Renault plans single, big-impact engine upgrade –
not small steps
11 აგვისტო
„რენოს“ ფორმულა ერთის ოპერაციების დირექტორი რემი
ტაფენი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი, V6 ჰიბრიდული აგრეგატის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას
გეგმავენ, რისთვისაც სრულად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ პირობით ქულებს, ეგრეთ
წოდებულ ტოკენებს. ფრანგულმა კომპანიამ სეზონისთვის სრულყოფილი აგრეგატის მომზადება
ვერ შეძლო და ამის გამო, მის კლიენტ გუნდებს - „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“
მეტოქეებთან ბრძოლა უჭირთ.
თუმცა ბარსელონას რბოლის შემდეგ, აგრეგატი საკმაოდ
სტაბილური გახდა იმისათვის, რომ ინჟინრებს მისი მახასიათებლების გაუმჯობესებაზეც
ეზრუნათ. და უნგრეთში „რედ ბულ-რენომ“ პირველ კვარცხლბეკსაც მიაღწია. „რენოში“
თვლიან, რომ სწორედ აგრეგატის გამძლეობის გაუმჯობესების შემდეგ დადგა მისი
შესაძლებლობების გაუმჯობესების დრო. ამისთვის „რენოს“ 12 ტოკენი აქვს, რომლებსაც სოჭის
ეტაპამდე სრულად გამოიყენებს.
„ჩვენ დიდი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, მაგრამ ეს
არ მოხდება სპაზე, ან მონცაზე. შესაძლოა, ეს სინგაპურისთვის მოვასწროთ, ან
სოჭისთვის, ან ამის მერე. როდესაც უნდა იყოს, ეს იქნება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი,
რაც ჩვენი პარტნიორების შედეგებს აუცილებლად დაეტყობა“, - ამბობს ტაფენი და
დასძენს, რომ ხშირად, მცირე გაუმჯობესებები უფრო ძვირი ჯდება და ნაკლებად შესამჩნევია,
ვიდრე დიდი ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, ჩამორჩენის მიზეზი ისაა, რომ „რენომ“
თავისი აგრეგატის სრულყოფა შედარებით გვიან დაიწყო, რაც სუბიექტური მიზეზებით იყო
გამოწვეული.
ტაფენი ამბობს, რომ მოდიფიცირებული აგრეგატის სასტენდო
გამოცდამ, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დააფიქსირა. ყველაფრის მიუხედავად,
ტაფენი თვლის, რომ ამის შემდეგაც, „მერსედესის“ დაწევა შეუძლებელი იქნება. თუმცა იმასაც
დასძენს, რომ ამაზე ფიქრიც კი არარეალური იქნებოდა და „რენოს“ ეს მიზნად არც
დაუსახავს.
„ჩვენ ვიცით, სად ვართ და მომავალი სეზონისთვის სად
გვინდა, რომ ვიყოთ. და ეს ნაბიჯი, რომელიც ცოტა დაგვიანებით ვდგამთ, მოწინავეთა
შორის ჩვენი დაბრუნების გეგმის ნაწილია. ჩვენ გვინდა ლიდერების დაწევა, მაგრამ მოდიფიკაციების
დაგეგმვისას, სიფრთხილეა საჭირო, რათა მაქსიმალურად შევძლოთ საკუთარი შესაძლებლობების
გამოყენება. ის, რაც სეზონის ბოლოს ჩვენს ხელთ იქნება, მომავალ სეზონშიც გამოგვადგება.
ეს ჩვენი ძირითადი პროგრამის ნაწილია. მაგრამ ასევე გვაქვს პარალელური პროგრამები,
რომლების წარმატებულობის შემთხვევაშიც, სიახლეებს ამ პროგრამებიდანაც დავნერგავთ“,
- ყვება ტაფენი.
მისივე თქმით, დიდ მოდიფიკაციამდე, აგრეგატზე მცირე
სიახლეებიც დაინერგება. მაგალითად, სპასა და მონცაზე შესაძლებელი იქნება ამ ძრავის
სრული პოტენციალით გამოყენება. გამოიყენებენ ახალ საწვავს და ისეთ სიახლეებს,
რაზეც ტოკენები არ დაიხარჯება. ტაფენმა აღიარა, რომ უნგრეთში „რენოს“ პარტნიორმა
გუნდებმა „ტოტალის“ ახალი საწვავით იასპარეზეს.
No comments:
Post a Comment