25 სექტემბერი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, წრიულ რბოლებში
საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ეტაპი გაიმართა. რბოლები კვლავ ოთხ კლასში - ფორმულა
„ალფაში“, ლეჯენდსში, კომპაქტსა და ტურინგ ლაითში ჩატარდა. მართალია, მონაწილეთა
რაოდენობა ოთხივეში შემცირდა, მაგრამ სამაგიეროდ, მაყურებელი დაძაბული პაექრობების
მოწმე გახდა.
პირველი რბოლა ტურნიგ ლაითში გაიმართა, სადაც დავით
მენთეშაშვილმა სტარტზევე შეძლო დაწინაურება და ბოლომდე ადვილად შეინარჩუნა
უპირატესობა. მართალია, ყველა მეტოქე შორს ჩამოიტოვა, მაგრამ ბოლომდე ტემპი არ
დაუგდია და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მეორე ადგილი იური მანგასაროვმ
დაიკავა, რომელმაც რბოლის მიწურულს შეძლო გიორგი კიკნაძის ჩამოტოვება. კიკნაძე კი
მესამეს დასჯერდა.
თუმცა, რბოლის შემდეგ, მსაჯებმა წესის დარღვევა დაუფიქსირეს
- კიკნაძემ თეთრი ხაზი ოთხივე ბორბლით გადაკვეთა, რაც ტრაექტორიის
გასაუმჯობესებლად გამოიყენა და მეტოქეებთან უპირატესობა მიიღო. საჯარიმო დროის დამატების
შემდეგ, ის მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. მესამეზე კი ალექს მარღანია დარჩა. ანალოგიური
ჯარიმით „დაუმძიმეს“ დროს პაატა კვესელავასაც.
ტურინგ ლაითი (8 წრე)
1. დავით მენთეშაშვილი 16:59.982
2. იური მანგასაროვი +11.377
3. ალექს მარღანია 15.406
4. გოგა გელაშვილი 27.402
5. რეზიკო ბიწაძე 37.963
6. გიორგი კიკნაძე 13.886
(ჯარიმა)
7. პაატა კვესელავა 23.608 (ჯარიმა)
მეორე რბოლა ლეჯენდსის კლასში გაიმართა და როგორც
ყოველთვის, აქ ყველაზე დაძაბული პაექრობის მომსწრენი გავხდით. ჯერ იყო და, მეორე
წრეზევე, ასპარეზობას დავით აფციაური გამოეთიშა, რომელიც ლიდერობისთვის კონტაქტური
ბრძოლის მსხვერპლი შეიქნა. ბედად, საბურავების დამცავ მწკრივთან მისი მანქანის კონტაქტი
რბილი გამოდგა. პილოტი ტრავმას გადაურჩა, რასაც მის მანქანაზე ვერ ვიტყვით.
თავიდან გოგა არჯევანიძე დაწინაურდა, რომელსაც
კვალში ერთბაშად სამი მეტოქე - არჩილ ბიძინაშვილი, გიორგი ბეჟიტაშვილი და დავით
კაკაბაძე ჩაუდგა. დაძაბულ ბრძოლაში, ბიძინაშვილმა შეძლო დაწინაურება და ლიდერის
პოზიცია ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. მის უკან კი, ერთმანეთთან პაექრობაში გართულმა
ბეჟიტაშვილმა და არჯევანიძემ ერთმანეთს შეცდომა დააშვებინეს და მართალია, რბოლის
გაგრძელება მოახერხეს, მაგრამ მეორეზე კაკაბაძემ გადაინაცვლა, ვინც მონაპოვრის
იოლად დამთმობი აღარ იყო.
სამწუხაროა, რომ ლეჯენდსის კლასში ასპარეზობა ვერ
შეძლო დათა ქაჯაიამ, ვისაც თავისი გუნდის პრობლემების გამო მოუწია უქმეობამ. მის
მსგავსად, ტრასაზე ვერც კონსტანტინე კოლიაშვილი და ფორმულა „ალფას“ ირაკლი ჩხეიძე
გამოვიდნენ. ამან კი რბოლებს მუხტი დააკლო, თუმცა ორივე მაინც ძალიან საინტერესო
გამოდგა. არც შოთა აფხაზავას უასპარეზია, რომლის გუნდ „არტლაინსაც“ გერმანიის
ნურბურგრინგზე, ფორმულა 3-ის ევროპულ სერიაში დებიუტი ჰქონდა.
