა არაა. თუმცა ეს არის იმ უზარმაზარი ძრავის დამსახურება, რომელიც ავტომობილს წარმოუდგენელ ტემპერამენტს ანიჭებს. ესაა „ჯენრალ მოტორსის“ წარმოების LS3 სერიის 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომელიც 430 ცხენის ძალას და 574 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი ბაზაში, გრძივადაა განლაგებული და მისი წყალობით, წინა და უკანა ღერძებს შორის წონა 40/60 პროპორციით არის განაწილებული.

ძრავთან „პორშეს“ წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი (G96) არის დაკავშირებული, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის. ავტომობილი სარბოლო ტიპის საკიდარზე დგას და მუხრუჭებიც სარბოლო ყაიდის აქვს. „დრაკან სპაიდერს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 265 კილომეტრია. ჩვეულებრივი საგზაო საბურავებით მოძრაობისას, ავტომობილს მოსახვევის 1.2g გადატვირთვით გავლის უნარი გააჩნია. „სექტორ 111“ მხოლოდ 10 ცალი „დრაკან სპაიდერის“ დამზადებას გეგმავს.

No comments:

Post a Comment