Fernando Alonso says McLaren's first 2015 F1
points "very possible"
9 მაისი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ ესპანეთის დიდი პრიზის
რბოლაში რეალური შანსია იმისა, რომ „მაკლარენმა“ პირველი ქულების აღება შეძლოს. ამ
სეზნში პირველად, „მაკლარენის“ ორივე პილოტმა შეძლო კვალიფიკაციის პირველი ეტაპის
გავლა. და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გრძნობს, რომ ათეულში შესვლა შეუძლია.
„ამ ადგილს ჩვენ ვიმსახურებთ. „მაკლარენების“ Q2-ში
გასვლა წინ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. ხვალ კი ჩვენ ქულებისთვის ბრძოლის შანსი პირველად
გვექნება. თუ კარგ სტარტს ავიღებთ და რბოლაშიც სწორ სტრატეგიას შევარჩევთ, მაშინ
გამორიცხული არაფერია. ხანგრძლივ გარბენებზე ჩვენი სიჩქარე საკმაოდ კარგია და
ამიტომ, ქულების კარგი შანსი გვექნება“, - ამბობს ალონსო და დასძენს, რომ ყველაზე
მთავარი რბოლის დასრულებაა.
ესპანელის თქმით, ქულების აღება მცირე ტრიუმფი იქნება
გუნდისთვის, რომელმაც ძრავების მიმწოდებელ „ჰონდასთან“ პარტნიორობის დაწყების შემდეგ,
სეზონი წარუმატებლად დაიწყო: „ფინიშთან მე-9, მე-10, ან თუნდაც მე-11 ადგილზე
მისვლა და ერთი-ორი ქულის აღება ის არაა, რასაც ვესწრაფვით. ჩვენ ამაზე გაცილებით
მეტი გვინდა. თუმცა ისიც მართალია, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოტივაციისთვის
თუნდაც ერთი ქულაც ძალიან სჭირდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ სიტყვიერ იმედებს
გამოვთქვამთ, მაგრამ თუ ქულების აღებას დავიწყებთ, ეს ძალიან დაგვეხმარება“.
აშკარაა, რომ „მაკლარენს“ სწრაფი პროგრესი აქვს,
თუმცა ალონსოს თქმით, გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენებასაც
აუცილებლად ეცდება: „გაუმჯობესების მარჟა გვაქვს. მანქანაზე ბევრი რამ გვაქვს
შესაცვლელი. ყველაზე მეტად კი ეს ძალურ დანადგარს ეხება. მეტი სიმძლავრე და უკეთესი
მართვადობა აშკარად იგრძნობა. ეს კი ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით.
მანქანის შესახებ სულ უფრო მეტ რამეს, ყოველ შემდგომ წრეზე, შემდგომ სესიაზე ვსწავლობთ.
ზამთრის ტესტები პრაქტიკულად არ გაგვივლია, ეს კი მხოლოდ ჩემი მეოთხე რბოლაა. ასე
რომ, გაცილებით მეტს ველით“.
No comments:
Post a Comment