დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 16, 2015

არივაბენემ სამიზნეში „მერსედესი“ ამოიღო

Arrivabene says Ferrari must target Mercedes now
16 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლაში „ფერარის“ კარგი გამოსვლის შემდეგ, მარანელოელთა შეფმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ ამიერიდან, მისმა გუნდმა ყურადღება „მერსედესთან“ ჩამორჩენის შემცირებაზე უნდა გადაიტანოს. გასული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, მარანელოელების ახალწვეულმა სებასტიან ფეტელმა კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა და უიღბლობა რომ არა, კიმი რაიკონენს მეოთხე ადგილის რეალური შანსი ჰქონდა.
გასულ სეზონში „ფერარიმ“ დიდი რეორგანზაცია დაიწყო. კომპანია და გუნდი ლუკა დი მონტეძემოლომ, სტეფანო დომენიკალიმ და ფერნანდო ალონსომ დატოვეს. ამის მიუხედავად, სკუდერია აშკარად უკეთ გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, მელბურნში გამოჩნდა, რომ სამქიმიანების შემდეგ, ყველაზე სწრაფები სწორედ კვიცები არიან.
არივაბენე ამბობს, რომ „სკუდერიამ“ უკვე შეძლო „რედ ბულის“ და „უილიამსის“ დაწევა და ახლა „მერსედსის“ ჯერია: „როგორც ადრე ვთქვი, ჩვენი უპირველესი მიზანი, ჩვენს წინ მყოფი „უილიამსის“ და „რედ ბულის“ დაწევა იყო. ახლა მთავარია, თავდაჯერებულობა მოგვემატოს და „მერსედესის“ ბიჭებთან ჩამორჩენაც შევამციროთ“.
„მთავარია, აღებული გეზი გავაგრძელოთ, ვიმუშაოთ და იმ პროგრამას აუჩქარებლად და პანიკის გარეშე გავყვეთ, რომელიც შევიმუშავეთ. გუნდს თანდათან დაუბრუნდება საბრძოლო სულისკვეთება. მაგალითად, დღეს არ გვყავს სტრატეგიის ინჟინერი, რის გამოც, გუშინ კვალიფიკაციისას გვქონდა პრობლემა. ეს იმიტომ, რომ სტრატეგიის გარეშე ყოფნა იგივეა, რაც ნისლში იახტით ძალიან სწრაფად ცურვა!“, - დასძენს არივაბენე.
ის ამბობს, რომ გუნდის გამოსვლით კმაყოფილია. როგორც ტიფოზი, ასევე კმაყოფილია, მაგრამ როგორც გუნდის შეფი, ნახევრად კმაყოფილი დარჩა, რადგან ერთი მანქანა გაჩერდა. ამიტომ ავსტრალიაში საქმე სანახევროდ გაკეთდა. სებასტიან ფეტელის მესამე ადგილი ტიფოზებისთვის ლამის გამარჯვების ტოლფასად იქცა. რეალობაში კი ეს მომავალი წარმატებების იმედის ჩასახვაა.
„რა თქმა უნდა, სები გახარებულია, რადგან „ფერარისთან“ ერთად კვარცხლბეკზე ასვლა, ფ1-ის მრბოლისთვის რაღაც განსაკუთრებულია. რაც შეეხება კიმის, როგორც კი ბოქსში დაბრუნდა, მაშინვე დაველაპარაკე. გუნდის უფროსს უნდა ესმოდეს თავისი მრბოლის და უნდა ამხნევებდეს. თუ ასე არ მოიქცევი, მხოლოდ ერთის წარმატებას იზეიმებ, მეორის უიღბლობას კი უყურადღებოდ დატოვებ, ეს ცუდად მოგიბრუნდება. ეს ბიჭები ერთად ძალიან კარგად მუშაობენ. ჩემი საქმე კი ისაა, რომ მათ შორის ბალანსი დავიცვა და კიმის თავდაჯერებულობაში შევუწყო ხელი. მე მას ბევრჯერ გავუმეორე, კიმი, შენ ჯოჯოხეთურად უბერავ და ძალიან კარგი დრო გაქვს. დარწმუნებული ვარ, კიმი თავის საქმეს იდეალურად შეასრულებს“.
არივაბენემ ის მომენტიც განმარტა, როცა რაიკონენის პიტსტოპის ინციდენტის შემდეგ, სამეთაურო პოსტიდან ბოქსში ჩავიდა და თავის ერთ-ერთ ინჟინერს ელაპარაკა: „ბოქსში იმისთვის ჩავედი, რომ ისინი დამემშვიდებინა, რომ პანიკა არ ყოფილიყო. ამასთან, იმის გაგებაც მინდოდა, თუ რა მოხდა. მან ყველაფერი ამიხსნა, რის შემდეგაც ვუთხარი, რომ დაწყნარებულიყვნენ და ყურადღებით ყოფილიყვნენ, მსგავსი რამ ხდება ხოლმე“.

No comments:

Post a Comment