Motor racing-McLaren confirm Button to race on in
2016
1 ოქტომბერი
ჯენსონ ბატონი მომავალ სეზონსაც „მაკლარენში“
გაატარებს. ეს ინფორმაცია ბრიტანულმა გუნდმა სპეციალური განცხადებით გამოაქვეყნა. ამგვარად,
წერტილი დაესვა ვარაუდს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი თავისი
ფ1-ის კარიერის დასრულებას აპირებს.
ბარონის თქმით, მას სჯერა, რომ „მაკლარენი“ და მისი
პარტნიორი „ჰონდა“ დაძლევენ ახლანდელ პრობლემებს და იმ მიზნებს მიაღწევენ,
რომლებისთვისაც თანამშრომლობა დაიწყეს. ეს გარემოება მას თავდაჯერებულობას
ანიჭებს, რამაც გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება განაპირობა.
„ეს სეზონი ჩვენთვის იოლი ნამდვილად არაა. მაგრამ
ჩვენ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები აღმოიფხვრას. ეს კი
თავდაჯერებულობას გვმატებს და სწორედ ესაა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი“, -
ამბობს ბატონი, რომელმაც გუნდისგან იმის გარანტიაც მიიღო, რომ მომავალი სეზონის
დასრულების შემდეგ, მისივე გადასაწყვეტი იქნება კონტრაქტის გაგრძელება.
ფორმულა 1-ის მეორე ყველაზე წარმატებული გუნდისთვის
(ფერარის შემდეგ), მიმდინარე სეზონი ყველაზე წარუმატებელია - მუდამ
გამარჯვებისთვის მებრძოლი უოკინგელები მაჩანჩალებს შორის აღმოჩნდნენ. 14 ეტაპის
შემდეგ, „მაკლარენს“ კონსტრუქტორთა თასზე მე-9 ადგილი უკავია.
ბატონი „მაკლარენის“ ბოლო პილოტია, ვისაც რბოლა აქვს
მოგებული (2012 წელს). ამჟამად მის ანგარიშზე მხოლოდ 6 ქულაა. ბრიტანლი პილოტი,
ფორმულა 1-ის ახლანდელ პილოტებს შორის, ყველაზე გამოცდილია. თავისი ტიტული „ბრაუნ GP-სთან“
ერთად აქვს მოპოვებული, რომელიც „ჰონდას“ წასვლის შემდეგ, როს ბრაუნს დარჩა.
ბატონი წასვლაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდა. თუმცა „მაკლარენის“ შეფმა
რონ დენისმა გადააფიქრებინა.
„ჯენსონი და მე ბოლო რამდენიმე კვირის
განმავლობაში, მის სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით. ამ საუბრებმა, დღევანდელ
გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა, რომელიც ორივე მხარისთვის სასიამოვნოა“, - განაცხადა
დენისმა. მისივე თქმით, „მაკლარენს“ კონტრაქტის გაგრძელების უფლება ჰქონდა, რაც გუნდმა
ახლახანს გამოიყენა.
ამგვარად, მომავალ სეზონში ბატონს შანსი აქვს, გახდეს
ფ1-ის ისტორიაში მესამე პილოტი, ვინც 300-ზე მეტ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ამჟამად ასეთები მხოლოდ რუბენს ბარიკელო და მიხაელ შუმახერი არიან.
No comments:
Post a Comment