დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 10, 2015

როსბერგმა ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო

Motor racing-Rosberg wins Spanish Grand Prix
10 მაისი
ნიკო როსბერგის დროც დადგა და სულაც არაა გასაკვირი, რომ მან ამ სეზონში თავისი პირველი გამარჯვება სწორედ ბარსელონას ტრეკზე მოიპოვა - ამ ტრეკზე წინა რვა რბოლა ყოველთვის განსხვავებული გამარჯვებული ჰყავდა. როსბერგი მეცხრე გახდა. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით მან ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახა, რაც მომდევნო ეტაპებზე, ლუის ჰამილტონთან პაექრობაში გამოადგება.
როსბერგმა სტარტიდანვე ადვილად შეინარჩუნე მოწინავე პოზიცია და მხოლოდ პიტსტოპების შესრულებისას დაკარგა ის, თანაც მხოლოდ მცირე ხნით. მისგან განსხვავებით, ჰამილტონმა სტარტი ჩააგდო და ამ დროს, სებასტიან ფეტელმა გაასწრო. უფრო მეტიც, ვალტერი ბოტასსაც ჰქონდა მისი გასწრების შანსი, თუმცა ამჯერად ჩემპიონმა პოზიციის დაცვა მოახერხა. ყოველივეს გამო, ჰამილტონის სარბოლო გუნდმა B გეგმაზე გადასვლა გადაწყვიტა, რაც სამ პიტ სტოპს გულისხმობდა.
რბოლა საინტერესო გამოდგა, ოღომდ არა იმიტომ, რომ მასში გამარჯვებისთვის რეალური ბრძოლა გაჩაღდა. ასეთი რამ არ ყოფილა - თავიდანვე როსბერგი ძალიან დამაჯერებელი იყო და მაშინაც კი, როცა ჰამილტონი მედიუმ საბურავებით გამოვიდა ტრასაზე, თავად კი ჰარდებით იყო, სადავეები ხელიდან არ გაუშვია. ფეტელმა კი ვერ შეძლო სტარტზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ფინიშთან კვლავ მესამე მივიდა. რაც მთავარია, ნარბოლევს მან აღიარა, რომ „ფერარის“ მიერ მანქანის განხლებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.
„შესანიშნავი სარბოლო კვირა იყო. მანქანა კვალიფიკაციაზეც და რბოლაშიც უნაკლოდ მუშაობდა. ყველაფერი კარგად აეწყო. თანაც, ძალიან კარგი ფაქტია, რომ ჩვენი დომინაცია კვლავ შთამბეჭდავია“, განცხადა როსბერგმა, ვინც თავის ფ1-ის კარიერაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა. და ეს ამ სეზონში „მერსედესის“ მესამე დუბლია.

ამგვარად, ხუთი რბოლის შემდეგ, ჰამილტონს 111 ქულა აქვს და ის 20 ქულას უგებს როსბერგს. თუმცა, ქულების დათვლა ჯერ ძალიან ადრეა, რადგან სეზონის დასრულებამდე 14 რბოლაა. მათ შორის დაძაბული მეტოქეობის მიუხედავად, მანქანის პარკში გაჩერების შემდეგ, ჰამილტონი გამარჯვებულთან მივიდა და პირველმა მიულოცა.
უფრო რბილი რეზინის მიუხედავად, რბოლის დასკვნით ნაწილში ჰამილტონმა ვერ შეძლო ლიდერთან ჩამორჩენის აღმოფხვრა. ამასთან, მას სარბოლო ინჟინერმა რადიოთი აცნობა, რომ მონტმელოს თავისებურებიდან გამომდინარე, როსბერგის გასწრება შეუძლებელი იქნებოდა და მეორე ადგილზე უნდა ეზრუნა. „შეუძლებელი?“ - იკითხა ჰამილტონმა და მაშინვე რადიოთივე უპასუხეს: „თუ სიჩქარეს გაზრდი, ისიც ასე მოიქცევა. ეს შეუძლებელია“. ჰამილტონსაც ისღა დარჩენოდა, მეორე ადგილს დასჯერებოდა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ტაქტიკის შეცვლის მიზანი, მხოლოდ დანკარგის აღმოფხვრა იყო. სტარტის ჩაგდების გარდა ხომ, მან ბევრი დრო პირველ პიტსტოპზეც დაკარგა.
რაც შეეხება ფეტელს, ის მესამე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ საერთო ჯამში უკმაყოფილო დარჩა, რადგან „ფერარის“ მიერ მანქანის მოდიფიცირების მიუხედავად, „მერსედესთან“ ჩამორჩენა კვლავაც დიდია. ასეა თუ ისე, ის მეოთხედ ავიდა კვარცხლბეკზე და კვლავ აჯობა კიმი რაიკონენს, რომელიც „უილიამსის“ ორ პილოტს შორის აღმოჩნდა.
ამჯერად ძრავმა აღარ უმტყუნა დანიელ რიკარდოს, რომელმაც რბოლა მე-7 პოზიციაზე დაასრულა, თუმცა გამარჯვებულს წრეზე მეტით ჩამორჩა. „რენოს“ ძრავებით მოასპარეზე პილოტებს შორის ის კვლავაც საუკეთესო იყო. სხვათა შორის, ათეულში შესვლა სამმა მათგანმა შეძლო.
კვლავ რთული რბოლა ჰქონდა „მაკლარენს“. ფერნანდო ალონსო შუა რბოლისას გაჩერდა. ამჯერად მას მუხრუჭებმა უმტყუნა. თანაც, ბოქსში რომ შევიდა, თავის ადგილს გასცდა და ლამის მექანიკოსი მოცელა. თუმცა ამან დროზე დააღწია თავი განსაცდელს. წინასწარი ვარაუდით, მწყობრიდან კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის ძრავი/გენრატორი გამოვიდა. ჯენსონ ბატონმა კი რბოლა მე-16 ადგილზე დაასრულა, რის შემდეგაც განაცხადა, მანქანა საშინლად სამართავია და არ მგონია, ამ სეზონში ქულა აგვაღებინოსო.

ესპანეთის დიდი პრიზი
მონტმელო, დისტანცია 307.104 კმ (4.655 კმ, 66 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:41:12.555
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:17.551
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:45.342
4. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                       00:59.217
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             01:00.002
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         01:21.314
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1 წრე
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1 წრე
9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1 წრე
10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1 წრე
11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1 წრე
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1 წრე
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1 წრე
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1 წრე
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1 წრე
17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      3 წრე
18. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          4 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          21 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)    40 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:28.270, 54-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 111 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 91; 3. სებასტიან ფეტელი - 80; 4. კიმი რაიკონენი - 52; 5. ვალტერი ბოტასი - 42; 6. ფელიპე მასა - 39; 7. დანიელ რიკარდო - 25; 8. რომენ გროჟანი - 16; 9. ფელიპე ნასრი - 14; 10. კარლოს საინს უმცროსი - 8; 11. მაქს ფერსტაპენი - 6; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 13. სერხიო პერესი - 5; 14. მარკუს ერიქსონი - 5; 15. დანილ კვიატი - 5

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 202 ქულა; 2. ფერარი - 132; 3. უილიამს-მერსედესი - 81; 4. რედ ბულ-რენო - 30; 5. ზაუბერ-ფერარი - 19; 6. ლოტუს-მერსედესი - 16; 7. ტორო როსო-რენო - 14; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 11; 9. მაკლარენ-ჰონდა - 0; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment