Ford Is Looking Towards the Gecko for Future
Technologies
27 ოქტომბერი
გლობალიზაციის გარდა, „ფორდს“ სხვა მიზნებიც აქვს. კერძოდ,
მისი მიზანი, გარემოსადმი მიყენებული ზიანის შემცირებაა. ამას კი გამონაბოლქვის
შემცირებით, მასალების მრავალჯერადი გამოყენებით და მათი მეორადი გადამუშავებით აპირებს.
ეს ყველაფერი, ცისფერი ოვალის მდგრადობის სტრატეგიის მთავარი შემადგენელია. და რაოდენ
გასაკვირიც უნდა იყოს, კომპანიის ინჟინრები და სხვა პროფილის მკვლევარები, პატარა ხვლიკისებრ
გეკონს შეისწავლიან, რათა მისი ფეხების თითების ბალიშებზე არსებული წებოვანების
საიდუმლო ამოხსნან და ავტომობილების წარმოებაში გამოიყენონ.
ერთი შეხედვით, ირონიულად ჟღერს იმ
ავტომწარმოებლისგან, რომელიც ამერიკაში და მთელს მსოფლიოშ ყველაზე პოპულარულ
პიკაპებს აწარმოებს, იმ ტიპის ავტომობილებს, რომლებიც არც საწვავის ეკონომიური
მოხმარებით გამოირჩევა და შესაბამისად, არც გარემოსადმი მზრუნველობით. და
საოცარია, რით უნდა დაეხმაროს პატარა ხვლიკის შესწავლა, ასეთი ავტომობილების
მწარმოებელს?
ჯერ ერთი, საწარმოო პროცესის მდგრადობისა და ამ
პროცესით გარემოს ნაკლებად დაზიანებისთვის, საჭიროა ისეთი მასალების ინტენსიურად
გამოყენება, რომლებიც კომპანიას მაკომპლექტებლების შემდგომი გადამუშავების და მასალების
ხელმეორედ გამოყენების საშუალებას მისცემს. ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა,
ისეთი წებოვანი ნივთიერებების გამოყენებაა, რომლებიც პლასტიკური მასისგან,
კომპოზიტებისგან და მეტალისგან დამზადებული მასალების ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფს.
ამ მიზნით ამჟამად გამოყენებული მასალები და ნივთიერებები, უმეტეს შემთხვევაში,
მათი ხელმეორედ გადამუშავების საშუალებას არ იძლევა.
მკვლევარები თვლიან, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში,
გეკონის, უფრო სწორედ, მისი თითების წებოვანი სტრუქტურის სათანადო შესწავლა
გამოადგებათ. სინამდვილეში, ამ პატარა ხვლიკის თითები წებოვანი არ არის, თუმცა მათი
დახმარებით, გეკონს ნებისმიერი დახრის მქონე (თუნდაც თავდაყირა მდგომარეობაში),
სარკესავით პრიალა ზედაპირზე მოძრაობა შეუძლია. უფრო მეტიც, რეპტილია წებოვნების არავითარ
კვალს არ ტოვებს და ისევე ადვილად შეუძლია ზედაპირიდან თითების მოშორება, როგორც
მასზე გადაადგილდება.
საინტერესო ფაქტი: საშუალო ზომის გეკონი დაახლოებით
70 გრამს იწონის. ასეთ პატარა არსებას, თავისი პატარა თითებით, გლუვ ზედაპირზე თეორიულად
(ამის ძალა რომ ჰქონდეს) დაახლოებით 132 კილოგრამი წონის მქონე საგნის დაკიდება
შეუძლია. სწორედ მისმა ამ თვისებამ გამოიწვია „ფორდის“ ინჟინერთა დაინტერესება.
ისინი თვლიან, რომ ამ თვისების კარგად შესწავლა, მათ ისეთი წებოვანი თვისების
მქონე მასალების შექმნამდე მიიყვანს, რომლებსაც ავტომობილების წარმოებაში გამოიყენებენ.
„ფორდის“ პლასტიკატებისა და მდგრადი მასალების კვლევის
ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი დები მილევსკი ამბობს, რომ ახალი ტიპის გადამუშავებადი
ადჰესიური მასალების შემუშავება და წარმოებაში დანერგვა, მის კომპანიას არამხოლოდ
თანხების დაზოგვაში დაეხმრება, არამედ გამოყენებული მასალების ხელმეორედ
გადამუშავების საშუალებასაც მისცემს, რითაც გარემოზე უარყოფითი გავლენა შემცირდება.
No comments:
Post a Comment