Jaguar Land Rover opens new £500m engine
manufacturing plant
3 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ძრავების უახლესი ქარხანა
აამუშავა, სადაც სერია ინჯენიუმის ძღავებს გამოუშვებს. ამ ძრავებით პირველად „იაგუარის“
უახლესი სედანი XE აღიჭურვება, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-3 სერიას უნდა
გაუწიოს. შემდგომში კი ამავე სერიის ძრავებს „ლენდ როვერის“ უახლესი „დისქავერი
სპორტი“ და „იაგუარ ლენდ როვერის“ სხვა მოდელებიც მიიღებენ.
ქარხნის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც დედოფალიც
დაესწრო, „იაგუარ ლენდ როვერის“ შეფმა, დოქტორმა რალფ შპეტმა განაცხადა, რომ ძრავების
მწარმოებელი ცენტრი, ბრიტანული ინჟინერიის კიდევ ერთი სახე გახდება. ის ქალაქ ვულვერჰემპტონის
მახლობლად მდებარეობს. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ქარხანაში
დასაქმებულთა რიცხვი 1 400-ს მიაღწევს. გარდა ამისა, როგორც ბრიტანული კომპანია აცხადებს,
ამ ქარხნის პარტნიორი მიმწოდებლების საწარმოებში დამატებით 5 500 სამუშაო ადგილიც
შეიქმნება.
ვულვერჰემპტონის ქარხანა სერია ინჯენიუმის ბენზინსა
და დიზელზე მომუშავე ოთხცილინდრიან ძრავებს გამოუშვებს, რომლებიც მაღალი
სიმძლავრით, საწვავის მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში მავნე მინარევების მცირე
შემცველობით იქნება გამორჩეული. ამ ქარხნის მშენებლობასა და აღჭურვაში ჯამში 500
მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა. მასში სამი ხაზია, სადაც სულ 150 რობოტიზებული
მანქანა იმუშავებს.
ძრავების ახალ ქარხანაში განხორციელებული სოლიდური
ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია „იაგუარ ლენდ როვერისთვის“. ჯერ ერთი, ორივე
ბრენდი სამოდელო გამებს აფართოებს, რაც ნიშნავს, რომ მათ მეტი ძრავი დასჭირდებათ.
მეორეც, პროექტი ინჯენიუმი თანამედროვე, ძალიან ეფექტური, ეკონომიური და ეკოლოგიური
ძრავების გამოშვებას ითვალისწინებს.
ამ სერიის ძრავებისთვის შემუშავდა არაერთი ახალი
ტექნოლოგია, რომელთა დახმარებითაც, დასახული მიზნების შესრულება შესაძლებელი გახდება.
მაგალითად, ოთხცილინდრიანი ძრავების წონა 80 კილოგრამზე ნაკლები უნდა იყოს, მათს
გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა კი ყოველ კილოგრამზე 100 გრამის
ფარგლებში მოექცევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი უახლეს ევრო6
სტანდარტს დააკმაყოფილებს. სერია ინჯენიუმის ყველა ძრავის ცალკეული ცილინდრის მუშა
მოცულობა 0.5 ლიტრია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი ძრავის შემუშავება შედარებით
იაფი დაჯდება. ამასთან, გაიზრდება ძრავების საზიარო მაკომპლექტებლების რიცხვი, რაც
საბოლოო პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს.
პირველი ძრავი, რომელსაც ვულვერჰემპტონის ქარხანა
გამოუშვებს, არის 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომელიც ფორსირების ორი ხარისხით
გამოვა. ერთის სიმძლავრე 161 ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 380 ნიუტონმეტრი
იქნება, მეორისა კი - 178 ცხენის ძალა და 430 ნიუტონმეტრი. ამ ძრავით პირველი „იაგუარ
XE“
აღიჭურვება, შემდეგ კი - „ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“.
No comments:
Post a Comment