დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 20, 2015

კევინ მაგნუსენი „მაკლარენს“ დატოვებს

Kevin Magnussen to leave McLaren at the end of 2015 F1 season
20 ოქტომბერი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მაკლარენი“ თავის სარეზერვო პილოტ კევინ მაგნუსენთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. მის ნაცვლად, GP2-ის ჩემპიონ სტოფელ ფანდოორნის მიწვევა იგეგმება. 23 წლის მაგნუსენის გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც „მაკლარენმა“ ჯენსონ ბატონთან კონტრაქტი გააგრძელა და აშკარა გახდა, რომ დანიელ პილოტს მარქაფაში კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევდა. ეს კი მის გეგმებში არ შედიოდა.
„მაკლარენის“ შეფმა ერიკ ბუიემ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მაგნუსენს საპრიზო პილოტად სხვა გუნდში გადასვლაში ხელს არ შეუშლიდა. დანიელ პილოტს დებიუტანტ „ჰაასში“ გადასვლის შანსი აქვს, თუმცა მასზე მეტად, ამერიკულ გუნდში მეორე პილოტის ადგილის დაკავების შანსი მექსიკელ ესტებან გუტიერესს აქვს. თუმცა, მაგნუსენს მეორე, უფრო საინტერესო ვარიანტიც აქვს. ესაა „რენო“, რომელიც ახლანდელი „ლოტუსის“ ბაზაზე, კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ფ1-ს საკუთარი გუნდით.
„ლოტუსიდან“ ახლახანს ფრანგი რომენ გროჟანი სწორედ „ჰაასში“ გადავიდა. როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ „რენოს“ მიერ „ლოტუსის“ გამოსყიდვის შესახებ, დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობდა. „რენოში“ ვენესუელელი პასტორ მალდონადოს თანაგუნდელობის შანსი, ასევე ფრანგ ჟან-ერიკ ვერნს და „ლოტუსის“ ახლანდელ სარეზერვო პილოტ ჯოლიონ პალმერს (ბრიტანეთი) აქვთ.
მაგნუსენს მესამე ვარიანტიც აქვთ. ესაა „მენორი“, სად მოხვედრის შანსსაც კვლავ ინარჩუნებენ ამერიკელი ალექსანდერ როსი და ბრიტანელი უილ სტივენსი. გარდა ამისა, აუტსაიდერ გუნდში მოხვედრა „მერსედესის“ სარეზერვო პილოტ პასკალ ვერლაინსაც (გერმანიაში მცხოვრები მავრიკელი) სურს. „მენორი“ პილოტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
„კევინი 2014 წლის სეზონის დასაწყისში სულ სხვა იყო და იმავე სეზონის ბოლოს - სულ სხვა. მან 12 თვეში ბევრი რამ ისწავლა. სეზონის ბოლოს მაიძულებდა, ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე მევლო და ხშირად, ამ ზღვარსაც გავცდენივარ. არ ვიცი, დარჩენილი ვაკანსიებიდან, რომელიმეზე აიყვანენ თუ არა, მაგრამ შეიძლია ვთქვა, რომ ის აშკარად საუკეთესოა მათ შორის, ვისაც კონტრაქტი არავისთან აქვს. ნებისმიერ გუნდს სიამოვნებთ მივცემდი მისი აყვანის რეკომენდაციას. ის საკმარისად კარგი პილოტია არამხოლოდ იმისთვის, რომ ფ1-ში იყოს, არამედ იმისთვისაც, რომ ნებისმიერ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს“, - დანიურ გაზეთ BT-თან საუბრისას განაცხადა ბატონმა.
„მაკლარენის“ მფლობელმა რონ დენისმაც აღიარა, რომ არ სურს, მაგნუსენს რომელიმე გუნდში ადგილის მოპოვებაში შეუშალოს ხელი და მისი გაშვების გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე მიიღო. „ჩვენ არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მომავალ სეზონში კევინი „მაკლარენ-ჰონდაში“ მოქმედ პილოტად გვყოლოდა“, - განაცხადა დენისმა.
სხვათა შორის, „მაკლარენი“ მაგნუსენს ფ3-სა და ფორმულა „რენო“ 3.5-ში გამოსვლების დროს მფარველობდა. მეორეს ტიტულის მოპოვების შემდეგ კი, 2014 წელს თავისთან, საპრიზო პილოტად გადაიყვანა. მაშინ დანიელმა მექსიკელი სერხიო პერესი შეცვალა. მაგნუსენის დებიუტი მრავლის მთქმელი აღმოჩნდა - თავისი პირველივე რბოლა (ავსტრალია) მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ ფ1-ში დაბრუნებულ „ჰონდას“, გუნდში ორი ავტორიტეტული პილოტი სჭირდებოდა და „მაკლარენიც“ იძულებული გახდა, მაგნუსენის ნაცვლად, „ფერარიდან“ ფერნანდო ალონსო გადაებირებინა...

No comments:

Post a Comment