დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 17, 2015

ტურინგ ლაითმა მე-6 ეტაპი გამოტოვა

17 ოქტომბერი
... და ეს სულაც არ იყო გასაკვირი. ეს კლასი ყველაზე მეჩხერია და მართალია, დღეს შეიძლებოდა სასტარტო რიგის მინიმალურად შევსება, პილოტებმა მანქანების მოფრთხილება და ბოლო, მე-7 ეტაპისთვის შემონახვა ამჯობინეს. ჯერ ერთი, ეს იქნება სეზონის დახურვა და იმავდროულად, საერთაშორისო ეტაპი - „რუსთავი ინტერნეიშნლ ჩელენჯი“. მეორეც, სეზონის ბოლო ეტაპზე, ტურნიგ ლაითის და „ბეემვე“ კომპაქტ კლასს შეიძლება ერთად მოუწიოთ რბოლამ და იქ თავის გამოჩენა ყველას სურს.


ამის მიუხედავად, მე-6 ეტაპის პირველი დღეც ძალიან საინტერესო გამოდგა. სამივე რბოლა საინტერესო იყო და როგორც ყოველთვის, ყველაზე დაძაბული პაექრობა ისევ ლეჯენდსის კლასში ვიხილეთ, სადაც კვლავ ვერ იასპარეზა ETCC-ს ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ. ამჯერად ბრძოლა მხოლოდ მეორე ადგილისთვის გაიმართა, რადგან არჩილ ბიძინაშვილმა თავიდანვე შეძლო დაწინაურება და შუა რბოლისთვის, „უსაფრთხო“ მანძილზე ჩამოიტოვა მდევრები.


მართალია, ლეჯენდსში უსაფრთხო მანძილი არ არსებობს, რადგან თავიდან ჩამორჩენილი პილოტები ხშირად ახერხებენ ხოლმე მოწინავე ჯგუფის დაწევას, მაგრამ ამჯერად მდევრებს, გიორგი ბეჟიტაშვილს და გოგა არჯევანიძეს ეს არ გამოუვიდათ, რადგან ერთმანეთთან ბრძოლაში გაატარეს ათივე წრე. და ამ ბრძოლაში გამარჯვება, თავისუფლად შეიძლება მივულოცოთ ბეჟიტაშვილს, რომელმაც არჯევანიძეს რამდენჯერმე „გაუცვალა“ მეორე პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზეც ლეჯენდსის რბოლებს სწორედ ეს სამეული ჰყავდა მთავარ პერსონაჟად. მაშინ „ლიბერტი ბანკის“ პილოტებმა - არჯევანიძემ და ბიძნაშვილმა, ეულ ბეჟიტაშვილს გუნდური ტაქტიკა დაუპირისპირეს და მიზანსაც მიაღწიეს. ბოლოს კი ურთიერთპაექრობაში არჯევანიძემ იმარჯვა. ამჯერად ბეჟიტაშვილმა მათი ჰარმონია დაარღვია.


ფორმულა „ალფას“ რბოლის სტარტზე, სანდრო თავართქილაძე დაწინაურდა, რომელსაც ირაკლი ჩხეიძე მიჰყვა, თუმცა ხიდის შემდგომ მონაკვეთში, თორნიკე კიკნველიძესთან პოზიციისთვის ბრძოლაში გაერთო და ამით უმალ ისარგებლა თავართქილაძის თანაგუნდელმა შაკო ციხელაშვილმა და მეორეზე გადაინაცვლა. ერთი წრეც და თავართქილაძე ჩამორჩა, ლიდერობა კი ხელთ რომან ლებედევმა იგდო, რომელმაც ციხელაშვილსაც გაასწრო და მალე სოლიდური ჰანდიკაპით დაწინაურდა.





