Land Rover Refines Look Of 2016 Range Rover
Evoque, Adds New Ingenium Diesel
24 თებერვალი
ჟენევაში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, „ლენდ
როვერმა“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ განახლებული
ვერსიის ფოტოები გაავრცელა და მისი მახასიათებლებიც გაგვაცნო. სიახლეებია როგორც ექსტერიერსა
და ინტერიერში, ასევე ეკიპირებაშიც.
გარეგნულ ცვლილებათა შორის ყველაზე გამორჩეული შუქდიოდური
ფარებია. ასევე შეიცვალა რადიატორის ცხაურის მოყვანილობა, წინა ბამპერი და მის
ორივე კიდეში ჩასმული ზორბა ჰაერის ამღები. კაპოტზე ჰაერის გამომშვები ღრიჭოები
გაჩნდა. ბრიტანული კომპანია ჯერჯერობით ისევ არაფერს ამბობს ღია „ევოუკზე“, რომლის
პრემიერა ასევე ჟენევაშია მოსალოდნელი.
ასევე შეცვლილია ინტერიერიც, სადაც ცენტრალურ
კონსოლზე 8-დუიმიანი მრავალფუნქციური ეკრანი განლაგდა. ასევე ახალია სავარძლები და
კარის შიდა დეტალები, რომლებიც ახალი მასალებით და ახალ ფერებში გამოაწყვეს. უკანა
ბამპერში მოთავსებულია სენსორი, რომელიც ჟესტიკულაციაზე რეაგირებს და საბარგულის კარის
საკეტს გაგიხსნით. ამისათვის საკმარისია, რომ ბამპერის ქვეშ ფეხი გააქნიოთ. ამის
შემდეგ კარი საკეტზე აღარ იქნება და ხელით ჩვეულებრივად გააღებთ. ოღონდ, ეს იმ
შემთხვევაში მოხდება, როცა მანქანის ელექტრონული გასაღები ჯიბეში ან მანქანში დევს.
გარდა ამისა, ავტომობილი უსაფრთხოების ახალი
სისტემებითაც აღიჭურვა. მათ შორისაა ზოლში მოძრაობის შენარჩუნების სისტემა, ავტომტური
საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, რომელიც თავისით დაადგენს ავარიულ სიტუაციას და ავტომობილს
გააჩერებს. ეკიპირებაშია უახლესი სისტემა, რომელიც მძღოლის თვლემას და დაღლას აფიქსირებს
და მას ამის შესახებ აფრთხილებს. პარალელურად, ყველა დამხმარე სისტემას
ააქტიურებს.
ძრავების გამაში მთავარი ისევ 2.0-ლიტრიანი
ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავია, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან
წყვილში 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. მალე კი ამ ძრავს უახლეს
სერია ინჯენიუმის ბენზინის ოთხცილინდრიანი აგრეგატი შეუერთდება, ცოტა მოგვიანებით
კი გამას იმავე სერიის 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელიც დაემატება. ამ აგრეგატს
ფორსირების ორი ხარისხი ექნება, შესაბამისად, 150 და 180 ცხენის ძალით. მათგან
ყველაზე ეკონომიურით აღჭურვილი „ევოუკი“ ას კილომეტრს 3.46 ლიტრი საწვავით
გაივლის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი, მხოლოდ წინა ამძრავიანი რეჟიმით მოძრაბისას,
ატმოსფეროში მხოლოდ 109 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს, სრულ ამძრავიანის
შემთხვევაში კი ნახშირორჟანგის შემცველობა 125 გრამს მიაღწევს.
განხლებული „ევოუკი“ ევროპულ ბაზრებზე აგვისტოდან
გაიყიდება.
No comments:
Post a Comment