ლეჯენდსი (10 წრე)
1. არჩილ ბიძინაშვილი 22:02.941
2. დავით კაკაბაძე +2.493
3. გიორგი ბეჟიტაშვილი 4.118
4. გოგა არჯევანიძე 4.120
5. უშო ნანავა 6.171
-. დავით აფციაური 10
წრე
მესამე რბოლა ფორმულა „ალფას“ კლასში გაიმართა. აქაც
თავიდან გამარჯვებისთვის რამდენიმე პილოტი იბრძოდა. სტარტზე მევლუდ მელაძე დაწინაურდა,
რომელსაც დავით რამიშვილი, სანდრო თავართქილაძე, თორნიკე კიკნაველიძე და შაკო
ციხელაშვილი ჩაუდგნენ. მალე თავართქილაძემ რამიშვილს გაუარა, რომელსაც
კიკნაველიძემაც შეუტია. თუმცა ამაოდ. ერთხანს ასე იარეს, შემდეგ კი ციხელაშვილს საკიდარი
დაუაზიანდა ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა.
შუა რბოლისას, თავართქილაძე ერთბაშად ორი პოზიციით ჩამოქვეითდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამაში ხელი ძრავმა „შეუწყო“. რამიშვილმა მეორეზე
გადაინაცვლა და მელაძეს ჩაუდგა კვალში, რომელსაც ორი წრის შემდეგ გაასწრო კიდეც და
პელოტონს სათავეში მოექცა. მელაძემაც შეუტია, მაგრამ რამიშვილმა რამდენჯერმე შეძლო
პოზიციის დაცვა. თუმცა, ბოლოსწინა წრეზე მათი ბრძოლა, კონტაქტით დასრულდა, რომელსაც
რამიშვილის „ალფას“ პირუეტი მოჰყვა. ამოყირავებულ მდგომარეობაში, მანქანამ დამცავ
რკალზე რამდენიმე ათეული მეტრი გაისრიალა და დამცავ ზოლში კიდევ ერთი პირუეტის
შესრულების შემდეგ, ბორბლებზე დადგა. ბედად, რამიშვილი სერიოზულ დაზიანებას
გადაურჩა, მხოლოდ ხელი გაეკაწრა და პულსი აუჩქარდა.
ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და მალე
მსაჯებმა რბოლის გაჩერების გადაწყვეტილებაც მიიღეს. ამ დროს წინ მელაძე იყო,
მაგრამ მსაჯებმა ის შედეგი დააფიქსირეს, რომელიც სტარტის ზოლის ბოლო გადაკვეთის მომენტში,
ავარიამდე რამდენიმე ათეული მეტრით ადრე იყო დაფიქსირებული. ამ მომენტში კი რამიშვილი
ლიდერობდა და გამარჯვებაც მას დარჩა. თუმცა, ამ რბოლის საბოლოო შედეგის განხილვა
გვიანობამდე გაგრძელდა და არაა გამორიცხული, რომ ის გადაიხედოს. ამიტომ, არც
დაჯილდოების ცერემონია გამართულა.
ფორმულა „ალფა“ (9 წრე)
1. დავით რამიშვილი
2. მევლუდ მელაძე
3. დავით ბაგრატიონი
4. კოტე თაყაიშვილი
5. სანდრო თავართქილაძე
6. თორნიკე კიკნაველიძე
7.
შაკო ციხელაშვილი
მე-5 ეტაპის პირველი სარბოლო დღე, კომპაქტის კლასის
რბოლამ დაასრულა. აქ სტარტზე ყველაზე მეტი მანქანა გამოვიდა და გამარჯვებისთვის
ბრძოლაც საინტერესო გამოდგა. სტარტიდან ფინიშამდე პირველობისთვის ვასიკო ჭონიშვილი
და ვანო მძელური ეცილებოდნენ. თითქმის არ ყოფილა მომენტი, როცა მათ შორის სხვაობა წამზე
მეტი ყოფილიყოს. მაგრამ ჭონიშვილი წარმატებით ახერხებდა მოწინავე პოზიციის დაცვას და
ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მძელური მას 0.339 წამით ჩამორჩა.
კომპაქტი (9 წრე)
1. ვასიკო ჭონიშვილი 18:58.959
2. ვანო მძელური 0.339
3. სანდრო ლომაძე 17.501
4. ირაკლი კუხიანიძე 17.865
5. დიმიტრი ქობულია 18.239
6. გიორგი ბაინდურაშვილი 18.734
7. გიორგი კირვალიძე 26.672
8. ჩანკატ ჰურმოღლუ 26.758
9. მიხა ტამასიძე 30.809
10. დავით ისახანაშვილი 43.349
11. გიორგი გამყრელიძე 43.757
12. ოთარ ალაშვილი 1:46.141
-. დავით ლაბარტყავა DNF
-. გიორგი ალავიძე DNF
No comments:
Post a Comment