ერთი წრის შემდეგ, კიკნაველიძის მანქანამ სქელი კვამლი აუშვა - ძრავმა ვერ გაუძლო. ის მეორე S-მოსახვევთან გაჩერდა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. მან ერთი წრე ატარა პელოტონი, რის შემდეგაც, რბოლა მცირე ხნით შეჩერდა. და როგორც კი დაზიანებული მანქანის ევაკუაცია დასრულდა, რბოლა განახლდა. ლებედევს ციხელაშვილი, მევლუდ მელაძე, ჩხეიძე და თავართქილაძე მიჰყვნენ. რუსმა პილოტმა ისევ სწრაფად გაზარდა უპირატესობა, მეორეზე კი მალე ჩხეიძემ გადაინაცვლა, რომელსაც წინა რბოლა გაუცდა. ციხელაშვილი მესამეზე ჩამოქვეითდა.




კარგა ხანს ასე გაგრძელდა, რუსი სულ უფრო ზრდიდა უპირატესობას, მაგრამ მალე ტრასაზე ისევ პეისკარი გახდა გამოსასვლელი. ამჯერად ამის მიზეზი ციხელაშვილი გახდა, რომელსაც ტექნიკამ უმტყუნა და ამას ისიც დაემატა, რომ იმავე მეორე S-ში, სწორზე გასვლისას დატრიალდა. ისევ წითელი შუქი აინთო - რბოლა გაჩერდა და მართალია, მალევე განახლდა, მაგრამ განლაგებაში აღარაფერი შეცვლილა. ლებედევმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.


პირველი დღე „ბეემვე“ კომპაქტის რბოლამ დაასრულა, სადაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტმა პილოტმა იასპარეზა. მართალია, აქ ლიდერი მხოლოდ ერთხელ, პირველ ნახევარში შეიცვალა, მაგრამ სამაგიეროდ, რვა წრის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა მომენტი, როცა პირველ და მესამე ადგილებზე მყოფებს წამზე მეტი დააშორებდა.




სტარტზე ვანო მძელური დაწინაურდა, რომელსაც კვალში დიმიტრი ქობულია და ირაკლი კუხიანიძე ჩაუდგნენ. ეს სამეული მალევე მოსწყდა დანარჩენებს და ბოლომდ ახლოს არავინ გაიკარა. ერთხელ ქობულიამ შეძლო ლიდერობის ხელში ჩაგდება, მაგრამ მძელურმა მალევე დაუბრუნა ხურდა და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია. შუა რბოლისას კუხიანიძემ ქობულიას პირველ S-ში შეუტია და თითქმის მიაღწია კიდეც მიზანს, თუმცა უარეს ტრაექტორიაზე იყო და საბოლოოდ მანევრი ვერ დააგვირგვინა.


ფორმულა ალფა
პირველი რბოლა, 10 წრე
1. რომან ლებედევი                        19:42.496
2. ირაკლი ჩხეიძე                            3.040
3.მევლუდ მელაძე                          3.934
4. სანდრო თავართქილაძე            4.767
5. დავით რამიშილი                       8.329
6. დავით ბაგრატიონი                    16.155
7. კოტე თაყაიშვილი                      23.295
8. შაკო ციხელაშვილი                    1 წრე
9. თორნიკე კიკნაველიძე               8 წრე

ლეჯენდსი
პირველი რბოლა, 10 წრე
1. არჩილ ბიძინაშვილი                  19:55.592
2. გიორგი ბეჟიტაშვილი                7.531
3. გოგა არჯევანიძე                         7.814
4. დავით კაკაბაძე                            13.864
5. კსენია ნიკსი                                 54.681


BMW კომპაქტი
პირველი რბოლა, 8 წრე
1. ვანო მძელური                             16:51.628
2. დიმიტრი ქობულია                    0.499
3. ირაკლი კუხიანიძე                     1.177
4. ირაკლი კაკაურიძე                      13.601
5. სანდრო ლომაძე                          14.776
6. გიორგი ბაინდურაშილი            20.441
7. ჩანკატ ჰურმოღლუ                     21.282
8. დავით მენთეშაშვილი               21.727
9. გიორგი ალავიძე                          51.528
10. გიორგი ჯადუგიშვილი           57.168
11. გიორგი გამყრელიძე                 58.568
12. მიხა ტამასიძე                            1:05.780

No comments:

Post a Comment