Singapore to bring Red Bull car to life –
Ricciardo
13 სექტემბერი
დანიელ რიკარდო ირწმუნება, რომ სინგაპურის რბოლაში,
„რედ ბული“ ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. მისი თქმით, ამის იმედს ის
პროგრესი აძლევს, რომელიც მანქანას ბოლო კვირების განმავლობაში აქვს. საყოველთაო
აღიარებით, „რედ ბულის“ ბოლიდის აეროდინამიკა კვლავაც საუკეთესოთა შორისაა
პელოტონში. თუმცა გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში, ხელს „რენოს“ სუსტი და
არასაიმედო აგრეგატი უშლის.
მაგრამ სინგაპურის საქალაქო ტრეკ მარინა ბეიზე, სიმძლავრეს
ნაკლები მნიშვნელობა აქვს და სწორედ ეს გარემოება აძლევს ავსტრალიელ მრბოლს
ოპტიმიზმის საშუალებას: „არ მინდა, მეტისმეტი აღფრთოვანება გამოვთქვა, მაგრამ სინგაპურში
თავდაჯერებულობის საფუძველი გვექნება. ვფიქრობ, მანქანა სულ უფრო უმჯობესდება, რაც
ბოლო რბოლებში აშკარაა. სინგაპურში კი ის უფრო გამოცოცხლდება. იმედი მაქვს, რომ „ფერარის“
კვარცხლბეკზე ადგილისთვის შევეჯიბრებით“.
რიკარდომ მონცას რბოლა პელოტონის ბოლოდან დაიწყო და
ფინიშთან მერვე მივიდა, რასაც ის კვარცხლბეკს ადარებს. მან რბოლა „პრაიმ“
საბურავებით დაიწყო და პირველი პიტ სტოპი ყველაზე გვიან შეასრულა, რბოლ რეზინზე კი
რბოლის მიწურულს გადავიდა, რამაც შეტევის საშუალება მისცა. ბოლო მოსახვევში, მერვე
პოზიცია მარკუს ერიკსონს დაათმობინა.
„რბოლის მიწურულს კარგი სიჩქარე გვქონდა. პირველი
კომპლექტით კი სხვებზე დიდხანს დავრჩი ტრასაზე. უფრო გვიანი პიტსტოპიც შესაძლებელი
იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ ტრასაზე დაბრუნებული, დანილზე (კვიატზე) წინ უნდა
ვყოფილიყავი. მას პიტ სტოპი რამდენიმე წრით ადრე ჰქონდა. როგორც იყო, მე მანქანით კმაყოფილი
დავრჩი. ვიცით, რომ სწორ მონაკვეთებზე სიჩქარე გვაკლია. ჩვენი პაკეტით, ათეულში
შესვლაც კი ძნელი იყო. მაგრამ შასიმ ხელი შემიწყო. ის ძალიან კარგი სამართავია.
ჯერ კიდევ იტალიაში ჩასვლისას ვთქვი, რომ რბოლის მოწინავე რვაში დასრულება,
ჩვენთვის კვარცხლბეკის ტოლფასი იქნებოდა“, - ყვება რიკარდო.
ის
ასევე დასძენს, რომ სტარტის ახალმა პროცედურამაც, რომელიც ბელგიის დიდი პრიზიდან
შევიდა ძალაში, მის გამოსვლაზე დადებითად იმოქმედა: „იქნებ, ეს იღბალი იყო, მაგრამ
ბელგიაშიც და იტალიაშიც ძალიან კარგი სტარტი მქონდა. და ეს ამ რბოლებში ჩემ მიერ
დანახული კიდევ ერთი პოზიტივია“.
No comments:
Post a Comment